კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

„დეცე ლახვრა“ – ცის ფანჯარა კავკასიონზე

08.01.2018 • 6172
„დეცე ლახვრა“ – ცის ფანჯარა კავკასიონზე

სვანეთი – რა გახსენდებათ პირველი, როცა საქართველოს ერთ-ერთი კუთხის სახელს გაიგონებთ? სვანური კოშკები? უშბა თუ თეთნულდი? მზით ამონათებული შხარა თუ უშგულის პანორამა? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე სვანეთზე ცისფერი, გამჭვირვალე, ხმაურიანი ნენსკრა წარმომიდგება თვალწინ. არსად მანამდე მსგავსი შეფერილობის მდინარე არ მინახავს და მგონია, ერთხელ თუ ნახავს ადამიანი ჭუბერის მწვანე ხეობაში ჩაფლულ ამ ფირუზისფერ სასწაულს, შეუძლებელია დაავიწყდეს.

სვანეთის გზაზე, ხაიშს რომ გასცდებით და ენგურზე გადებულ ხიდს გადაივლით, მესტიაში წასვლამდე, ჭუბერისკენ გადაუხვიეთ. ჭუბერის მთებში ლაშქრობა ერთი დიდი თავგადასავალია, ხოლო ის, ვინც მაშრი ჭალაში ერთხელ მაინც ყოფილა, ყოველთვის ბრუნდება უკან ან დაბრუნების სურვილი აქვს. ჭუბერში ბალზემოთა სვანეთისგან განსხვავებით, სვანური კოშკები არ არის. ამას თავისი მიზეზი აქვს, ხეობაში მეექვსე საუკუნეში შეწყდა ცხოვრება და მეცხრამეტეში განახლდა. 13 საუკუნის განმავლობაში ჭუბერი დაუსახლებელი იყო. მესტიაში, სვანეთის მუზეუმშია დაცული ლარილარის სამაროვანზე აღმოჩენილი ადრე ბრინჯაოს ხანის ნივთები. დაახლოებით ერთი წლის წინ სოფელ ლახამში ნაპოვნი მეტალურგიული ქურები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ასეულობით წლის წინ აქ დასახლებულმა ადამიანმა რკინის ენა იცოდა.

მდინარე ნენსკრა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

სვანეთის ბუნება კი ულამაზესი და მშვენიერია, მაგრამ ჩემთვის ამ კუთხეს უფრო მეტ მიმზიდველობას ის ადამიანები სძენენ, ვინც აქ ცხოვრობენ. მესტიის გზაზე სოფელი ბეჩოა, საიდანაც მწვერვალი უშბა ჩანს და სოფელი, სადაც მირანდა ცხოვრობს, საკუთარ მხარეზე, ისტორიასა და უშბაზე შეყვარებული გოგო.

„არსებობს ლეგენდა „დეცე ლახვრაზე“ – ანუ ცის ფანჯარაზე.  ზაფხულის ერთ დღეს, თითქოს ცა იხსნება და  ანგელოზი გადადის. თუ ამას ნახავ, სურვილი უნდა ჩაიფიქრო, აუცილებლად აგისრულდება. გამოთქმაცაა ჩვენთან, კარგი და დაუჯერებელი რამ რომ დაგემართება, გეტყვიან – „დეცე ლახვრა როქ აჯფეტა“, ანუ ცის ფანჯარა გაპობილა შენთვისო. ბებია ამბობდა, რომ ნახა ცის გახსნა და ინატრა – ჩემი ოჯახის არც ერთ შთამომავალს პური არასდროს მოაკლდესო. მე სულ მგონია სვანეთში ეს ცის ფანჯარა მუდმივად ღიაა, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ მისი ხილვის საშუალება,“ – მიყვება მირანდა.

„მურყვამ“ – კოშკი, „კოჯარ“ – კლდეები, „ლახვმიარ“ – ტაძრები, „ლახვარ“ – მთები, „ლცარ“ – წყლები –  ეს ისაა, რასთანაც სვანეთი ასოცირდება. სხვა ქვეყნებში არ ვიცი, მაგრამ ლატალის თემი, რომელიც 11 სოფელს აერთიანებს, ერთადერთია საქართველოში, სადაც 87 ნატაძრალი და წმინდა ადგილია შემორჩენილი. ლატალის თემში არსებულ ტაძრებში ხატებია განთავსებული. თუ რამდენად ძლიერი იყო სვანური სახელოვნებო სკოლა, ამას მესტიაში, სვანეთის მუზეუმის ნახვისას მიხვდებით.

მესტია
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ენგურს გაღმა მდებარე სვანეთის მუზეუმიდან მესტიის ულამაზესი პანორამა იშლება. არ ვიცი, საიდან დავიწყო იმ განძის შესახებ მოყოლა, რომელსაც მუზეუმი ინახავს. იქნებ ნუმიზმატიკის შეუფასებელი კოლექციიდან ან ოქროთი ნაჭედი ხატებიდან, მეცხრე საუკუნით რომ თარიღდება. იქნებ სვანი ოქრომჭედლების, გვაზავაისძეების სამი თაობის  ნამუშევრებიდან, ან იმ უძველესი ხალხის ნაჭედი ცულებისგან, რკინის ენას რომ ფლობდნენ და ოქროს ცხვრის ტყავით მოიპოვებდნენ.

მუზეუმში ქრონოლოგიურადაა დალაგებული სვანეთის მკვიდრთა ცხოვრება და განვითარება ადრებრინჯაოს ხანიდან თანამედროვეობამდე. მოგზაურობების დროს მუზეუმებს დიდად არ ვწყალობ ხოლმე, ვცდილობ ხალხთან მეტი კონტაქტი მქონდეს და მათგან წამოვიღო ცოცხალი ისტორიები. სვანეთი ამ მხრივ განსხვავებული აღმოჩნდა. მუზეუმიდან გამოსვლა ძლივს მოვიფიქრე. არასდროს მიფიქრია, რომ ხელნაწერი წიგნების სამუზეუმო ექსპოზიციას შეიძლებოდა იმხელა ემოციები გამოეწვია, თვალი ვერ მომეწყვიტა. ჰადიშის ოთხთავთან ერთად, პირველად აქ ვნახე კოლხური თეთრი, ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე-მესამე საუკუნეებით დათარიღებული პატარა ვერცხლის მონეტა. გინახავთ ან გაგიგიათ რამე „ცოდვის ქვების“ შესახებ? მსგავსი რამ მარტო სვანეთისთვისაა დამახასიათებელი. გახვრეტილ ქვებს სვანები გულზე იკიდებდნენ. სწამდათ, რომ ასე გამოისყიდდნენ ჩადენილ ცოდვას. ქვა ისე უნდა ეტარებინათ, არავის დაენახა, შეემჩნია. მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ხდებოდა ქვა სხვებისთვის შესამჩნევი. ეს გახვრეტილი ქვები სვანეთის მუზეუმშია დაცული.

თუ გსურთ ნახოთ სვანურად ამეტყველებული ქრისტიანობა, იოანე ნათლისმცემლის საოცრად მეტყველი, ხეზე შესრულებული  ან  წმინდა გიორგის ჭედური ხატი, რომელზეც წმინდანს მკვეთრად გამოხატული სვანური ნაკვთები აქვს, ან მაცხოვრის გამოსახულება, რომლიც ძალიან ჰგავს სვანი მამაკაცის აღნაგობას, მაშინ ამისთვისაც სვანეთის მუზეუმს უნდა ესტუმროთ.

მუზეუმშივეა დაცული ხეზე ნაწერი სვანური ისტორიული საბუთები, რომლებიც ქართული დიპლომატიკის ძეგლებია. ასეთი ფორმით საბუთები საქართველოში მხოლოდ სვანეთში, კალას თემში გვხვდება. აქვე ნახავთ უზარმაზარ საწესო-სარიტუალო ქვაბს, რომელსაც სვანები „ლელღენს“ ეძახიან. მსგავს ქვაბებს სამსხვერპლო საკლავის მოსახარშად იყენებდნენ. სპილენძის ფურცლებისგან შეკრულ უზარმაზარ ქვაბში შეწირული ხარი იხარშებოდა. ქვაბი, რომელიც სათემო დღესასწაულებზე სოფლის მოედანზე გაჰქონდათ და მასში შეწირულ ხარს ან ძროხას ხარშავდნენ, იმხელაა, ერთი ხარი თავისუფლად ეტეოდა. „ლელღენის“ ქვაბი სოფლის საკუთრება იყო და, როგორც წესი, ეკლესიის მინაშენში ინახებოდა ხოლმე, მომდევნო გამოყენებამდე.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

წლის ამ დროს სვანეთში ცოტა ტურისტია. 15 დეკემბრიდან არც ჰაწვალის საბაგირო მუშაობს, ცარიელია საოჯახო სასტუმრო სახლები და მესტიის ყველა კუთხეში გახსნილი კაფეებიც. მესტია და სვანეთის სოფლები სავსეა დიდი, ლამაზი ძაღლებით. სოფლის შუკაში ისე ვერ გაივლი, ფიქალით ნაგები რომელიმე ყორიდან უზარმაზარი თეთრი ძაღლი არ გადმოხტეს და არ აგედევნოს. არაფერს გერჩიან, მთავარია, არ შეგეშინდეს. ასე იყო სოფელ ლანჩვალშიც, სადაც ძველი სვანური სახლის ინტერიერის სანახავად ავედი. მესტიის ცენტრიდან სოფლამდე ოთხმა ძაღლმა მიმაცილა. მარგიანების ცნობილი მაჩუბსა (საცხოვრებელი სახლი) და კოშკში ყველაფერი ისეა შემონახული, გგონია სადაცაა საკურცხილიდან (მაჩუბის ცენტრში, ცეცხლის დასანთებ ადგილთან მდგარი სავარძელი, სადაც მახვში, ოჯახის უფროსი მამაკაცი ჯდებოდა) მახვში წამოდგება და კერასთან მიგიპატიჟებს. ლერგიმზე (ხის უზარმაზარი, გრძელი ძელსკამი) თითქოს სტუმრები ჩამომსხდარან და ქვეყნის საქმეებს არჩევენ. თუმცა ეს მისტიურობა  მაშინ ქრება, როცა ეზოში ორ სვანურ კოშკს შორის „ამოსულ“ თეთრ, ლურჯსახურავიან შენობას ხედავ. ძველი და ახალი არქიტექტურის არაჰარმონიულობა ვიზუალურ კონფლიქტს ქმნის და ამ კონფლიქტის გადაწყვეტა მხოლოდ შესაბამის უწყებებს შეუძლიათ, რომლებსაც აქვთ ბერკეტები, არ გასცენ მშენებლობის ნებართვები.

მერე უშგულში წავედი.

უშგულში წასვლამდე სულ ფიქრობ იმაზე, რამდენად იღბლიანი ხარ. ამოანათებს თუ არა შხარა, თუ ღრუბლის საბურველში გაეხვევა. მესტიიდან უშგულში რომ მივდიოდით, იფარს რომ გავცდით და კალას გზას დავადექით,  „დელიკას“ მძღოლმა თქვა, ახლა ჩემი ძმაკაცის ბებოს კაფესთან მივალთ და გემრიელ ყავას დავლევთო. კაფე ხის ოთხკუთხედი ქოხი აღმოჩნდა, რომელსაც ჰქონდა ხელით მინაწერი ინგლისურენოვანი აბრა – „ბუთულის და ირას კაფე“, ფანჯრებზე კი სხვადასხვა სტიკერი მიკრული. „კაფეში“ მოხუცი ცოლ-ქმარი დაგვხვდა. ქმარს, ანუ იგივე ბატონ ბუთულის, იმდენად ტიპიური სვანური სახე ჰქონდა, ნებართვის თხოვნაც კი დამავიწყდა, ისე დავიწყე ფოტოების გადაღება. მოიცადე ერთ წამსო, მითხრა ბუთულიმ და ქოხის სიღრმეში მიიმალა. რამდენიმე წამში ძველი, გახუნებული ფოტოთი გამოჩნდა ფანჯარაში, – „ასე გადამიღე, ხალხმა არ იფიქროს სულ მოხუცი იყოო“.

ბუთული და ირა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

უშგული ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

უშგული

ნოემბრის იმ ცივ და ნაცრისფერ დღეს, როცა უშგულის შუკებში ტალახი, ახალი არქიტექტურული შენობების უგემოვნება და უიმედობა ერთმანეთში იყო გადაზელილი, შხარა აღმოჩნდა ერთადერთი რამ, რისთვისაც ღირდა ასვლა. თანამედროვე არქიტექტურული სტილი და ძველი სვანური არქიტექტურა ერთმანეთთან მთლად ჰარმონიულად რომ ვერაა შერწყმული,  ჩემთვის ამის მასშტაბური სურათი უშგულია. საუკუნოვანი სვანური კოშკების გვერდით, რთულად აღქმადია წითელი თუნუქის ფურცლებით შეფუთული, თეთრი მეტალოპლასტმასის ფანჯრებიანი სახლი. ჩემ მიერ ნანახი უშგული და ის უშგული, რომელსაც მანამდე ფოტოებით ვიცნობდი, აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. წლის ამ დროის უსიცოცხლო ფერები, თანამედროვე შენობების სიმახინჯე და ძველი კოშკების ნანგრევები ერთდროულად უიმედობის, სასოწარკვეთილებისა და უსუსურობის განცდას გიჩენს. და ფიქრობ, რომ ადამიანთა უგუნურობას საზღვარი არ აქვს. ერთადერთი ლამარიას ტაძარი და მზით განათებული შხარა იყო, რომელმაც გადამაწყვეტინა, რომ ოდესმე, წლის სხვა დროს, ზამთარში ან გვიან გაზაფხულზე დავბრუნდები და ვნახავ იმ უშგულს, რომელიც ასე მოსწონთ სხვებს. თუმცა არ მგონია წელიწადის დროის ცვლილებამ არქიტექტურულ ნაგებობებზე მოახდინოს გავლენა.

თუ უშგულში ვერ ახვალთ, მულახის თემის სოფლებს შეგიძლიათ ესტუმროთ. კოშკები და თვალწარმტაცი პეიზაჟი იქაც მრავლადაა, ხალხი კი – უფრო გახსნილი, მხიარული და საინტერესო მოსაუბრე.

საქართველოს სხვა კუთხეებიდან მესტია იმითაც გამოირჩევა, რომ აქ შიდა სასოფლო ტრანსპორტი თითქმის არ მოძრაობს. ხოლო იმ ტრანსპორტის შესახებ, რომელიც სოფლებიდან მესტიაში ჩამოდის, ინფორმაციას არავინ გაძლევს. განრიგს არ გეუბნებიან არც ე.წ. სადისპეჩეროებში, არც ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში და არც თავად  მძღოლები არ გეხმარებიან. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მესტიაში ისეთივე მისტიურია, როგორც სვანური ლეგენდები. თან გჯერა, რომ არსებობს, მაგრამ ყველა გიმტკიცებს, რომ არ არსებობს. გადაადგილების ერთადერთი საშუალება კერძო ავტომანქანის დაქირავებაა,  რომელიც საკმაოდ ძვირია. მაგალითად, თეთნულდზე ან ჰაწვალზე რომ ახვიდე, 40-50 ლარი ღირს ავტომანქანის დაქირავება, უშგულში ასვლა კი – 150-200 ლარი. იმ შემთხვევაში, თუკი მარტო ხართ, ან ამ თანხის გადახდა სრულად თქვენი ბიუჯეტიდან გიწევთ, ან სხვა ტურისტებს უნდა შეუამხანაგდეთ და ისე წახვიდეთ სასურველი მიმართულებით.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: