სიახლეები

ნიკა რურუა: ყველა პროდასავლური ძალა ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა

13.06.2015 • 1991
ნიკა რურუა: ყველა პროდასავლური ძალა ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა

„ძალიან მაინტერესებს ადგილობრივი პრობლემატიკის გაგება, ადამიანებთან შეხვედრა, პირისპირ საუბარი. ამწუთას მთავარი მიზანი არის ჩვენი შეხედულებები გავუზიაროთ ხალხს და მათი პრობლემები გავიგოთ კარგად.

მოვისმინოთ და შემდეგ დიალოგის რეჟიმში გავაგრძელოთ ურთიერთობა. ბუნებრივია ურთიერთობა არის გათვლილი გრძელვადიან ურთიერთობაზე. ჩვენ არ ვართ ორგანიზაცია, რომელიც ფიქრობს დღევანდელ ან ხვალინდელ არჩევნებზე, ჩვენ ვფიქრობთ შორი პერსპექტივით ქვეყნის წინსვლაზე, ამიტომ გვინდა რომ ბევრ ადამიანს ჰქონდეს ჩვენი საზოგადოების შეასახებ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია და მათთვის ყველასთვის პროფესიონალი ხალხისთვის ღია იყოს „ივერიის“ კარები,“ – თქვა ნიკა რურუამ.

ნიკა რურუასთან ერთად შეხვედრას ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ  ვაშაკიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა,  საქართველოს ყოფილი ელჩი ეუთოსა და ავსტრიაში პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მამუკა გამყრელიძე.

ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები, მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე ექნება თუ არა საზოგადოებრივ მოძრაობა „ივერიას“  რაიმე სახის კავშირი პოლიტიკურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნიკა რურუა პასუხობს:

„მე ვიყავი მიხეილ სააკაშვილის კაბინეტის წევრი, თუმცა პარტიის წევრი  არ ვყოფილვარ არასდროს და „ივერიაც“ არ არის პარტია. ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა და ამიტომ გვინდა რომ ეს დარჩეს ასეთად, იმისთვის რომ ეს იყოს ბევრად უფრო ღია, ვიდრე ნებისმიერი პარტია. ღია ახალი ხალხისთვის, ადამიანებისთვის რომლებიც თავისი კომპეტენტური ხედვით ცდილობენ არსებულის გამოსწორებას. ჩვენ ამათ ყველას ბუნებრივ მოკავშირეებად მივიჩნევთ. მათ შორის ყველა პროდასავლურ ძალებს. ჩვენ ვართ სრულიად  დამოუკიდებელი ხალხი, მაგრამ ყველა პროდასავლური, ყველა თავისუფლებაზე, საქართველოს ერთიანობაზე, საქართველოს ევროპულობაზე ორიენტირებული ძალა არის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე.

კითხვაზე, რამდენად უკავშირდება მოძრაობის გეგმები მომავალ საპარლამენტო არჩევნებს რურუამ განაცხადა რომ „ყველაფერი უკავშირდება სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას“.

ნიკა რურუა

გადაბეჭდვის წესი