მთავარი,სიახლეები

„ბათომი“ ქალაქის მერს ისტორიული უბნების დამცავი რეჟიმების დადგენას სთხოვს

27.12.2017 • 2207
„ბათომი“ ქალაქის მერს ისტორიული უბნების დამცავი რეჟიმების დადგენას სთხოვს

საზოგადოება „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ღია წერილით მიმართავს და ისტორიულ უბნებზე დამცავი ზონების საზღვრებისა და რეჟიმის დადგენას სთხოვს:

„ისტორიული ქალაქებისა და ისტორიული უბნების ურბანული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ზოგადი დაცვითი ზონების დამტკიცება, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. კანონის მიხედვით, ზოგადი დამცავი ზონის დამტკიცების საფუძველია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, თუმცა შესაძლებელია, რომ საყრდენი გეგმის დამტკიცებას წინ უსწრებდეს გარკვეულ ტერიტორიებზე დამცავი ზონების საზღვრებისა და რეჟიმის დადგენა.

ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის დამუშავებასა და მისი ცალკეული შემადგენელი ნაწილების განახლებაზე (2007, 2015, 2017 წლები) სახელმწიფოს მიერ დახარჯულია ასობით ათასი ლარი, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე არა მხოლოდ ამ დოკუმენტაციის რეალიზაცია არ დამდგარა დღის წესრიგში, არამედ მათი განხილვაც კი არ მომხდარა. მსგავსი შინაარსისა და მოცულობის დოკუმენტაციის სათანადო წესით მომზადებას დიდი დრო სჭირდება (სავარაუდოდ 1,5-2 წელი); იქამდე კი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, სასწრაფო  ზომებია მისაღები კულტურული (მათ შორის, ურბანული) მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების მიზნით.

სულ ახლახან, 2017 წლის ნოემბრის თვეში, ბათუმის მერიას ჩაჰბარდა მერიის დაკვეთით შპს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტაცია ქალაქ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების შესახებ. განსხვავებით ამავე ორგანიზაციის მიერ რვა წლის წინ შედგენილი ანალოგიური დოკუმენტაციისაგან, ამჯერად დგინდება მხოლოდ დამცავი ზონების საზღვრები და არ არის შემოთავაზებული კონკრეტულ პარამეტრებში გამოსახული დაცვის რეჟიმები; უფრო ზუსტად – დაცვითი რეჟიმის შინაარსი იმდენად ზოგადია, რომ პრაქტიკულად იმეორებს “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”კანონის ცალკეულ მითითებებს.

ჩვენს ქალაქსა და რეგიონში უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში პრაქტიკაში დანერგილი არასწორი მიდგომების გათვალისწინებით ასეთი არაკონკრეტული ჩანაწერები ზრდის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესების საწინააღმდეგოდ სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების საფრთხეს, რაც ძალიან სერიოზულ საშიშროებას უქმნის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას.

ვფიქრობთ, რომ მხარს დაუჭერთ ჩვენს პოზიციას, რაც გამოიხატება შემდეგში: აუცილებელია ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციაში დაბრუნდეს ჩანაწერი დაცვითი რეჟიმის კონკრეტული პარამეტრების შესახებ (იხ. 2007 წლის გეოგრაფიკის მიერ შესრულებული „ქ.ბათუმის ისტორიული ნაწილის დაცვის, რეაბილიტაციის და პერსპექტიული განვითარების ხედვის“ 3.5.4 პარაგრაფი) და მერიამ ამ სახით ჩაიბაროს დოკუმენტი. ამის შემდეგ, დაინტერესებული მხარეების (პროფესიული, ფართო საზოგადოების) ჩართულობით მოხდეს საჯარო მსჯელობა ყოველი კონკრეტული პარამეტრის შესახებ მანამ, ვიდრე ის წარედგინება ბათუმის საკრებულოს დამტკიცებისთვის; საბოლოო შედეგად კი დაფიქსირდეს შეთანხმების შედეგად მიღწეული პარამეტრები.”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: