სიახლეები

ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო სეტ ტოპ ბოქსები ქართულ ბაზარზე

12.06.2015 • 3084
ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო სეტ ტოპ ბოქსები ქართულ ბაზარზე

 

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერას და მონიტორინგს ახორციელებს და ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული 2012 წლის დეკემბრიდან, დაინტერესდა, თუ  სად იყიდება „სეტ ტოპ ბოქსები“, რა რაოდენობის აპარატურაა შემოტანილი საცალო ვაჭრობის ქსელში და როგორია მათი ფასები.

 

 

IDFI-ის ცნობით 2015 წლის 2 ივნისის მდგომარეობით საცალო ვაჭრობის ბაზარზე უმეტესად ორი ტიპის „სეტ ტოპ ბოქსია“ შემოტანილი – Eurostar-ი და TV Star-ი, რომელთა ფასი 55-65 ლარამდე მერყეობს. Eurostar-ის წარმოებული სხვა მოდელები დაახლოებით 70-80 ლარი ღირს. ბაზარზე ასევე წარმოდგენილია Sven-ის ფირმის 95 ლარის ღირებულების „სეტ ტოპ ბოქსები“. ეს უკანასკნელი „არაი თუმოროუს“ მაღაზიათა ქსელში იყიდება. „ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ“ სოციალურად დაუცველი პირებისთვის Konka-ს ფირმის რისივერები შეიძინა. IDFI-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში Konka ამ მოწყობილობის შემოტანას საცალო ბაზარზეც გეგმავს.

 

 

“ბაზარზე ძირითადად წარმოდგენილია TV Star-ის მიერ წარმოებული სეტ ტოპ ბოქსების ორი მოდელი – TV STAR DVB-T2 516 და TV STAR DVB-T2 525. პირველ მათგანს, რომელიც შედარებით იაფი, 55 – 60 ლარი ღირს, არ აქვს RCA კაბელის შესაერთებელი. RCA იგივე სამფერიანი კაბელია, რომელსაც მოსახლეობა „ტულპანებს“ ეძახის. სწორედ ამგვარი კაბელი სჭირდება ძველ ტელევიზორებს „სეტ ტოპ ბოქსის“ მისაერთებლად (დაახლოებით 1-2 ლარად მომხმარებელმა შესაძლოა შეიძინოს SCART-ის სამფერა კაბელზე გადამყვანი მოწყობილობა). აღნიშნულ მოწყობილობას აქვს ასევე HDMI გამოსასვლელი ახალი ტელევიზორებისთვის ამგვარი კაბელით მისაერთებლად. TV Star-ის „სეტ ტოპ ბოქსებს“ მართალია HDMI კაბელის შესაერთებელი აქვს, თუმცა ეს კაბელი არ მოჰყვება და მისი შეძენა მომხმარებელს ცალკე მოუწევს” – წერია ანგარიშში. მათივე ცნობით შედარებით ძვირი – 60-ლარი ღირს მეორე მოდელი TV STAR DVB-T2 525, რომელსაც TV Scart-ის შეერთების შესაძლებლობაც აქვს, სამფერიანი (RCA) კაბელი არც მას უერთდება პირდაპირ, ამისთვის მომხმარებელს დამატებითი გადამყვანი დასჭირდება. გადამყვანის ფასი დაახლოებით ერთი ლარია.

TV Star-ის მიერ წარმოებული სეტ ტოპ ბოქსების დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია accdistribution-ია. მათ მიერ IDFI-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოტანილი აქვთ ოთხი ტიპის რესივერი –

TV Star DVB-T2 517
TV Star DVB-T2 516
TV Star DVB-T2 525
TV Star DVB-T2 525+Dolby

 

 

 

სამ მოდელს გააჩნია ქართული მენიუ და ინსტრუქცია. კომპანიის მიერ IDFI-სთვის მიწოდებული მონაცემებით მასდღემდე ბაზარზე შემოტანილი აქვს 62 340 ცალი სეტ ტოპ ბოქსი. 17 ივნისამდე კი დამატებით 133 368 ცალის შემოტანას გეგმავს. საგარანტიო ვადა პროდუქტზე არის 12 თვე, სერვის ცენტრში მიღებიდან 24 საათში ნივთი იცვლება ან შეკეთდება.

საცალო ბაზარზე განთავსდება ასევე ქართულ – აზერბაიჯანული კომპანია „AG მიკროელექტრონიქსი“-ს მიერ საქართველოში დამზადებული სეთ-ტოპ-ბოქსები. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით 23 ათასი ცალი რესივერს უახლოეს პერიოდში გამოუშვებენ საცალო ვაჭრობის ქსელში.

ყველაზე ძვირადღირებული Sven-ის ფირმის „სეტ ტოპ ბოქსებს“ (ხელმისაწვდომია „არაი თუმოროუს“ მაღაზიებში), რომლის ფასი 95 ლარია, მოჰყვება როგორც სამფერიანი (RCA) ასევე HDMI მისაერთებელი. თუმცა მაღაზიის წარმომადგენელთა განცხადებით, მარაგი ამ ეტაპზე ამოწურულია.

IDFI-ს ცნობით, 2 ივნისის მდგომარეობით, „სეტ ტოპ ბოქსები“ არ იყიდებოდა ტექნიკის ისეთ მსხვილ დისტრიბუტორებთან როგორიცაა „ტექნობუმი“, „სმაილი“, „ალტა“, „ოქეი“, „გალაქსი“.

 

 

ბათუმში მაღაზია „KTM ელექტრონიქსში“ არის შესაძლებელი „სეტ ტოპ ბოქსის“ ყიდვა. მისი ფასი 55 ლარია. ოზურგეთში სამ მაღაზიაში იყიდება აღნიშნული მოწყობილობა. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 150 ცალია. რესივერს არ მოჰყვება ტელევიზორთან მისაერთებელი კაბელები. TV Star-ის მიერ წარმოებული „სეტ ტოპ ბოქსები“ იყიდება გურჯაანშიც. მისი შეძენა „ელიტ ელექტრონიქსისა“ და „ბეკოს“ მაღაზიებში არის შესაძლებელი.

როგორც IDFI-ს ადგილობრივებმა აცნობეს, „სეტ ტოპ ბოქსები“ არსად იყიდება ფოთში, ზესტაფონში, ჩხოროწყუში, ჭიათურასა და ახალციხეში. სხვა გეოგრაფიულ წერტილებში ჩვენი ორგანიზაციის მიერ მონიტორინგი არ განხორციელებულა.

ნებისმიერი ტიპის „სეტ ტოპ ბოქსის“ შეძენისას აუცილებელია მომხმარებელმა მოითხოვოს:

– „სეტ ტოპ ბოქსის“ შემოწმება ადგილზე – მოწყობილობა უნდა იჭერდეს ქართულ არხებს და უნდა ჰქონდეს მეტრულ და დეციმეტრულ დიაპაზონებში სიგნალის მიღების შესაძლებლობა;
– დამატებითი კაბელების მიერთება და მისი შემოწმება – „სეტ ტოპ ბოქსს“ არჩევისას მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ სწორად შეარჩია ის კაბელი, რაც მის ტელევიზორს „სეტ ტოპ ბოქსთან“ დააკავშირებს. ასეთი სულ სამი ტიპის კაბელია – RCA (სამფერიანი, მოძველებული ტელევიზორებისთვის), HDMI (თანამედროვე ტელევიზორებისთვის) და Scart გადამყვანი. ადგილზევე უნდა მოხდეს გადამყვანი მოწყობილობების შეძენა და გატესტვა.

დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცხელ ხაზზე – 1480.

 

 

 

 

 

 

ანგარიშის სრულად სანახავად, გადადით ბმულზე.

 

გადაბეჭდვის წესი