სიახლეები

აჭარაში 2012-2014 წლებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 18 მილიონ ლარზე მეტი გაიცა

12.06.2015 • 1396
აჭარაში 2012-2014 წლებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 18 მილიონ ლარზე მეტი გაიცა

ორგანიზაციამ ინფორმაცია 59 მუნიციპალიტეტიდან და 12 თვითმმართველი ქალაქიდან, მათ შორის თბილისის რაიონებიდან, გამოითხოვა და აღმოჩნდა რომ 2012-2014 წლებში საქართველოს თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 100 მილიონ ლარზე მეტი გაიცა – ”გამომდინარე იქედან, რომ ცალკეული მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ/მერიამ ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია საერთოდ არ მოგვაწოდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაცემული პრემიებისა და დანამატების რიცხვი აღემატება ზემოხსენებულ მაჩვენებელს” – წერია ანგარიშში.


 “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ 2012 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, მთლიანად აჭარის რეგიონში მცირდება გაცემული პრემიების და დანამატების რაოდენობა, მაგრამ თვალში საცემია ბათუმში ამ თანხების ზრდის მაჩვენებელი – ”კონკრეტულად ეს ზრდის მაჩვენებელი ჭარბობს ბათუმის მერიაში, 2013 წელთან შედარებით 2014 წლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 500 000 ლარით არის გაზრდილი. აღასსანიშნავია, რომ 2014 წელს ზოგადად სახელფასო ანაზღაურების ფონდი 2 მილიონით შემცირდა ბათუმში. საკრებულოში 200 000-ით ნაკლები თანხაა გაცემული. ასევე თვალშისაცემია ის ტენდენცია, რომ 2014 წლის დეკემბრიდან აგვისტოს ჩათვლით საკრებულოს თანამდებობის პირებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და ფრაქციის კომისიის თავმჯდომარეს აქვთ აღებული ყოველთვიური პრემია, ხოლო დეკემბერში კი წინა თვეებში აღებული თითო პრემიის სამმაგი ოდენობა – 3 125 ლარი” – ამბობს ის.

 

მისივე თქმით ასეთივე მდგომარეობაა მერიის მაღალჩინოსნებთან :”კონკრეტულად საქმე ეხება ქალაქის მერს, ვიცე-მერს და ორ  მოადგილეს, მათ ჯამში აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით პრემიისა და დანამატის სახით დაახლოებით 105 000 ლარი აიღეს, ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი თანხაა და თუ გამოვიანგარიშებთ, ყოველთვიურად გამოვა თითოზე საშუალოდ 6000 ლარი” – ამბობს მალხაზ ჭკადუა. 

 

ანგარიშის მიხედვით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ პრემიების გაცემა ხდება მხოლოდ ერთი ბრძანებით – ”არანაირად არ გავქვს საშუალება ვიხილოთ ის არგუმენტაცია თუ, რა დამსახურებისთვის აძლევს ამა თუ იმ თანამშრომელს და თანამდებობის პირს, საკრებულოს თავმჯდომარე ან მერი პრემიას. ჩვენ ვითხოვთ, რომ პრემიის გაცემა იყოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამყარებული და ეს არგუმენტაცია იყოს წარმოდგენილი რომ ჩვენც ავინახოთ ყველაფერი” – ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორი. 


აღსანიშნავია, რომ ავტონომიური რესპუბლიკაში წლიდან წლამდე პრემიებისა და დანამატების გაცემის მაჩვენებელი მცირდება: 2012 წელს გაიცა – 6,3 მილიონი ლარი, 2013 წელს – 5,9 მილიონი ლარი, 2014 წელს კი 5,9 მილიონი ლარი.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად:

”არასრულყოფილი საკანონმდებლო რეგულაციების გამო, პრემიებისა და დანამატების გაცემის დამკვიდრებულმა მანკიერმა პრაქტიკამ სისტემური პრობლემის ხასიათი მიიღო. მიუხედავად მთავრობის არაერთი განცხადებისა, კვლავ გრძელდება პრემიებისა და დანამატების რეგულარულად გაცემის პრაქტიკა. ასევე, რიგ მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული პრემირებისა და სახელფასო დანამატების გაცემის წესი. არის შემთხვევები, როდესაც წახალისების მიზნით, საჯარო მოხელეები თანხას კონკრეტული ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთის შესაძენად იღებენ;


მუნიციპალიტეტების ნაწილში პრემიები თითქმის ყოველთვიურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცემა. ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს მხოლოდ ერთ სამართლებრივ აქტს, სადაც დასაბუთებული არ არის საჯარო მოხელეთა ფინანსური წახალისების საფუძველი;


„საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გაეწიათ რეკომენდაცია პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის მიღების შესახებ, თუმცა დადგენილება ამ ეტაპისათვის 71 მუნიციპალიტეტიდან 43 მუნიციპალიტეტმა მიიღო;


მუნიციპალიტეტის აბსოლუტურ უმრავლესობაში, როგორც წესი, პრემია სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით გაიცემა, (ახალ წელს, მარიამობას, დედისა და ქალთა, ასევე დამოუკიდებლობის დღეს), თუმცა ბევრგან პრემია და დანამატი არასადღესასწაულო პერიოდშიც აქტიურად გაიცემა;


რამდენიმე მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირებს სახელფასო სარგოს ოდენობაზე მეტი პრემია აქვთ აღებული.

გადაბეჭდვის წესი