დამალული ამბავი სკოლიდან

ნათიქი 14 წლისაა, თუმცა მეხუთე კლასშია. ქართული ენა კარგად არ იცის, რადგან ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ქართულენოვან სკოლაში ორი წელია სწავლობს. ნათიქი გასულ წელსაც მეხუთეკლასელი იყო. მასთან ერთად სწავლობდა ნათიქის უფროსი დაც, რომელიც ახლა 15 წლისაა. მან მეექვსე კლასში გადასვლა შეძლო, ნათიქმა კი – ვერა. აქ მოყვანილი ისტორიები ბათუმის ორ სკოლას უკავშირდება.

ნათიქს სკოლაში წასვლა არ უხარია, მეტიც, მისთვის სკოლა სასჯელივითაა. ის გასულ წელს კლასში ჩატოვეს, მიზეზი – ბიჭის ახლობლები ენობრივი ბარიერის გარდა კლასში არსებულ კონფლიქტურ გარემოს ასახელებენ. ნათიქი რამდენიმე თანაკლასელმა თავიდანვე აითვალწუნა. დასცინოდნენ იმის გამო, რომ ქართულად ვერ საუბრობდა, რომ ქართველი არ იყო. სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ და ძალადობდნენ ფიზიკურადაც. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

სასწავლო წლის მიწურულს ნათიქი ექვსი აგრესიული ბიჭის წინ მარტო აღმოჩნდა. აქედან ერთი მეშვიდეკლასელი იყო, ორი – მეათეკლასელი და სამიც – თანაკლასელი. ბიჭებმა ნათიქი წააქციეს და ფეხები ურტყეს.

„დასცინოდნენ მისი ეთნიკური განსხვავებულობის გამო და „აზერს“ ეძახდნენ. სახეში აფურთხებდნენ და მანდარინის ქერქებს აყრიდნენ. აგინებდნენ დედაზე, ცუდ სიტყვებს ეძახდნენ და ფიზიკურადაც ეხებოდნენ“, – გვიყვება კონფლიქტის დეტალებს მისი ერთ-ერთი თანაკლასელი, რომელიც დასძენს, რომ ნათიქის ჩაგვრისა და ცემის ფაქტს სკოლის მანდატურიც შეესწრო და „როცა ბიჭები ფეხებით შედგნენ, მანდატურმა ძლივს გაიყვანა მოძალადეები კლასიდან“. კლასში ამ ინციდენტს სხვა მოსწავლეებიც უყურებდნენ, თუმცა ნათიქი არავინ დაიცვა.

ერთ-ერთი თანაკლასელი გვიყვება, რომ ეს ბიჭები ნათიქის დასაც ავიწროებენ, „მერხიანად კედელზე მიახეთქეს. იყო შემთხვევა, როცა ჩანთა გადაუგდეს ფანჯრიდან, გოგონამ იტირა და დედა მოიყვანა. როგორც ვიცი, დედამ ოქმიც დაწერა მანდატურთან“, – გვეუბნება ნათიქის ყოფილი თანაკლასელი.

ბიჭები აგრესიულები არიან სხვა თანატოლების მიმართაც. „გოგონებს თმებში ტყლარწს გვაწებებენ. მეც ჩამაწებეს. ბაჩის სახეზე მიაწებეს ტყლარწი, მან ხელი მოუქნია და ისინი დაემუქრნენ, სკოლიდან ვერ გახვალო.“

იმიტირებული ფოტო. ფოტო: „ბათუმელები“/ მანანა ქველიაშვილი

კლასში ცემის შემდეგ ნათიქი რამდენიმე თვით სხვა ქალაქში წავიდა. ახალი სასწავლი წლის დაწყების შემდეგ კი, ის ისევ ამ სკოლაში დაბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნათიქი მათი თანაკლასელი აღარ იყო, ყოფილი თანაკლასელები მის ჩაგვრას მაინც აგრძელებდნენ. „ბუფეტში ვიყავი ჩასული, ფეხი დამიდეს და წამაქციეს“, – გვიყვება ნათიქი წინა დღით მომხდარ შემთხვევაზე. ის ცდილობს დეტალებზე ნაკლებად ისაუბროს, თუმცა აღიარებს, რომ რამდენიმე ბიჭი მას მუდმივად ავიწროებს. „მაგინებენ დედაზე, შუა თითს მაჩვენებენ. მანდატურს როცა ვეუბნები, ის მე მიყვირის“, – ამბობს ნათიქი.

„ბათუმელები“ ბავშვის დედასაც გაესაუბრა. შვილზე ძალადობის შემთხვევებს დედაც ადასტურებს: „ორი ბიჭი განსაკუთრებით ერჩის, არ ვიცი რატომ აითვალწუნეს. აგინებენ, სახეში არტყამენ. აზერი ხარ, ლაპარაკი არ იციო ეუბნებიან. ვაპირებდი მე თვითონ გავსწორებოდი მათ, მაგრამ დირექტორმა მითხრა ჩვენ მოვაგვარებთ საქმესო. არაფერი არ იცვლება. ბავშვს მაინც სცემენ“, – გვეუბნება ის.

ნათიქის თანაკლასელი ამბობს, რომ მათ სკოლაში ჩხუბი ხშირად ხდება. „დღეს მოხდა კიდევ შემთხვევა, მეთორმეტეკლასელმა მეშვიდეკლასელს თვალთან დაარტყა და ბავშვს სისხლი წამოუვიდა. ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა კი მეხუთეკლასელს ჩაარტყა მუცელში, ფეხსაცმლის კვალი მაისურზეც ემჩნეოდა. დირექტორი ეუბნებოდა იმ ბიჭს, უნდა გაგრიცხოო“.

ამ სკოლის მოსწავლეები არა მარტო თანატოლების მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ. მაგალითად, ერთ-ერთი მოსწავლე გვეუბნება, რომ მას სპორტის მასწავლებელი გაკვეთილზე ყელში წვდა. „იმ ოთახში შევედი, სადაც ჟურნალი და კალათბურთის ბურთები იყო. მითხრა აქ რა გინდაო. ყელში წამიჭირა და ამწია, თან ზურგშიც მირტყამდა. მე ხელი მოვუქნიე. დამრიგებელს რომ ვუთხარი როგორ მომექცა, მან მე მომახდევინა ბოდიში“, – გვეუბნება ზურა. ინციდენტს მისი თანაკლასელიც ადასტურებს.

„ჯერ სახეში დაარტყა და ზურა დავარდა. ზურამ რატომ მირტყამო და ხელი მოუქნია. ამაზე გაბრაზდა მასწავლებელი და ყელში წაუჭირა. ყელის ორივე მხარეს წითლად ემჩნეოდა ზურას“, – გვეუბნება ის.

ზურა ამბობს, რომ სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ოჯახში არ უსაუბრია. „მინდოდა მამაჩემისთვის მეთქვა, მაგრამ ვერ ვუთხარი, არც დედისთვის მითქვამს“, – ამბობს ის. ბავშვის ბებია კი, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის ფსიქოლოგიურ სიმყარეში ეჭვი ეპარება, შვილიშვილის მხარეს არ იჭერს. „კი მომეშალა ნერვები, მაგრამ… ახლანდელი ბავშვები ხომ იცი, დააშავებდნენ რამეს“, – გვეუბნება ის.

ბავშვები სპორტის მასწავლებლის მხრიდან მოზარდზე ძალადობის სხვა ფაქტსაც იხსენებენ. „შარშან ქათამაძეს წაუჭირა ხელი ყელში. ის ბავშვი ცუდად გახდა, მგონი სასწრაფოც მოვიდა. მანდატური, დირექტორი ყველა შემოვიდა. მაშინ დირექტორმა უთხრა, რამდენჯერ გითხარი ეს აღარ განმეორდესო. ის ბავშვი სკოლიდან გადავიდა“.

რატომ ვერ უზრუნველყოფს სკოლა მოსწავლის უსაფრთხოებას და როგორ რეაგირებს ჩაგვრაზე? – ამ კითხვებით მივმართეთ სკოლის დირექტორს, თუმცა მან კითხვებზე პასუხის გასაცემად დრო ვერ გამონახა.

დირექტორი რკინის ჭიშკრის მეორე მხარეს იდგა და ბავშვებზე ძალადობისა და მოსწავლის ჩაგვრის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფდა. „ახლა დრო არ მაქვს სასაუბროდ. მსგავსი ფაქტების შესახებ არაფერი მსმენია“, – გვითხრა დირექტორმა და ჭიშკრის იქეთ გაუჩინარდა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ სკოლებში მომხდარი ყველა ინციდენტისა თუ კონფლიქტის შესახებ ინფორმირებულია. „ბათუმელების“ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სამინისტროს ინფორმაცია ნათიქის ცემასა და ჩაგვრაზე, მინისტრმა თქვა, რომ ინფორმაცია ჰქონდა. თუმცა მოგვიანებით სამინისტროში გვითხრეს, რომ „ინფორმაცია არ დასტურდება“. რა ინფორმაციაზე იყო საუბარი, კონკრეტულად რა მოიკვლიეს და რა არ დადასტურდა, სამინისტროს აღარ განუმარტავს.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სკოლებში ბულინგის მაჩვენებელი მაღალია. „სკოლაში ხშირია მოსწავლის დამცირება, ზედმეტსახელის დარქმევა, დაცინვა, ჭორების გავრცელება, გარიყვა, ფიზიკური შეურაცხყოფა, პირადი ნივთების დამალვა ან დაზიანება“, – ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, „გამოწვევად რჩება სავარაუდო ბულინგის, ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება, რადგან ისინი მოსწავლეთა შორის ბულინგის შემთხვევებს ბავშვურ ხუმრობად აღიქვამენ“.

მაგალითად, „ბავშვურ ხუმრობად“ შეფასდა ოქტომბერში ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტი, სადაც თანაკლასელებმა ერთ-ერთი ბავშვი ე.წ. „თამაშის“ დროს დააზიანეს. „ბავშვი დაეცა და თავი დაარტყა“ – ამბობენ სკოლაში. სკოლის ადმინისტრაციამ სასწრაფო დახმარებაც გამოიძახა და საქმე პოლიციის განყოფილებასაც გადასცა, თუმცა მომხდარი საბოლოოდ შეაფასეს როგორც „თამაში“ და არა როგორც ძალადობა.

დირექტორის თქმით, კონფლიქტები ან დაპირისპირების შემთხვევები ხშირად არ აღწევს ადმინისტრაციამდე, რადგან მოსწავლეები თვითონ ცდილობენ მოაგვარონ ურთიერთობა. „თუმცა იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა მერვეკლასელმა გვითხრა, „ვცდილობ ავუხსნა, მაგრამ არ გამომდის, ამიტომ დამეხმარეთო“.

დირექტორი ამბობს, რომ იყო ერთი შემთხვევაც, რასაც სკოლის გარეთ ჰქონდა გაგრძელება. „გოგო და ბიჭი იყო ჩართული ამ პროცესში, თუმცა, ვფიქრობ, მოვაგვარეთ ეს პრობლემა“.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეების გარკვეული ჯგუფი სკოლის ადმინისტრაციას არ ენდობა. „აზრი არ აქვს“, „არაფერი შეიცვლება“, არავის ვენდობი“, „უმჯობესია თვითონ მოვაგვარო პრობლემები“, – ამბობენ მოსწავლეები.

ბულინგი

ამ უნდობლობას ხშირ შემთხვევაში პედაგოგებისა და ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლის მიმართ არასათანადო ქცევა ან ძალადობა განაპირობებს.

მანდატურის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წელს ბულინგის მიზეზით სკოლიდან 14 პედაგოგი გაათავისუფლეს, 2017 წლის იანვრიდან დღემდე კი – 9 პედაგოგი. „აქედან ოთხი ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ გათავისუფლდა“.

სახალხო დამცველის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც სკოლებში ძალადობას შეეხება, გამოკითხულთა 60 პროცენტი მასწავლებლის მხრიდან ყვირილს ძალადობად არ მიიჩნევს. იმავეს ფიქრობს სკოლის თანამშრომლების 25.4 პროცენტი. ძალადობად არ მიიჩნევს მუქარას მოსწავლეთა 24 და სკოლის თამშრომელთა 11.9 პროცენტიც.

კვლევის მიხედვით, ძალადობასთან არ იგივდება: უსამართლოდ ნიშნის დაკლება, თანაკლასელების წინაშე ლანძღვა, მშობლის შეურაცხყოფა, დამამცირებელი სიტყვებით მიმართვა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ დღეს მასწავლებელთა თითქმის ასი პროცენტი სიტყვიერ ძალადობას ძალადობად არ მიიჩნევს. „მაშინ, როცა სწორედ სიტყვიერი ძალადობაა ყველაზე მტკივნეული ბავშვებისთვის. მასწავლებლებს გათავისებული უნდა ჰქონდეთ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მომავალში სიტყვიერ ძალადობას. ალბათ ამის შედეგია ძალადობის მაჩვენებლების ზრდა სკოლებში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმის აღიარება, რომ სკოლებში კონფლიქტები არსებობს. ნუ ვმალავთ პრობლემებს, რადგან ეს დამალვები და მიჩქმალვები გადაგვჩეხავს. როცა დირექტორი ამბობს, რომ მის სკოლაში ყველაფერი რიგზეა, იქ უკვე ჩნდება ეჭვი“, – გვეუბნება ლადო აფხაზავა.

პედაგოგის თქმით, სკოლებში აგრესიის მატების მიზეზია ისიც, რომ პედაგოგები ვერ პატიობენ მოსწავლეებს: „ვერც სიცილს, ვერც ღიღინს, ხუმრობას. ერთ-ერთ სკოლაში შევესწარი ფაქტს, როცა მასწავლებელი ამბობდა მოსწავლეზე – „ვერ გავაჩერე, იცინის“. ვუთხარი, რა არის ცუდი სიცილში-მეთქი, ბავშვი კი მიუბრუნდა და უთხრა: მასწავლებელო, მე ვიღიმი და ვიცი, პოზიტივი მომაქვს, თქვენ კი ბღავიხართო.

მე ზოგჯერ მსაყვედურობენ, შარშან ხომ გააკეთე ძალადობაზე პროექტი, ისევ რატომ აკეთებო. თაობები იცვლება და ყველა მათგანს სჭირდება განმარტება, საუბარი და სწავლება.“

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, 2016-2017 სასწავლო წელს ფსიქო-სოციალური მომსახურება 2002 მოსწავლეს გაეწია. ბულინგთან დაკავშირებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლებიდან 4 431 მიმართვა განხორციელდა. „აქედან 500-ზე მეტი სოციალური მომსახურების სააგენტოშია გადაგზავნილი, ყველა დანარჩენთან კი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი მუშაობს“.

სახალხო დამცველთან გაგზავნილი ინფორმაციის მიხედვით კი, 2016 წელს ბავშვის მიმართ ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა.

როგორი უნდა იყოს უსაფრთხო სკოლა, რა რესურსები უნდა ჰქონდეს სკოლას, რომ შექმნას უსაფრთო გარემო და რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს მასწავლებელი კლასის ეფექტური მართვისთვის? როგორ უნდა მოვახერხოთ ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებთან და მათ მშობლებთან თანამშრომლობა? – ეს არის კითხვები, რომლებსაც ბავშვზე ორიენტირებული სკოლის გზამკვლევი გვთავაზობს.

„ბათუმელები“ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, სოფიო გორგოძეს ესაუბრა. ის ერთ-ერთია მათგან, ვინც განათლების სფეროს სხვა ექსპერტებთან ერთად უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე იმუშავა.

სოფო გორგოძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის გუნდის პოზიცია ბულინგთან საბრძოლველად: „ჩვენ ყველა ვუყურებთ იმას, რას აკეთებს სახელმწიფო ამისთვის, მაგრამ სკოლაც უნდა ეცადოს, რომ ამ პირობებში თავისი წილი საქმე გააკეთოს. იმისათვის, რომ ბავშვს მივცეთ განათლება, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ რა განწყობით არის ბავშვი სკოლაში. თუ ის შეშინებულია და დათრგუნული, მაშინ ვერ განახორციელებ აკადემიურ მიზნებს. როცა ამას გაიაზრებს სკოლა და გააკეთებს შეფასებას, რა ვითარება აქვს ამ მხრივ, ეს დაეხმარება მას პრობლემის დაძლევაში“.

სოფო გორგოძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეების ნაწილი სკოლაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ხშირია მოსწავლეებზე ფსიქოლოგიური თუ სიტყვიერი ძალადობის ფაქტები:

„ერთ-ერთი კვლევის შედეგმა ისიც აჩვენა, რომ ბავშვები სკოლას უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევენ, ვიდრე ოჯახს. ეს ძალიან დამაფიქრებელია. ჩვენი საზოგადოება ძალადობად არ მიიჩნევს ისეთ გამოვლინებებს, როგორიცა, მაგალითად, ყვირილი, მსუბუქი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა. ის, რომ დედა ან მამა თავში წამოარტყამს შვილს, ან უყვირის იმის გამო, რომ გაკვეთილი არ მოამზადა ან საჭმელი არ ჭამა, ამაზე საზოგადოება არ ნერვიულობს, რადგან მშობელი ფიქრობს, რომ ამას შვილის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს. მასწავლებელსაც ჰგონია, რომ თუ მოსწავლემ არ იცის გაკვეთილი და ამის გამო კლასის წინაშე შეარცხვენს, მეორედ აღარ მოვა მოუმზადებელი. სინამდვილეში ძალიან ცუდ რამეს ვუკეთებთ ბავშვს, როგორც აკადემიური, ასე ფსიქოლოგიური განვითარების მხრივ – ძალადობით საპირისპირო შედეგებს მივიღებთ მხოლოდ.“

სოფო გორგოძის აზრით, ერთი შეხედვით, სკოლაში ყველამ იცის, რომ სიტყვიერი ძალადობა დაუშვებელია, მაგრამ რეალობა სხვა რამეს აჩვენებს. განათლების სპეციალისტს მიაჩნია, რომ ბავშვის აკადემიურ მოსწრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ მასწავლებლის მოლოდინია მის მიმართ.

„თუ მასწავლებელი თავიდანვე ეძახის ბავშვს დებილს და შტერს, ეს მოსწავლის მოტივაციას კიდევ უფრო აქვეითებს. მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება და განათლება არის ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი“.

სოფო გორგოძის თქმით, ბევრი სკოლა არ აღიარებს, რომ ბულინგის პრობლემა აქვთ, შესაბამისად, რეაგირებაც ნაკლებია. მეორე მხრივ კი, თუ დაფიქსირდა ჩაგვრის შემთხვევა, სკოლა არ არის მზად, ამ პროცესებს გაუმკლავდეს.

„არც მანდატურს, არც სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ტრენინგებს გადიან, არ აქვთ საკმარისი კომპეტენცია ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და კონფლიქტებს მართვის. მასწავლებლების გადამზადების დროს ძალადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები მაინც ზედაპირულად განიხილება. ორ დღეში მასწავლებელი ვერ მიიღებს ისეთ ინფორმაციას, რომ ყველა ფორმის ძალადობას გაუმკლავდეს სკოლაში. ამისთვის ცალკე სატრენინგო კურსია საჭირო“.

სახალხო დამცველის კვლევის მიხედვით, ბავშვების 25 პროცენტი ამბობს, რომ სკოლაში აზრის თავისუფლად გამოხატვა არ შეუძლია. „ბავშვები ფიქრობენ, რომ მას არ დაუჯერებენ ან დასცინებენ. და თუ ეს ბავშვი ჩაგვრის ობიექტია, ოდესმე იტყვის რამეს ამაზე?“ – ამბობს სოგო გორგოძე.

სპეციალისტის აზრით, ჯერ უნდა გავიგოთ რა პრობლემები გვაქვს, შემდეგ – ვაღიაროთ, „მხოლოდ ამის შემდეგ გახდება უფრო მარტივი მათი მოგვარება“.

მთავარ ფოტოზე: იმიტირებული ფოტო. „ბათუმელები“/ მანანა ქველიაშვილი 

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com