მთავარი,სიახლეები

სხალთელი მთავარეპისკოპოსი

21.01.2018 • 8719
სხალთელი მთავარეპისკოპოსი

სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონზე საუბრისას სოფელ ხიჭაურში ხმას იდაბლებენ ან პირზე ხელს იფარებენ – არავინ გაიგოს და ამბავი არ მიუტანოსო. ამბობენ, რომ მას ამბის მიმტანი ბევრი ჰყავს.

მანამ, სანამ ხელისუფლება ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციას ეკლესიას გადასცემდა, სხალთის მთავარეპისკოპოსი ყველაზე მეტ დროს ხიჭაურში ატარებდა. ახლა, ძირითადად, ბობოყვათში ათევს ღამეს. ის ხიჭაურში საპატრიარქოს მიერ დაარსებული უნივერსიტეტის რექტორია დაარსების დღიდან. მას შემდეგ კი, რაც სასწავლებელი სასულიერო გიმნაზიის დირექტორმა, ნუგზარ ზოსიძემ სკანდალურად დატოვა, გიმნაზიასაც თავად მართავს.

ოფიციალური მონაცემებით, ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ წელს მკვეთრად იკლო. თუ უნივერსიტეტი 2008-2013 წლებში ყოველწლიურად 200-მდე სტუდენტს იღებდა და ამას ემატებოდა მოსამზადებელ ჯგუფში მიღებული აბიტურიენტებიც, წელს უნივერსიტეტს მხოლოდ 37 სტუდენტი მიუღია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2016 წელს ეროვნულ გამოცდებზე სასურველი სასწავლებლების ჩამონათვალში საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი მხოლოდ 51-მა აბიტურიენტმა მიუთითა. 2014-2017 წლებში ხიჭაურის უნივერსიტეტიდან მობილობით ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 47 სტუდენტი გადავიდა.

შუახევში მსგავს ცვლილებას თავად მთავარეპისკოპოსს უკავშირებენ. აქ ამბობენ, რომ 2008 წლის შემდეგ, რაც უნივერსიტეტი გაიხსნა, მთავარეპისკოპოს სპირიდონს ხიჭაურში პოლიციის დახმარება ბევრჯერ დასჭირდა. ადგილობრივების თქმით, „მას დიდი ძალა აქვს“. სხალთის ეპარქიაში საკუთარი პოლიტიკის გატარებაში მთავარეპისკოპოსს პოლიცია ეხმარება, ხოლო იმისთვის, რომ მისი ხმა ქვეყანას გააგონოს – „იუთუბის“ არხი.

სპირიდონ აბულაძე

  • „აქ ხალხს მისი ეშინია“ – ხმაურიანი ამბების მდუმარე გმირები

საკუთარ ამბებზე, ძირითადად, არ საუბრობენ ამბის „გმირები“, ისინი, ვისაც სხალთის მთავარეპისკოპოსთან დაპირისპირება ჰქონდა ან აქვს. მკაცრი გაფრთხილებისა და კონფიდენციალურობის დაცვის პირობის შემდეგ საუბარს მხოლოდ „ამბის მაყურებლები“, მთავარი გმირების მეზობლები ბედავენ. ამიტომაც მონაყოლი ერთსა და იმავე ამბავზე რამდენიმე სხვადასხვა წყაროსთან გადავამოწმეთ.

თავიდან ყველაფერი სულ სხვანაირად, პოზიტიურად დაწყებულა:

„მეუფე სპირიდონს ხიჭაურში თბილად შეხვდნენ, უნივერსიტეტის გახსნამდე ამოდიოდა, სოფელში ყველას ტკბილად ელაპარაკებოდა და ეფერებოდა. შეხვედრებს უწყობდნენ, ფოტოებიც გვაქვს გადაღებული, საყოველთაო ნათლობები იმართებოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

ახლა აქ ხალხს მისი ეშინია.

დაზუსტებით გეტყვით, რომ პოლიციაც მას ემორჩილება და ვერც გამგებელი გაუბედავს ზედმეტს, თუნდაც რაიმე კანონთან შეუსაბამო გააკეთოს. ადგილობრივებთან დაპირისპირების შემდეგ, როცა საქმეში პოლიცია ერთვება, ყველაფერი ისე მთავრდება, როგორც სპირიდონს უნდა“, – ეს არის ზოგადი ამბავი, რასაც მთავარეპისკოპოს სპირიდონთან დაკავშირებით მოისმენთ, როგორც შუახევის მინიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, ისე ზემო აჭარაში.

ერთ-ერთი ხიჭაურელის თქმით, მთავარეპისკოპოსმა საკუთრება წაართვა აქაურ ოჯახებს და ამაში მას პოლიციაც დაეხმარა – ხიჭაურში დაპირისპირების ერთ-ერთი თემა ის ქონება გახდა, რომელიც მეპატრონეებს ყოფილი საბჭოთა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ჰქონდათ, სადაც ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი და სასულიერო გიმნაზია გაიხსნა. სამხედრო ნაწილი თავისი შენობებიანად სახელმწიფომ საპატრიარქოს ჯერ უზურფრუქტის წესით, შემდეგ კი სიმბოლურ ფასად – 1 ლარად საკუთრებაში 2007 წელს გადასცა, უნივერსიტეტი სწორედ ამ ტერიტორიაზე გაიხსნა.

„მეზობელს, ძია მიშას, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მაღაზია ჰქონდა, ძველი კაჩიგარიის შენობა გაარემონტა და ფართობი მიაშენა, ახალი „ჟეშტითაც“ გადახურა. თავისი სახსრებით გააკეთა ეს ყველაფერი.

მაღაზიის წინ სამი მაგიდა ედგა, სადაც კლიენტებს უმასპინძლდებოდა. ერთ საღამოს აქ მთავრობის ხალხმა შეიარა, ხულოდან მოდიოდნენ, ჩამოსხდნენ ძია მიშას მაღაზიაში და თითო ჭიქა არაყი დალიეს. მეუფემ ძია მიშა იმ საღამოსვე დაიბარა რეზიდენციაში და არყის გაყიდვა აუკრძალა, უთხრა აქ დალევა არ შეიძლებაო. არ გაჭრა ახსნა-განმარტებამ, რომ სტუმრები მთავრობიდან იყვნენ და უარის თქმა უხერხული იქნებოდა.

ასე დაიწყო შევიწროება.

ერთ მშვენიერ დღეს კი, მიშას არ ყოფნის დროს, დაკეტილ მაღაზიას რაღაც ქაღალდი მიაწებეს წარწერით – „შენობა დალუქულია“. ამის შემდეგ ძია მიშა რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, სოფელში ამბობდნენ სპირიდონი უთვლის, თავისი საქონელი გაიტანოს, შენობა ჩემიაო. ტომრებში ჩაუყარეს ნივთები. მანამდე პოლიცია მივიდა ძია მიშასთან და უთხრა, ხომ იცი მაგასთან არ გაგივა და სჯობს დანებდეო. ამის შემდეგ ძია მიშა სპირიდონს უთვლიდა, ჩემს დამონტაჟებულ რკინის ღობეს მაინც წავიღებო, არც ეს დაანება.“

მეზობლების თქმით, ეს ამბავი შეემთხვა მიშა ქარცივაძეს, რომელმაც ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვა. მას ახლაც აქვს მაღაზია იმ კორპუსებიდან ერთ-ერთის პირველ სართულზე, სადაც ყოფილი სამხედროები ცხოვრობენ. ამბობს, რომ ფართობი იჯარით აიღო.

აქ ამბობენ, რომ მთავარეპისკოპოსი უნივერსიტეტის მიმდებარე მცხოვრებლებს, კურთხევის გარეშე, ისეთ წვრილმან საკითხებსაც კი უკრძალავს, როგორიც „ეზოში შეშის დაყრა“ თუ „ბოსტანში მწვანილის მოკრეფაა“.

გახმაურებული ამბების გმირებს შორის გამონაკლისია მურად ქარცივაძე, ის მთავარეპისკოპოს სპირიდონთან დაპირისპირებაზე თავად მოგვიყვა:

„ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რკინის კონტეინერი მქონდა, ჩემი საკუთრება. მეუფემ ბოქლომი გამოცვალა, კონტეინერიც დაიტოვა და ნივთებიც, რაც იქ მქონდა. სულ ვცდილობ გავიტანო ჩემი კონტეინერი ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან, მაგრამ უშედეგოდ. ახლოსაც არ მიშვებენ, არც მეუფესთან მიშვებენ, რომ ვთხოვო. ვერც გამგებელი მივუგზავნე – ყველამ უარი მითხრა.“

კიდევ ერთი ადგილობრივი, რომელიც „ბათუმელებს“ ასევე ვინაობის დაფარვის პირობით ესაუბრა, მოგვიყვა, რომ მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ითხოვდა იმ კორპუსების დაცლას, რომლებშიც ყოფილი სამხედრო პირები და მათი ოჯახები დღემდე ცხოვრობენ.

ამ ფაქტს ადასტურებს შუახევის ყოფილი გამგებელი ომარ მეგრელიძეც, რომელიც ამბობს, რომ მთავარეპისკოპოსი ოთხი კორპუსიდან 108 ოჯახს უპირებდა გამოსახლებას:

„ისინი სამხედრო ნაწილში იყვნენ დასაქმებულები და ამ კორპუსში ბინები ჰქონდათ. რუსის ჯარი რომ გავიდა და შენობები დაცარიელდა, აქ გააგრძელეს ცხოვრება ისე, რომ ბინები საკუთრებაში არ დაუკანონებიათ. სპირიდონი ამტკიცებდა, რომ ყოფილი სამხედრო შენობები მთლიანობაში უნივერსიტეტს გადასცა მთავრობამ, ამიტომ ის კორპუსიც, სადაც ხალხი ცხოვრობს, მისთვის უნდა დაეთმოთ“, – ადასტურებს ადგილობრივების ინფორმაციას ომარ მეგრელიძე.

„საპარლამენტო არჩევნების წინ თათბირი იყო მთავრობაში. ამ თათბირს ესწრებოდა ადეიშვილი, მერაბიშვილი, ტყეშელაშვილი, უგალავა, სააკაშვილის გარდა ყველა. გამოცხადდა, რომ ხიჭაურის სამხედრო ნაწილი საპატრიარქოს გადაეცემა 1 ლარად უნივერსიტეტის გასახსნელად… თავად ასე მეუბნებოდა, ეს არის ეკლესიის ქონება და ჩემს სახლში ცხოვრობენ ესენიო. ერთ დღესაც, წინააღმდეგობის შემდეგ, მეუფე სპირიდონი ჩავიდა პატრიარქთან, იქედან ჩამოსულმა კი, ღამის ორ საათზე გამოიყვანა ხალხი კორპუსებიდან და უთხრა, რომ პატრიარქმა და მე გამოვიჩინეთ დიდი სიკეთე და ამ სახლებს თქვენ გიტოვებთო. ამის შემდეგ დავიწყეთ ბინების ოჯახებზე დაკანონების პროცესი. რამდენადაც ვიცი, კიდევ 16 ოჯახია დარჩენილი, ვისაც ისევ დასაკანონებელი აქვს იქ ბინა.“

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, სადავო კორპუსები, სხვა შენობებთან ერთად, მართლაც შედიოდა იმ შენობების ჩამონათვალში, რომლებიც მთავრობამ საპატრიარქოს გადასცა. მაშინ არავინ გაითვალისწინა, რომ გადაცემულ კურპუსებში ოჯახები ცხოვრობდნენ და წასასვლელი არსად ჰქონდათ.

სადავო შენობებს შორის იყო კიდევ ერთი – ბაგა-ბაღის შენობა, რომელიც ასევე საბჭოთა სამხედრო ნაწილს ეკუთვნოდა, თუმცა მთელი სოფელი სარგებლობდა. შარშან, როცა მთავრობამ სოფელში ბაღის მშენებლობა დაგეგმა, ადგილობრივებისა და ყოფილი გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინიციატივა იყო, რომ ახალი ბაღი ამ შენობის ბაზაზე გაემართათ, თუმცა მთავარეპისკოპოს სპირიდონს შეუშლია ხელი. ბაღი სხვაგან აშენდა, ყოფილი ბაღის შენობა კი, ცარიელია და ინგრევა.

  • დაპირისპირება ეკლესიის აშენებისთვის

მთავარეპისკოპოს სპირიდონთან კიდევ ერთი დაპირისპირების ამბავი ჩირუხისწყლისა და აჭარისწყლის შესართავთან, სოფელ ოქროპილაურში ეკლესიის მშენებლობას უკავშირდება. სხალთის ეპისკოპოსმა ინიციატორებს უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ ამ ადგილზე მშენებლობა გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად დაუშვებელი იყო. მშენებლობის ინიციატორები კი მიიჩნევენ, რომ უარის მიზეზი მთავარეპისკოპოსის განაწყენებაა, რაც იმან გამოიწვია, რომ მშენებლობის ადგილი არა სხალთის ეპისკოპოსს, არამედ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, დიმიტრის აკურთხებინეს.

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა „ბათუმელებს“ მოაწოდა, გეოლოგიური დასკვნა ორივე მხარემ მოამზადა. საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ მითითებულ ადგილზე ეკლესიის მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის და ეს საპატრიარქოს სამეცნიერო საბჭოს წევრმა, არქიტექტორმა რევაზ ჯანაშიამ ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოარკვია.

საინიციატივო ჯგუფისთვის კი დასკვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს მოუმზადებია, რომელსაც ხელს აწერს ინსტიტუტის დირექტორი და გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტი გივი გავარდაშვილი. მეორე დასკვნის მიხედვით, სოფელ ოქროპილაურში საინიციატივო ჯგუფის მიერ მითითებულ ადგილზე ეკლესიის მშენებლობა შესაძლებელია და ამ ადგილს დატბორვის საფრთხე არ ემუქრება. დასკვნა 2017 წლის 22 მარტით თარიღდება. მიუხედავად ამისა, საინიციატივო ჯგუფი ეკლესიის მშენებლობას მაინც ვერ იწყებს.

სოფელ ოქროპილაურში დარწმუნებულები არიან, რომ სხალთის ეპისკოპოსმა თავდაპირველად სოფელში ჩასული სპეციალისტები შეცდომაში შეიყვანა და სხვა ადგილი აჩვენა. ამის შესახებ წერია იმ დასკვნაშიც, რომელიც საინიციატივო ჯგუფის დაკვეთით მომზადდა.

„ჩვენ გავეცანით სააგენტოს წერილს, გავესაუბრეთ მათ ავტორებს, რომლებმაც შეისწავლეს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და აღმოჩნდა, რომ მათ საკვლევი ადგილი შეცდომით მიუთითეს“, – ნათქვამია ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დასკვნაში.

სოფელ ოქროპილაურში ამბობენ, რომ ეკლესიის მშენებლობას სხვა ინიციატორებთან ერთად შუახევის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ვაჟა დავითაძე გეგმავდა: „მანამდე ისინი მეგობრობდნენ, ვაჟა დავითაძე ხშირად დადიოდა მასთან სტუმრად და თავის მარანში დაწურულ ღვინოსაც ხშირად ჩუქნიდა ეპისკოპოსს“.

საინიციატივო ჯგუფი ღია დაპირისპირებაში შევიდა მთავარეპისკოპოსთან. მათ მთავარეპისკოპოს სპირიდონს გაუგზავნეს წერილი, რომელსაც ხელს აწერს 111 ადამიანი. ხელმომწერების პირველ ათეულში შედიან: ვაჟა დავითაძე, რომელიც ახლა უკვე ბიზნესმენია და ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამ ეკლესიის მშენებლობის დაფინანსებას აპირებდა, მწერალი რამაზ სურმანიძე, ბსუ-ს პროფესორი ბიჭიკო დიასამიძე, ვახტანგ მაკარაძე, ალიოშა ბაკურიძე – ბსუ-ს ყოფილი რექტორი და სხვები. თავად ვაჟა დავითაძემ „ბათუმელებთან“ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

სხალთის ეპისკოპოსზე განაწყენებულებს ამბავი პატრიარქთანაც ჩაუტანიათ. ამბობენ, რომ პატრიარქთან ამ თემაზე სასაუბროდ რამაზ სურმანიძე ჩავიდა. „ამის შემდეგ ხიჭაურის უნივერსიტეტში კომისია მიავლინეს, მათ შორის იყო გიორგი მამალაძეც, რომელიც ახლა ციანიდის საქმეზეა დაკავებული. თუმცა არ გაგვიგია რა დასკვნა დადო ამ კომისიამ. კომისიის წევრები ხიჭაურში ხალხს არ გასაუბრებიან“, – ამბობენ საინიციატივო ჯგუფში.

ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი კონფლიქტისას მთავარეპისკოპოსი სპირიდონი რეალურ მიზეზებს არასოდეს განიხილავს. ის ყოველთვის ერთ განმარტებას იშველიებს – „ადგილობრივები მუსლიმები არიან და რელიგიური ნიშნით ებრძვიან, ამიტომაც ის ყოველთვის ახერხებს თავი გაიმართლოს“.

მთავარეპისკოპოს სპირიდონის რეზიდენცია ხიჭაურში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

  • შაუხევის ყოფილი გამგებელი გავლენის მასშტაბებზე

ომარ მეგრელიძე – შუახევის ყოფილი გამგებელი ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც მიიჩნევს, რომ ეპისკოპოს სპირიდონთან დაკავშირებით ღიად საუბარი მას პრობლემებს არ შეუქმნის. ამ ორი ადამიანის გზები შუახევის მუნიციპალიტეტში არაერთხელ გადაკვეთილა:

„საეკლესიო პირებს იმ ხელისუფლებაშიც ჰქონდათ და ამ ხელისუფლებაშიც აქვთ დიდი გავლენები. მეუფე სპირიდონის შემთხვევაში კი, სიტუაცია ყველაზე უფრო მაშინ დაიძაბა, როდესაც სხალთის მთავარეპისკოპოსმა პრობლემები შეუქმნა საპატრიარქოსთვის გადაცემულ შენობებში მცხოვრებ ოჯახებს.

მივხვდი, რომ მეუფე უკან არ დაიხევდა. წავედი მასთან შესახვედრად და პირდაპირ ვუთხარი, რომ ბინები, რომლებშიც ცხოვრობენ, ამ ოჯახებს უნდა დაუკანონდეს.

მეუფე გაოცდა, გაგიჟდა, გადაირია. გადმოაღებინა რაღაც წიგნი და წამიკითხა ციტატა, რომ ეკლესიაზე გადაცემული ქონების სხვაზე გადაცემის უფლება არ აქვს პატრიარქსაც კი და ვინც ამას გააკეთებს, დაიწყევლება უკუნითი უკუნისამდე. მაგრამ ბოლოს მაინც თქვა, რომ ამ ხალხს არ გაყრის ქუჩაში და იცხოვრონ, სანამ არ მოიძიებენ ახალ საცხოვრებელ ადგილებს. საუბარი იყო 108 ოჯახზე.

მეუფეს ყველაფერზე შეუძლია გაბრაზება. მახსოვს, ეზოში შეშის დაყრის გამო დაურეკა მაშინდელ პროკურორ კლდიაშვილს, პოლიციას, უშიშროების სამსახურს და დამირეკა მეც, რომ მისი კურთხევის გარეშე შეშა შეიტანეს ეზოში. მერე გამივრცელეს ხმები, რომ შუახევის გამგებელი ზემო აჭარაში ქრისტიანობას ებრძვისო. მაშინ ძალიან გამიჭირდა მთავრობის დარწმუნება – მირეკავდნენ, მეუფესთან ითანამშრომლე, კარგი კაცია და ასე შემდეგ. ერთადერთი, ვინც მაშინ მხარი დამიჭირა, უმაღლესი საბჭოს წევრი, მიშა მჟავანაძე იყო.

სანამ ხიჭაურში დამკვიდრდებოდა, ყველას ეფერებოდა, ბავშვებთან კანფეტები მოჰქონდა. როგორც კი ყველაფერი მიიღო, შექმნა უზარმაზარი კედელი. თანამედროვე სამყაროში რა საჭირო ქვის უზარმაზარი კედელი? – კედელს რომ აკეთებდა, ზედამხედველობას გავაჩერებინე, რადგან მაგ ადგილას გზის გაფართოება იგეგმებოდა, მაგრამ დამირეკეს უშიშროების მინისტრის მოადგილეებმა, სოსო თოფურიძემ (კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი), – ვინ არ მირეკავდა, მეუფეს როგორ ეწინააღმდეგებიო.

200-200 ათას ლარს რიცხავდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შუახევის გამგეობის ანგარიშზე ხიჭაურის უნივერსიტეტის მშენებლობისთვის. წესით, უნდა ჩაგვეტარებინა ტენდერი, მაგრამ ამ გადმორიცხულ ფულს მოყვებოდა ათასი ზარი, რომ პირდაპირ გადაურიცხეთო. ამ თანხას ვრიცხავდით მეუფის რაღაც ანგარიშზე, რისი უფლებაც არ გვქონდა. რას ხარჯავდა, როგორ ხარჯავდა არავინ იცის“.

მთავარეპისკოპოს სპირიდონს „ბათუმელები“ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ვერ დაუკავშირდა.

  • უნივერსიტეტი და გიმნაზია

გარდა იმისა, რომ ყოფილი სამხედრო ნაწილის არსებობის კვალი ისევ ეტყობა და მისი რექტორი სასულიერო პირია, რომელიც ყოველ კვირას ამავე უნივერსიტეტის ეზოში, ეკლესიაში წირვას ატარებს, ხიჭაურის უნივერსიტეტი სხვა უნივერსიტეტებისგან იმითაც განსხვავდება, რომ აქ სტუდენტებს უფასოდ კვებავენ, უნივერსიტეტს კი გარესამყაროსგან ბეტონის გალავანი იცავს, რომლის შესასვლელთან დაცვა დგას.

აქ ამბობენ, რომ უნივერსიტეტში ხელფასის გაცემის წესიც განსხვავებულია – ხიჭაურის უნივერსიტეტისა და სასულიერო გიმნაზიის ლექტორები, ასევე ადმინისტრაციული პერსონალი ხელფასს თვეობით ვერ იღებს, ხელფასებს ახლაც საახალწლოდ ელოდებიან. ამის მიუხედავად, აქ დასაქმებულები მაინც კმაყოფილები არიან, რადგან როცა იღებენ, დანაკლისის გარეშე ერიცხებათ თანხა. ამ ინფორმაციას ისინიც კი ადასტურებენ, რომლებიც მთავარეპისკოპოსს დიდად ემადლიერებიან. თუმცა ღიად საუბარი, თუნდაც მადლიერების გამოხატვა, არც მათ ისურვეს.

ის, რომ „უნივერსიტეტის საქმე არც ისე კარგად მიდის“, ადგილობრივებზე ისევე უარყოფითად აისახა, როგორც 2008 წელს უნივერსიტეტის გახსნა – დადებითად. გარდა იმისა, რომ სტუდენტებზე ოთახები გააქირავეს, უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ ბევრი ადგილობრივი ხიჭაურის უნივერსიტეტში, ბევრიც გიმნაზიაში დასაქმდა. ამბობენ, რომ უპირატესობა მათ მიანიჭეს, ვინც მოინათლა. ახლა გასაქირავებლად გამზადებული ბინები ცარიელია.

ხიჭაურის უნივერსიტეტი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

  • მთავარეპისკოპოსი სპირიდონი „იუთუბში“

მთავარეპისკოპოს სპირიდონის მარდამჭერთა ჯგუფი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აჭარიდან პატრიარქთან ჩავიდნენ მთავარეპისკოპოსზე სასაუბროდ. ამ გვერდზე ხშირად წერენ მთავარეპისკოპოს სპირიდონის საქმიანობის შესახებ. აქვე აზიარებენ მის ქადაგებებსაც, რომლებსაც ჯერ „იუთუბის“ არხზე ტვირთავენ.

ქადაგებისას მთავარეპისკოპოსი სასტიკად აკრიტიკებს მათ, ვინც არ მოსწონს, ბოლოს მისი კრიტიკის ობიექტი გახდა თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე. მთავარეპისკოპოსმა კალაძე ფეხბურთელ გურამ კაშიას მხარდამჭერი განცხადების გამო გააკრიტიკა.

მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ერთ-ერთი წირვის დროს გენდერული თანასწორობა ასე განმარტა: „გენდერი იცით რა არის? – გენდერი არის უსქესო არსება. ისინი ამბობენ, რომ ადამიანი არის გენდერი, ანუ უსქესო არსება. და რომ გაიზრდება, სრულწლოვანი, რომ გახდება თვითონ აირჩევს, რომელი სქესის იქნება“.

მთავარეპისკოპოსის აზრით, სატანურია კანონი დისკრიმინაციის შესახებ, მედია კი „ეშმაკის საყვირია“.

სხალთის მთავარეპისკოპოსისთვის დასავლეთი მტერია, რუსეთი კი – მეგობარი, რადგან ამერიკა და ევროპა „გათახსირებით“ გვებრძვის. მიუხედვად მისი ასეთი მოსაზრებისა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ევროპაში ხშირად მოგზაურობს სხალთის ეპისკოპოსის შვილი ელისაბედ აბულაძე, ის საპატრიარქოს ტელევიზიაში წამყვანად მუშაობს.

  • გზა მთავარეპისკოპოსობამდე

მთავარეპისკოპოს სპირიდონის საერო სახელი და გვარი გოჩა აბულაძეა, დაიბადა 1950 წლის 14 ივნისს ზესტაფონში. 1967-1972 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1972-1976 წლებში – უნივერსიტეტის ასპირანტურაში კიბერნეტიკის სპეციალობით. 1975 წლიდან მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა კათედრაზე, 1976 წლიდან – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრაზე. 1978-1979 წლებში გოჩა აბულაძე ქირურგიის ინსტიტუტის, ხოლო 1979 წლიდან სახალხო მეურნეობის მართვის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი იყო. საპატრიარქოს ინფორმაციით, აქ იგი ლექციებს უკითხავდა საქართველოს მთავრობის კაბინეტის თანამშრომლებს მართვის სისტემების მიმართულებით.

1990 წლის 21 სექტემბერს მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე), ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გოჩა აბულაძე აკურთხა დიაკვნად და სახელად უწოდა გრიგოლი. იგი განწესებულ იქნა ბათუმის საკათედრო ტაძარში. 1990 წლის 4 დეკემბერს მიტროპოლიტმა კონსტანტინემ დიაკონი გრიგოლი ჯიხეთის მონასტერში მღვდლად აკურთხა და სხალთის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. 1991 წლის დასაწყისში ხულოში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელობა პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაევალა მამა გრიგოლ აბულაძეს. 2006 წელს ის ეპისკოპოსად, 2013 წელს კი მთავარეპისკოპოსად აკურთხეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: