მოსწავლე, სკოლა და მშობლის პასუხისმგებლობა

 

პედაგოგები მიიჩნევენ, რომ მშობლების დამოკიდებულება სკოლის მიმართ ინდიფერენტულია, შესაბამისად, დაბალია მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. პედაგოგების თქმით, არის შემთხვევები, როცა მოსწავლე ისე ამთავრებს სწავლას, რომ მშობელი ერთხელაც არ მიდის სკოლაში. რატომ ვერ ახერხებს სკოლა გახდეს მშობლისა და მოსწავლისთვის ავტორიტეტული?

 

სკოლა
სკოლა

ლელა ბორჩხაძე პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. მისი აზრით, პირველი მიზეზი, რის გამოც მშობლები სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას ვერ ახერხებენ, სოციალური ფონია. „მშობლები, ძირითადად, ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფაზე არიან გადართული და განათლების მხარე ნაკლებად აინტერესებთ. „არ მისწავლია, მაგრამ რაღაცას ხომ მივაღწიე“, – ხშირად მსმენია მშობლებისგან. მშობელიც, თავის მხრივ ფიქრობს, რომ არ სჭირდება სკოლასთან დახარჯოს მეტი ენერგია, რადგან შვილს ისედაც მოამზადებს. აი ეს არის პრობლემა. მაგრამ თუკი მშობელს დავინახავთ სკოლაში, ამით მოსწავლესთან ურთიერთობას უფრო კარგად მოვაგვარებთ“.

 

პედაგოგის აზრით, რეპეტიტორთა გაძლიერებას ხშირად სტერეოტიპული დამოკიდებულებაც უწყობს ხელს: „პირადად მე მყავს კარგი მოსწავლე, მაგრამ რადგან ყველა ემზადებოდა კლასში, თვითონაც მოსთხოვა მშობლებს, რომ ცალკე მოემზადებინათ. არის მიბაძვის მომენტიც. ფაქტობრივად, მე-12 კლასელები მასობრივად ემზადებიან. ეს მოსწავლეები კლასში მხოლოდ მაშინ სხედან, როცა შემოწმებები მიმდინარეობს: „არა“ რომ არ დაეწეროთ, ამისთვის დადიან.“

 

ლელა ბორჩხაძის თქმით, არის შემთხვევები, როცა მშობელი პედაგოგთან შეხვედრაზე უარს მხოლოდ იმის გამო ამბობს, რომ ფიქრობს, პედაგოგი მას რეპეტიტორად აყვანას აიძულებს. „რადგან ითქვა, ალბათ იყო პრეცედენტიც“, – ამბობს ის.

 

პედაგოგის აზრით, კვირაში ან თვეში ერთხელ მშობლის სკოლაში გამოჩენა მნიშვნელოვანია. „განათლების სამინისტრო, სკოლა, ოჯახი _ უნდა მოვიფიქროთ მექანიზმი, რაც თანამშრომლობას გაზრდის. ეს მექანიზმები არ უნდა იყოს შიშზე დაფუძნებული“.

 

პედაგოგის თქმით, სკოლებში ჯეროვნად არ იყენებენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აბიტურის საათებს – ამ დროს აბიტურიენტები რეპეტიტორებთან სხედან.

 

მშობლისა და სკოლის ურთიერთობაში პრობლემას ხედავს მე-2 სკოლის პედაგოგი მზევინარ იმედაშვილიც. მისი აზრით, მშობლის აქტივობა და ინტერესი სასკოლო პროცესების მიმართ, ბავშვის ზრდასთან ერთად კლებულობს:

 

„განათლების მიმართ ინტერესი შენარჩუნებულია, თუმცა მშობელს ურჩევნია ინფორმაცია მიიღოს არა უშუალოდ პედაგოგისგან, არამედ დამრიგებლისგან. ადრე მეგონა, რომ მათ არ აინტერესებდათ სასკოლო საკითხები, თუმცა, ახლა ვხვდები, რომ მშობლების დიდი ნაწილი მართლაც დაკავებულია“.

 

პედაგოგი ამბობს, რომ მშობლები სკოლაში ხშირ შემთხვევაში მაშინ მიდიან, როცა კონფლიქტია ან ნიშნები არ აკმაყოფილებთ.
„ჩვენი სკოლა ცდილობს, რომ სკოლასა და ოჯახს შორის არსებული დისტანცია როგორმე შეამციროს. ორჯერ გავაკეთეთ მშობელთა კონფერენცია, სადაც ისეთი თემები განვიხილეთ, რაც მათ აინტერესებდათ. ბოლო კონფერენციაზე შვილებისა და მშობლების ურთიერთობებზე გვქონდა საუბარი. მშობლებს შევთავაზეთ სპეციალისტის დახმარებაც, თუკი სჭირდებოდათ შვილებთან უკეთ ურთიერთობისთვის“ –  გვეუბნება მზევინარ იმედაშვილი.

 

პედაგოგის თქმით, თუკი დააინტერესებ მშობელს, ისიც აქტიურდება: „აკაკის იუბილე გვქონდა, ყველა კლასს საკუთარი კუთხე უნდა მოეწყო. უნდა გენახათ, როგორ აქტიურობდნენ მშობლები, შვილებს ეხმარებოდნენ. სტიმულს თუ მისცემ, აქტიურდებიან~.
26-ე საჯარო სკოლის დირექტორი დონარი კაკაბაძე კი მიიჩნევს, რომ სკოლას მშობლის გააქტიურების ბერკეტი დღეს ნაკლებად აქვს.
„ორი მოსწავლე მყავს, მე-6 და მე-7 კლასელები. ბავშვები რადგან არ დადიოდნენ სკოლაში, ორივეს სტატუსი შევუჩერეთ. მთელი წელი ვცდილობთ მშობლებთან დაკავშირებას და ვერაფერს გავხდით. ბოლოს საკრებულო ჩავრიეთ და ერთის მშობელს ისე მივაწვდინეთ ხმა“, – ამბობს დონარი კაკაბაძე.

 

დირექტორის აზრით, მშობლების დიდი ნაწილი სამუშაოდ უცხო ქვეყანაშია წასული და სკოლისთვის არ სცალიათ.

 

კოლეგების აზრს 29-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნური ჯაფარიძეც იზიარებს. მისი გამოცდილებით, მშობლების უმეტესობა საკუთარი სურვილით სკოლაში თითქმის არასდროს მიდის: „თუ დაიბარებ, მაშინ მოვა.“


„რა თქმა უნდა, არიან აქტიური მშობლებიც და აინტერესებთ რა ნიშნებს იღებს შვილი, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი სწავლის გაგრძელებას აპირებს“ – დასძენს სკოლის დირექტორი. 

სკოლაში, სადაც 160 მოსწავლე სწავლობს, გაკვეთილების ხშირი გაცდენების გამო ორმა მე-12კლასელმა გამოცდები ექსტერნად ჩააბარა, ოთხ მოსწავლეს კი გამოცდები ჩასაბარებელი აქვს.

 

დირექტორი ამბობს, რომ თუკი მშობელს სკოლა უფრო მეტად აუხსნის განათლების მნიშვნელობას, მშობლის აქტიურობა სასკოლო ცხოვრებაში გაიზრდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ლელა დუმბაძე