სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს გამოუყენებელი რესურსი ბსუ-ში

11.06.2015 • 2021
საკონსტიტუციო სასამართლოს გამოუყენებელი რესურსი ბსუ-ში

 

„სხვა ფაკულტეტებთან შედარებით იურიდიულ ფაკულტეტზე უფრო კარგი სიტუაციაა, მაგრამ არის ერთი პრობლემა – სამოქალაქო სამართლის კუთხით არ გვაქვს მაგისტრატურა. სტუდენტები იძულებულები არიან სხვა უნივერსიტეტებში გადავიდნენ. ასევე ზოგიერთ ლექტორს უწევს რამდენიმე საგნის წაკითხვა იმის გამო, რომ პროფესორების რაოდენობა არ არის საკმარისი. რამდენიმე ლექტორი განსაკუთრებულადაა დატვირთული, რაც მის სამეცნიერო მუშაობაზეც ახდენს გავლენას. საჭიროა სასწავლო პროგრამა გადაიხედოს. ზოგი ისეთი საგანი ისწავლება ბალაკავრიატში, რომ დიდი პოპულარობით არ სარგებლობს სტუდენტებში – მიიჩნევენ, რომ დროის დაკარგვაა მისი სწავლა. არის საგნები, რომლებიც უნდა ისწავლებოდეს ბაკალავრიატზე, მაგრამ არ ისწავლება, მაგალითად, სამოსამართლო უნარ-ჩვევები ისწავლება მხოლოდ მაგისტრატურაზე, ბაკალავრიატს არ ეძლევა საშუალება. კარგი იქნება, თუ მოწვეული პროფესორების რიცხვი გაიზრდება“, – ამბობს რამინ მაჭარაშვილი, ბსუ-ს სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. 

 

რამინი ერთადერთი არ არის, ვინც უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე არსებულ სწავლის ხარისხზე საუბრობს. მაგისტრატურის კურსდამთავრებულებიც ამბობენ, რომ მაგისტრატურაში ბაკალავრიატის პროგრამის გამეორება უწევთ.

 

ბსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტს 25-წლიანი ისტორია აქვს. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი ადამ მახარაძე „ბათუმელებთან“ სწორედ ამ ფაქტორს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ „მოკლე ისტორიის მიუხედავად“ სასწავლო პროგრამამ განვითარება შეძლო.

 

„როდესაც ამ უნივერსიტეტში მე სამართალმცოდნეობის სწავლა დავიწყე, სულ ორი კაცი მასწავლიდა. იმათაც ცოტა დატვირთვა ჰქონდათ – სხვა საქმით იყვნენ დაკავებულები. დღეს ამ კუთხით საკმაოდ დიდი წინსვლაა“, – ამბობს ადამ მახარაძე და ამტკიცებს, რომ ბსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე, თუ სტუდენტს სურს, კარგ განათლებას მიიღებს. ამის საილუსტრაციოდ მას კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკა მოჰყავს:

 

„ჩვენი ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ სტუდენტთა დასაქმება მერყეობს 75-დან 85%-მდე. ეს საკმაოდ მაღალი პარამეტრია იმისათვის, რომ ვთქვათ აქედან გაშვებული კადრი ფლობს იმ უნარ-ჩვევებს, რომლის საფუძველზეც ის კონკურენტუნარიანია ბაზარზე. ვფიქრობთ, ჩვენთან განათლების ხარისხი საკმაოდ მაღალია“.

 

ადამ მახარაძე აკადემიური პერსონალის ნაკლებობაზე საუბრისას: „25 წელი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კადრებით იყოს დახუნძლული. ამ პერიოდისათვის ფაკულტეტზე უკვე არის 14 პროფესორი. მათგან 11-ს ხარისხი აქვს დაცული და ეს უკვე საკმაოდ ბევრს მეტყველებს“.

 

კითხვაზე, რამდენი მოწვეული ლექტორი მუშაობს უნივერსიტეტში, ადამ მახარაძე პასუხობს, რომ მათი რიცხვი 15-დან 20-მდეა.

 

„ჩვენთან ლექციებს კითხულობენ როგორც თეორეტიკოსები, ასევე პრაქტიკოსი, გამოცდილი იურისტები. ვცდილობთ სასამართლოებიდანაც მოვიწვიოთ იურისტები. ასევე ჩვენთან თანამშრომლობენ სხვადასხვა მოსამართლეები, რომლებიც კითხულობენ ლექციებს. მოწვეული გვყავს თბილისიდან ოთხი პროფესორი მაგისტრატურაში. ისინი რეგულარულად ჩამოდიან. მგონი ჩვენი ფაკულტეტი ლექტორების დეფიციტს არ განიცდის. საკონსტიტუციო სასამართლოდან მუშაობდა ბაკურ ლილუაშვილი, რომელიც თბილისში გადავიდა. ამჟამად მუშაობს ზურაბ კვირკველია, რომელიც ასისტენტ-პროფესორია. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მერაბ ტურავასთან. შესაძლებელია მან მაგისტრატურაში წაიკითხოს ახალი საგანი – სამოსამართლეო სამართალი“.

 

თავის მხრივ, მერაბ ტურავა ამბობს, რომ ჯერ არ იცის დათანხმდება თუ არა შეთავაზებას: „სხვა უნივერსიტეტში ვარ პროფესორი. სანამ გავხდებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი ვიყავი. როდესაც ამირჩიეს მოსამართლედ, ვფიქრობდი, რომ ამ უნივერსიტეტის ფილიალთან ბათუმში მქონოდა თანამშრომლობა. ამ შემთხვევაში ჩემთვის ძნელია იმის თქმა, დავთანხმდები თუ არა. მე ვიქნები თუ არა ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის პერსონალი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აეწყობა სასწავლო პროცესში ჩემი მონაწილეობის საკითხი, დრო რამდენად მექნება“.

 

მერაბ ტურავა რეგიონში საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ბათუმი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მდებარეობის ადგილი, ასევე შესაძლებელია იყოს იურიდიული სამართლებრივი განათლების და განვითარების კარგი კერა:
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის რეგიონში, ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ უნივერსიტეტს, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ურთიერთობა ამ ინსტიტუციასთან. ეს კარგი საშუალებაა ბათუმი იყოს არამარტო საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილმდებარეობის ადგილი, არამედ ასევე ეს იყოს ცენტრი იმისთვის, რომ იურისტებმა მიიღონ კარგი განათლება, დამატებითი გამოცდილება სამართლის სფეროში“.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კოტე ვარძელაშვილი ასევე სასამართლოს როლზე საუბრობს საგანმანათლებლო პროცესში:

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში ყოფნა შესაძლებლობას აძლევს ბათუმის ბსუ-ს სტუდენტებს დაესწრონ სასამართლოში მიმდინარე პროცესებს და უკეთესად გაეცნონ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას. სასამართლოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ბათუმელ სტუდენტებს სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით“.

 

კოტე ვარძელაშვილის თქმით, სასამართლოს თავმჯდომარე, ისევე როგორც სხვა მოსამართლეები, ხშირად ატარებენ საჯარო ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის ბათუმშიც:

 

„გარდა ამისა, სასამართლოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებს საათებიც აქვთ აღებული. სხვათა შორის, გასულ წელს სასამართლოს ოლიმპიადაში ბათუმის გუნდი სასამართლოს რჩეული გახდა და სასამართლომ მათ ანაზღაურებადი ექვსთვიანი სტაჟირება შესთავაზა. ასევე აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს და ბსუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული“.

გადაბეჭდვის წესი