პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულის საქმე

 

 

21 წლის მამაკაცი პოლიციელებზე თავდასხმაშია ბრალდებული. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ადვოკატის ინფორმაციით, პროკურორის მიზეზით სასამართლო პროცესი დაახლოებით ათჯერ გადაიდო. დაცვის მხარე სახელმწიფოს მხრიდან საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს, მოსამართლემ პროკურორებს შენიშვნა მისცა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

 

პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულის საქმეში 4 ივნისს პროკურორ ადილარ წირღვავას სასამართლოში მოწმეები უნდა დაეკითხა, თუმცა სასამართლო პროცესზე არც მოწმეები მოსულან და არც თავად პროკურორი. წირღვავას ნაცვლად სასამართლო პროცესზე პროკურორი დავით კირჩხელი გამოცხადდა და სასამართლოს გადადება მოითხოვა იმ არგუმენტით, რომ საქმის მასალებს არ იცნობს.

 

“ზედამხედველი პროკურორი ქალაქიდან გავიდა, ქობულეთში სასტუმროს დაწვასთან დაკავშირებით”, – უთხრა მოსამართლეს დავით კირჩხელმა.

“ამ პროცესის ხშირად გადადება იწვევს საქმის გაჭიანურებას, ადვოკატი და ბრალდებული თბილისიდან დადიან, იხარჯება ადამიანური რესურსი, თქვენ, ბატონო პროკურორო გაფრთხილებთ, შემდეგ პროცესზე თუ არ იქნებიან მოწმეები და ბრალდების მხარე, თქვენს მტკიცებულებებს ჩავთვლი გამოქვეყნებულად. ეს გინდ შენიშვნად მიიღეთ, გინდ გაფრთხილებად, მომდევნო პროცესზე გადავალ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოქვეყნების ეტაპზე”,- უთხრა მოსამართლემ პროკურორ კირჩხელს.
“დაჯარიმებაც შეიძლება”, – დაამატა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ, რომელსაც მიაჩნია, რომ ბრალდების მხარე შეგნებულად აჭიანურებს საქმის დასრულებას. ბრალდებული პატიმრობიდან გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.


როგორც ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ “ბათუმელებს” უთხრა, ბრალდებული უდანაშაულოა:

“მე, როგორც მისი უფლებების დამცველს, არ მინდა საპროცესო შეთანხმება, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეს მიაჩნია მართებულად, ის მუშაობს, არჩენს ოჯახს, ოთხი წლის შვილს და მეუღლეს, ამიტომ ურჩევნია საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ აღიაროს ის ბრალდება, რაც არ ჩაუდენია. პროკურატურა საპროცესო შეთანხმების პირობებში ექვსთვიან პატიმრობას ითხოვს”.

 

მამუკა ნოზაძის ინფორმაციით, საქმის მასალებით თავდასხმა არ დასტურდება: “გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს ბრალდებულის თავდასხმის ფაქტს იმიტომ, რომ კანონმდებლობა განსაზღვრავს რა არის თავდასხმა. პოლიციელები ამბობენ, რომ მათ შორიდან დაინახეს, დანა რომ ჰქონდა ბრალდებულს. თავდასხმა არის სიცოცხლისთვის სახიფათო ქმედება, საშიშროებას უნდა წარმოადგენდეს ადამიანისთვის, ამ კონკრეტული ინციდენტის დროს კი არავინ დაშავებულა. ბრალდებული რომ საშიში არაა საზოგადოებისთვის, ეს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროსაც შეაფასა”.

 

ბრალდებული არის სოციალურად დაუცველი. მომდევნო სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებები უნდა გამოაქვეყნოს, მოწმეები დაკითხოს, დაცვის მხარეს მოუსმინოს და ამით დასრულდება ამ საქმის განხილვა, მოსამართლემ მხარეებს ურჩია დაილაპარაკონ საპროცესო შეთანხმებაზე. მხარეები საპროცესო შეთანხმებაზე შეთანხმებულები ჯერ არ არიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნათია როყვა