სიახლეები

ახალი სასტუმროები ბათუმში

10.06.2015 • 3152
ახალი სასტუმროები ბათუმში

 

ცოტა ხნის წინ ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton Batumi გაიხსნა. სასტუმროში 147 ნომერია განთავსებული. ამ დროისთვის ნომრის ფასი Hilton Batumi- ში კვების გარეშე 124 დოლარია. საუზმესთან ერთად კი ნომრის ღირებულებას 20 დოლარი დაემატება. ნახევრად ლუქსის ფასი 145 დოლარი, ხოლო ლუქსის ფასი 156 დოლარია. ყველაზე ძვირადღირებული – საპრეზიდენტო ნომრის ფასი კი 1905 დოლარია საუზმის გარეშე, საუზმესთან ერთად ნომრის ფასი იზრდება.

 

სასტუმროს ადმინისტრატორის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონზე შესაძლოა ფასები გაიზარდოს, თუმცა რამდენით, ეს ჯერ არ არის დაზუსტებული. სასტუმროში ფუნქციონირებს ორი საკონფერენციო დარბაზი, ორი რესტორანი და კაზინო „ავსტრია.“

 

სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში ბათუმში სასტუმრო „მარინა კოლიზეუმი“ გაიხსნება. სასტუმროში 101 ნომერი იქნება განთავსებული, მათ შორის იქნება შშმ პირებისთვის ადაპტირებული ნომერი.

 

„მარინა კოლიზეუმში“ საკურორტო სეზონზე ნომრის ფასი 100-120 დოლარი იქნება და ღირებულებაში საუზმეც შევა. ლუქსის ფასი კი 250-300 დოლარი იქნება. სასტუმროში იფუნქციონირებს სპაცენტრიც.

 

მომავალ საკურორტო სეზონზე აჭარას სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისიც“ შეემატება და დამსვენებელს დამატებით 86 სასტუმრო ნომერს შესთავაზებს. სასტუმროში სტუდიოს ტიპის ოროთახიანი და სამოთახიანი აპარტამენტები გაქირავდება. გაქირავების ფასს აპარტამენტების მფლობელები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ.

 

ამ სეზონზე დაიწყებს ფუნქციონირებას ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Leogrand Hotel & Casino. სასტუმროში 180 ნომერია განთავსებული.

 

ბათუმს წელს რამდენიმე მცირე მასშტაბის სასტუმროც შეემატა, გაიხსნა სასტუმრო „როიალ-ვენეცია“, რომელიც წელს მომხმარებელს 15 ნომერს შესთავაზებს. ამ დროისთვის სასტუმროს ფასები 110 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს. სეზონზე კი გაიზრდება.
გაიხსნა ასევე სასტუმრო „პორტო-ფრანკო“. სასტუმროში 8 ადგილია. ექსპლუატაციაში შევიდა სასტუმრო „ძველი ქალაქი“ – ამ სასტუმროში 24 ნომერია განთავსებული.

 

უკვე არსებულ ჰოსტელებს კი ორი ახალი Batumi Sun Hostel და „ჰოლანდ ჰუკი“ დაემატება. ჰოსტელებში ერთი ადგილი 25 ლარი ღირს და სეზონზე ფასები არ შეიცვლება.

 

სტუმრების დასახვედრად კერძო ბინების მფლობელებიც ემზადებიან, დეველოპერული კომპანიების გაყიდვების აგენტების ინფორმაციით, ახალაშენებულ სახლებში მცირე მასშტაბის მქონე ბინებს – 29-32 კვადრატულს მოქალაქეები ძირითადად სეზონზე გაქირავების მიზნით ყიდულობენ და შესაბამისი დიზაინით არემონტებენ. ამ ბინებით სარგებლობა მომხმარებელს ბევრად უფრო იაფი უჯდება, ვიდრე სასტუმროში გაჩერება.

 

მომავალ საკურორტო სეზონს იმედით უყურებენ პატარა სასტუმროების მფლობელებიც. მათი ინფორმაციით, ზაფხულისთვის ნომრების დაჯავშნა უკვე დაიწყო.

 

პატარა ზომის სასტუმროების მენეჯერების თქმით, ტურისტულ ჯგუფებს ან ოფიციალურ პირებს ყოველთვის სჭირდებათ იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ სასტუმროში გაჩერდნენ, რასაც ბინების მფლობელებისგან ვერ იღებენ. თუმცა როგორც თავად ამბობენ, მათ მუშაობაზე კერძო ბინებსა და სახლებში გაქირავებები სეზონზე ცუდად არ ასახულა.


ტურიზმი
ტურიზმი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: