სიახლეები

ბათუმის მერიისა და ხულოს გამგეობის მაღალჩინოსნების საქმე

10.06.2015 • 2017
ბათუმის მერიისა და ხულოს გამგეობის მაღალჩინოსნების საქმე

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ტონი და კომპანიამ“ ბათუმში ჟილინის არხის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებაზე 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები დაარღვია. მანამდე შპს-ს მხრიდან საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ, ბათუმის მერიამ „ტონი და კომპანიას“ ავანსის სახით 1 289 972 ლარი ჩაურიცხა. თანხის მიღების შემდეგ კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მერიას მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაოები წარუდგინა.

ბრალდებულებმა ნაცვლად იმისა, რომ აემოქმედებინათ სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობები, გულგრილად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ საწარმოს კვლავ გადაურიცხეს 236 000 ლარი.

საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილის არჩილ ვანაძისა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ლაშა ბოლქვაძის მიერ ჩადენილმა ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ თვითმმართველ ქალაქ ბათუმს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა. ლაშა ბოლქვაძე მაშინ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ბათუმის მერიასა და შპს „ტონი და კომპანიას“ შორის ხელშეკრულება ჟილინის არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე 2013 წლის 22 მარტს გაფორმდა. მაშინ არჩილ ვანაძე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯემალ ანანიძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე, რომლის ხელმოწერაც დოკუმენტებზე ფიქსირდება, ახლანდელი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი იყო.

 

მერიამ მაშინ ჟილინის არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის 6 მილიონ 108 000 ლარი გამოყო. შპს „ტონი და კომპანიამ“ ელექტრონულ ვაჭრობაზე ეს თანხა 5 მილიონ ლარამდე დაწია და ექვს კონკურენტს მოუგო.

 

ხელშეკრულების პირობებში წერია, რომ შემსყიდველს საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს შეეძლო შეემოწმებინა მიმდინარე სამუშაოები. გარდა ამისა, სამუშაოებზე ზედამხედველობა მერიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად შპს „გზამშენპროექტსაც“ ევალებოდა. რითვისაც მერიაამ ამ კომპანიას 61 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. ხელშეკრულებაში ასევე ნათქვამია, რომ მხარეები სამუშაოების მიმდინარეობის წინასწარ შეთანხმებულ გრაფიკთან შესაბამისობას ყოველთვიურად შეამოწმებდნენ.
რაც შეეხება ხელშეკრულების დაზღვევასა და გარანტიას, რაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი და დავის ძირითადი საგანია:

 

ხელშეკრულება უშვებდა არაუმეტეს 30%-ის საავანსო ანგარიშსწორებას, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა კი შეიძლება განსაზღვრულიყო 90 დღით, არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა. ანგარიშსწორება კი უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ.
ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ყოველი გადაცილებული დღისთვის შემსრულებელს ჯარიმის სახით ხელშეკრულების 1% დაერიცხებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ს მიაღწევდა, შემსყიდველი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას იტოვებდა.

 

ხელშეკრულებაში ასევე ნათქვამია, რომ რისკების თავიდან ასაცილებლად შემსყიდველი წარმოადგენდა საბანკო გარანტიას ხელშეკრულების ღირებულების ხუთი პროცენტის ოდენობით. ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კი მას ეს თანხა არ დაუბრუნდებოდა. ასეთი გარანტია „ტონი და კომპანიას“ სადაზღვევო კომპანია „უნისონისგან“ ჰქონდა. აქვე წერია ისიც, რომ გარანტია 2015 წლის თებერვლამდე რჩებოდა ძალაში. ანუ ამ დრომდე შეეძლო მერიის საფინანსო სამსახურს სადაზღვევო პირობების ამოქმედება.
საფინანსო პოლიციის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა, მერიას სადაზღვევო კომპანიისთვის არ მიუმართავს. ბრალდებულებმა კი ნაცვლად იმისა, რომ აემოქმედებინათ სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობები, გულგრილად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ საწარმოს კვლავ გადაურიცხეს 236 000 ლარი.

 

რატომ გადარიცხა ავანსი მერიამ მეორედ და რატომ არ ჩართეს საქმეში სადაზღვევო კომპანია? – კითხვაზე ბათუმის მერიის აპარატის უფროსი ნუკრი დეკანაძე პასუხობს, რომ კითხვა სწორად არ არის ფორმულირებული, რადგან: „სადაზღვევო კომპანია თანხას არ რიცხავს. ის მხოლოდ გარანტიას იძლევა. ასეთ შემთხვევაში იწყება ადმინისტრაციული წარმოება ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ბათუმის მერიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გაატარა. შეწყვეტილ იქნა კონტრაქტი, დაჯარიმდა კომპანია. გამოყენებული იყო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ზომები. იმას კი – ამაზე მეტი რა ზომები უნდა გამოყენებულიყო და იყო თუ არა საჭირო დამატებით თანხის გადარიცხვა, შეაფასებს სასამართლო. ამის შეფასების უფლებამოსილება ჩვენ არ გვაქვს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს“.

 

მერიის მიერ გატარებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტები „ბათუმელებმა“ გასულ პარასკევს მოითხოვა. ნუკრი დეკანაძის თქმით, მათი მოწოდება უქმეების გამო ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მათ სამუშაო დღეებში მივიღებთ.

 

საქართველოს შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არც „ტონი და კომპანიასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული და არც „გზამშენპროექტის“ განხორციელებული ზედამხედველობის შესახებ დოკუმენტი.

 

კითხვებზე პასუხები არ აქვს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი ჩავლეიშვილსაც. ის ამბობს, რომ მართალია, ხელშეკრულებას ხელი მან მოაწერა, თუმცა საქმის დეტალებს არც მაშინ იცნობდა და არც ახლა იცნობს:

 

„ეჭვი არ მეპარება არჩილ ვანაძის პატიოსნებაში, ის ბევრს შრომობს. არ ვიცი, რატომ ხდება ეს ყველაფერი და ვერც იმას ვხვდები, რა ხდება“.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

„ტონი და კომპანიასთან შეწყვეტილი კონტრაქტისა და კომპანიასთან სამართლებრივი დავის წამოწყების შემდეგ „ჟილინის არხის“ რეკონსტრუქციის მიზნით მერიამ ხელშეკრულება, ამჯერადაც ელექტრონული ტენდერის საშუალებით, კომპანია „ჰიდროსთან“ გააფორმა. მერიამ ახლა არხის რეკოსტრუქციისთვის 5 მილიონი ლარი გაითვალისწინა, თუმცა საქმე ამჯერადაც ვერ დასრულდა. მერიამ კომპანია სამუშაოების გეგმა-გრაფიკზე ჩამორჩენის გამო ჯერ 250 000 ლარით დააჯარიმა, შემდეგ კი, ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამ შემთხვევაში ბიუჯეტი არ დაზარალებულა, რადგან 2014 წელს სამუშაოების შესრულებისთვის, პრემიერის გადაწყვეტილების თანახმად, ტენდერი საავანსო პოლიტიკას აღარ ითვალისწინებს.

 

ამის შემდეგ „ჟილინის არხის“ რეკონსტრუქციისთვის მერიამ, ამჯერად გამარტივებული ტენდერით, კიდევ ერთი კომპანია – „მშენებელი 80“ შეარჩია. შეთანხმებაში 6 მილიონ 322 000 ლარი ჩაიწერა.

 

რაც შეეხება არჩილ ვანაძისა და ლაშა ბოლქვაძის სისხლის სამართლის საქმეს, გამოძიება 132-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. პარასკევს პროკურორმა ორივე ბრალდებულისთვის 20 000 ლარი გირაოს შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

 

საქმის განხილვა სასამართლოში 15 ივნისს დაიწყება.

გადაბეჭდვის წესი