საცხოვრებელ სახლს, სადაც გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა, დაანგრევენ

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ბათუმში ახვლედიანის ქუჩის N12-ში მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლს დაანგრევენ. საცხოვრებელი სახლი, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო 10 დეკემბერს აფეთქება მოხდა, „ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, საჭიროებს დაუყოვნებლივ დემონტაჟს. „აჭარსპეცპროექტის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვით, დემონტაჟისთვის 120 ათასამდე ლარია საჭირო.

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, „შენობა საფრთხის შემცველია უეცარი ნგრევის საშიშროების მაღალი რისკის გამო. შენობის დაზიანებული ნაწილის 60/70% მთლიანად დასანგრევია, ხოლო ნაკლებდაზიანებული ნაწილი თავის დროზეც ყოველგვარი პროექტის გარეშე სეისმური ნორმების დარღვევითაა აშენებული. რეკონსტრუქციის შემთხვევაში ამ ნაწილში აუცილებელი იქნება სეისმურობის ასამაღლებელი სამუშაოები… შესაბამისად, შენობაზე აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების ჩატარება არარენტაბელურია, მიზანშეწონილია მისი დემონტაჟი და ახლის მშენებლობა“.

„ბათუმის კორპუსში“ აცხადებენ, რომ ჯერ არ ჰყავთ შერჩეული კომპანია, რომელიც შენობის დემონტაჟს მოახდენს. სამუშაოების პირდაპირ შესყიდვაზე „ბათუმის კორპუსი“ შესყიდვების ეროვნული სააგენტოს თანხმობას 30 დეკემბრამდე ელოდება. თანხმობის მიღების შემდეგ შეირჩევა კომპანია, რომელმაც შენობის დემონტაჟი მაქსიმუმ 30-40 დღეში უნდა მოახდინოს.

ამ კორპუსში, ბათუმის მერიის ინფორმაციით, 9 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებსაც ბინები ბათუმის მერიამ უქირავა. ქირით გვერდით კორპუსში მცხოვრები კიდევ ერთი ოჯახია გაყვანილი. მერიის მუდმივმოქმედი კომისიის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, „პირველადი პირობების შექმნის მიზნით“ მატერიალური დახმარება 1000-1000 ლარის ოდენობით 10 ოჯახზე გაიცა.

„ბათუმის კორპუსში“ აცხადებენ, რომ განიხილება რამდენიმე სცენარი, თუ რა მოხდება შენობის დემონტაჟის შემდეგ, თუმცა გადაწყვეტილი არ არის ახალი შენობის აშენების საკითხი. სავარაუდოდ, შესასწავლი იქნება რამდენად უსაფრთხოა გვერდით [ახვლედიანის N14-ში] მდგომი კორპუსიც.

„ბათუმის კორპუსი“ შეაკეთებს ახვლედიანის N15-ში მდებარე შენობის სახურავსაც, რომელიც აფეთქების შედეგად დაზიანდა. სახურავის შეკეთებაში ბათუმის ბიუჯეტიდან 42 ათასი ლარი დაიხარჯება. „ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, სამუშაოებს შპს „ნამი +“ შეასრულებს. ამ სახლში მცხოვრებმა ორმა ოჯახმა სახურავის შეკეთების პერიოდში საკუთარი ბინები დროებით უნდა დატოვოს. მათ ერთი თვით ბინის ქირაობისთვის 700-700 ლარს გადაუხდიან.

ახვლედიანის ქუჩა, მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის, აფეთქების დღიდან ამ დრომდე გადაკეტილია

მთავარი ფოტო: აფეთქება ბათუმში, ახვლედიანის 12-ში / მანანა ქველიაშვილის ფოტო

ამავე თემაზე:

ბათუმში აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლი დასანგრევია

ექსპერტი: უკეთესია, აფეთქებული სახლის დემონტაჟი მოხდეს

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com