სიახლეები

ვინ ამოიცნო ვიდეოკადრებში ნაციონალურმა მოძრაობამ

10.06.2015 • 1525
ვინ ამოიცნო ვიდეოკადრებში ნაციონალურმა მოძრაობამ

 

სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრი
სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრი

სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებზე ჩანს, სამი, სახეზე ნიღაბაფარებული ადამიანი თუ როგორ აკრავს ოფისზე პლაკატებს და წარწერებს აკეთებს. ჩანაწერი დაახლოებით 25 წუთს გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში ამბობენ,  რომ ამ ადამიანებს, სავარაუდოდ, ხელშეუხებლობის გარანტია ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დილის 5 საათზე ქალაქის მთავარ ქუჩაზე, [ნაციონალური მოძრაობის ოფისი ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს] ასე „აუღელვებლად, ნიღბებით“ წარწერების გაკეთებას ვერ გაბედავდნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბათუმის საკრებულოს წევრი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ეს მთავრობის დაკვეთით მოხდა და კონკრეტულ პირებს ასახელებს:


„ადამიანები, რომლებმაც ჩვენი პარტიის ოფისი დააზიანეს, ნიღბებით იყვნენ,  მოქმედებდნენ ძალიან აუღელვებლად, ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე. ეს  ცხადყოფს იმას, რომ მათ ჰქონდათ დავალებები მიღებული აჭარის მთავრობისგან. კადრებში ჩვენ ამოვიცანით ჭეიშვილის [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე] ცნობილი ზონდერი მერაბ ღოღობერიძე, მასთან ერთად გახლავთ მერიის თანამშრომელი დავით ლორია. ცალსახაა, რომ მათ დავალება ჰქონდათ მიღებული ხაბაძისგან და მასზე ზედამხედველობას ახორციელებდნენ ჭეიშვილი და ერმაკოვი“ – ამბობს გიორგი კირთაძე.


„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ამოცნობილი“ მერაბ ღოღობერიძე ენმ-ის ბრალდებას უარყოფს. იგი ამბობს, რომ ამ საქმეში მას მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მიიჩნევს, რომ ის, რაც მოხდა, დანაშაული არ არის და ამბობს, რომ ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღებაც შეუძლია:


„მე არ ვმონაწილეობდი აღნიშნულ ქმედებაში, მაგრამ  მე ვერ ვხედავ ვერანაირ დანაშაულს. პლაკატებმა შეახსენა საზოგადოებას დამნაშავე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი რას აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს არ გამიკეთებია, მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ეს არის დანაშაული, მაშინ მე ჩამიდენია – მე ვიღებ საკუთარ თავზე, როგორც „ალ ქაიდა“, სიტყვაზე… მათ ჩემი ჩრდილი იცნეს ღამის საათებში? ხვალ რომ მომიწიოს ამის გაკეთება, ჩავიდენ, მე ვფიქრობ არ არის დანაშაული პლაკატების მიკვრა“ –  ამბობს მერაბ ღოღობერიძე. 


მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მერიის ავტოსატრანსპორტო მონიტორინგის სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე მას შემდეგ დატოვა,  რაც ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ენმ-ის წევრ პეტრე ზამბახიძისათვის კვერცხების დაშენაში მიიღო მონაწილეობა.


დავით ლორია, რომელიც ბათუმის მერიის „აიპის“ თანამშრომელია, ამბობს, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტში არ მონაწილეობდა:


„ეს რომ ჩემი იდეა ყოფილიყო, ამას საჯაროდ და ღიად, აქციის სახით გავაკეთებდი, ტელევიზიებს მოვიწვევდი და ისე. რა არის დასამალი, ის, რომ წლების განმავლობაში ადამიანებს აწამდნენ, ეს ყველასავთის ცნობილია. ამას ღამით და ფარულად არ გავაკეთებდი. ის ბრალდება, რომ გია ერმაკოვის სახელი კიდევ გაისმა დღეს, ძალიან არასერიოზულია, მათ პრინციპში არაფერი დარჩენიათ, არ იციან რა გააკეთონ, რა თქვან. ალბათ ერთგვარი სიურპრიზი მოაწყო ვინმემ, სხვა დანაშაულებრივ ქმედებას მე ვერ ვხედავ. მე მიკვირს, რატომ გაასაჯაროვეს ეს, რატომ მოიწვიეს ტელევიზიები. მე მათ ადგილას ამას ჩუმად ჩამოვწმენდდი და ამ კადრებს კიდევ ერთხელ არ ვაჩვენებდი ადამიანებს“ – ამბობს დავით ლორია. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე გაკეთებული წარწერების გამო ბათუმის მესამე გამყოფილებამ მოკვლევა უკვე დაიწყო, ადმინისტრაციული სამართალდადღვევის კოდექსის 150-ე მუხლით – თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა – რაც იწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

 

 „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი არ აქვთ იმედი, რომ საქმე გამოძიებული იქნება. 

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის ბათუმში, რომცა „ენმ“-ის ოფისთან ან პარტიის წევრების მიმართ სხვადასხვა სახის ინციდენტი ხდება.

 

2014 წლის 21 ივნისს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს, ლევან ტეტემაძეს სცემეს.  ენმ-ის განცხადებით საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.  

 

2015 წლის 14 მარტს ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, პეტრე ზამბახიძეს კვერცხები ესროლეს.  ინციდენტში მონაწილე გიორგი თუშმელაშვილი აღნიშნული ფაქტის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა. თუშმელაშვილი ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის მონიტორინგის სამსახურის უფროსია. 

გადაბეჭდვის წესი