რეკლამა,სიახლეები

ბათუმში DCFTA საინფორმაციო ცენტრის ოფისი გაიხსნა

26.12.2017 • 2286
ბათუმში DCFTA საინფორმაციო ცენტრის ოფისი გაიხსნა

ბათუმში DCFTA საინფორმაციო ცენტრის ოფისმა დაიწყო ფუნქციონირება, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ ევროკავშირის ბაზრისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მიხედვით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე მიიღონ ინფორმაცია. ცენტრის აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფისში ფუნქციონირებს და ის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი სერვისია.

DCFTA საინფორმაციო ცენტრის იდეის განხორციელებას საფუძველი 2016 წლის 28 ნოემბერს ჩაეყარა, როცა ევროკავშირსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტს – „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც საქართველოს ხუთ ქალაქში პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის ოფისები გაიხსნა. ბათუმის ცენტრი სწორედ ამ პროექტის ნაწილია.

 „DCFTA საინფორმაციო ცენტრის ბათუმის ოფისი ადგილობრივ მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. მოგეხსენებათ, ევროკავშირთან  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთახნება საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია და მისი მარტივ ენაზე კონსულტაციის სახით გადმოცემა ექსპორტის პოტენციალის მქონე მეწარმეებს და არა მარტო მათ სირთულეებს თავს აარიდებს. გარდა ამისა, ცენტრში მათ სარეალიზაციო ბაზრების მოძიების კუთხითაც უწევენ კონსულტაციას“- აცხადებს DCFTA საინფორმაციო ცენტრის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვეკუა.

გიორგი ვეკუა

გიორგი ვეკუა

სერვისი  „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მუშაობს  და მეწარმეთა მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას ითვალისწინებს. მეწარმეთათვის ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად საინფორმაციო ცენტრში  ექსპერტი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.  ადგილზე კონსულტაციის ფარგლებში ნებისმიერ მეწარმეს, ვისაც სურს პროდუქტის ევროკავშირში ექსპორტი და DCFTA-ს პირობებით სარგებლობა, საკუთარი პროდუქციის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ან უბრალოდ აინტერესებს დეტალები ევროკავშირის რეგულაციების შესახებ, საშუალება აქვს მივიდეს და მიიღოს საკონსულტაციო მომსახურება საინფორმაციო ცენტრის ოფისში.

ექსპერტი სატელეფონო კონსულტაციის მეშვეობით სამუშაო დღის განმავლობაში (10:00-18:00) ინფორმაციას აწვდის ევროკავშირის ბაზრითა და რეგულაციებით დაინტერესებულ მეწარმეებს.ამასთანავე, მეწარმის დროისა და ენერგიის დასაზოგად  ცენტრის ექსპერტი ყოველთვიურად გეგმავს და ატარებს გასვლით შეხვედრებს საწარმოებში, სადაც ადგილზე პასუხობს ბიზნეს სექტორის შეკითხვებს ევროპის ბაზრის შესახებ.

DCFTA საინფორმაციო ცენტრის პროექტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სისტემატურად გეგმავს და ატარებს ტრენინგებს ადგილობრივი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ევროკავშირის ბაზარზე არსებული რეგულაციების შესახებ. ტრენინგის თემატიკის განსაზღვრა ხდება მეწარმეებთან ყოველდღიური შეხვედრებისა და კონსულტაციების, მათი საჭიროებების შესწავლის საფუძველზე. დაინტერესებული მეწარმეებისთვის ტრენინგებში მონაწილეობა უფასოა.

გადაბეჭდვის წესი