სიახლეები

ერთი კვირით გაზრდილი დეპუტატის ხელფასი

10.06.2015 • 1437
ერთი კვირით გაზრდილი დეპუტატის ხელფასი

 

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე აცხადებს, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების ხარჯები ქედის საკრებულოში ამ ეტაპზე არ გაიზრდება. „საკითხის განხილვას უახლოეს საკრებულოს სხდომაზე ვფიქრობთ. მე თანახმა ვარ, რომ მოხდეს მატება, თუმცა თანხა რომ დაემატოს, ამისთვის საჭიროა ფინანსური რესურსი. ამ ეტაპზე ეს არ გვაქვს“, – ამბობს ამირან ცინცაძე.

 

სადეპუტატო უფლებამოსილების შესასრულებლად ანაზღაურება 400 ლარით, 950 ლარამდე გაეზარდათ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, საპრემიო ფონდის გაუქმების ხარჯზე, თუმცა ერთი კვირით. სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებისთვის ხელფასის გაზრდის მოთხოვნით ინიცირება შუახევის საკრებულოში დამოუკიდებელმა დეპუტატმა გელა აბაშიძემ შეიტანა. საკითხი, რომელიც რიგითი წევრების, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებისთვის ხელფასის ზრდასა და საპრემიო ფონდის გაუქმებას ითვალისწინებდა, საკრებულომ მარტის ბოლოს განიხილა, სხდომაზე დამსწრე 20 დეპუტატიდან უმრავლესობამ ხელფასების მატებასა და პრემიის გაუქმების საკითხს მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა გაზრდილი ხელფასიც კი აიღეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა და ხმების უმრავლესობით გადაწყდა, რომ დეპუტატებს 950 ლარის ნაცვლად ისევ 550 ლარი აეღოთ. ასევე, თანამდებობის პირებისთვის ძალაში დარჩენილიყო დანამატი.

 

საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“  და ფრაქციის თავმჯდომარე სოსლან ზოიძე აცხადებს, რომ გაუქმებული პრემიის აღსადგენად და გაზრდილი ხელფასის შესამცირებლად წარმოდგენილი საკითხის მხარდასაჭერად საკრებულოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

 

„მოვითხოვდით რიგითი დეპუტატის ხელფასი 400 ლარით, ხოლო თანამდებობის პირების ხელფასი 200 ლარით გაზრდილიყო. თანამდებობის პირებიდან ხელფასი არ ეზრდებოდა მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს, რადგან ის მაქსიმალურ თანხას – 2650 ლარს იღებს და მეტი ზრდა კანონით არ შეიძლებოდა. პრემიაზე საკრებულოში 100 000 ლარამდე თანხა იხარჯება და თანამდებობის პირები იღებენ, რიგითი დეპუტატები კი – არა. წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ამ გადაწყვეტილებით თანამდებობის პირები ზარალდებოდნენ – პრემიას ვერ აიღებდნენ, ყველა ღონე იხმარეს, რომ გაზრდილი ხელფასები ისევ შემცირებულიყო და პრემიები აეღოთ“, – ამბობს სოსლან ზოიძე.

 

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე კი ამბობს, რომ ხელფასების გაზრდით კანონი დაირღვა:

 

„იმ მომენტში, როდესაც ინიცირება შემოიტანა დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა, ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდით, არ იყვნენ იმ დღეს ჩვენი მხარდამჭერები და საკითხი გავიდა. ბიუჯეტში ცვლილების გარეშე ხელფასის ზრდა არ შეიძლება, ამდენად მომდევნო სხდომაზე, როცა ჩვენ ვიყავით უმრავლესობა, ისევ განვიხილეთ საკითხი და ანაზღაურება უცვლელი დარჩა.

 

ხელფასი რომ გაიზარდოს, ამისთვის ბიუჯეტში ცვლილება უნდა შევიდეს, რისთვისაც გამგებლის წერილი უნდა იყოს. ასეთი წერილი კი არ არსებობდა. არის მუნიციპალიტეტები, სადაც უფლებამოსილების შესრულებისთვის რიგითი დეპუტატები 150-200 ლარს იღებენ, ქვეყნის მასშტაბით რიგითი დეპუტატების ანაზღაურება შუახევსა და, ზოგადად, აჭარის მაღალმთიანეთში საკმარისია, უფლებამოსილება რომ შეასრულონ – 450 ლარს იღებენ ხელზე. ეს საჯარო მოხელის სპეციალისტის ხელფასს უტოლდება“.

 

გადაბეჭდვის წესი