ბათუმში ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში, ევროპის მოედანზე, ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა, სადაც ტრადიციული რეცეპტებით დამზადებული ღვინისა და ყველის დაგემოვნება და ყიდვა არის შესაძლებელი. პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებშია დამზადებული.

ფესტივალის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ საუკეთესო მეწარმეები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვა. ღონისძიების საკონცერტო ნაწილში მონაწილეობდნენ ჯგუფი „ბანი“ და ანსამბლი ,,ელესა“.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და „აგროსერვისცენტრის” ორგანიზებით, ღვინისა და ყველის ფესტივალი 2 დღეს გაგრძელდება.

ღვინისა და ყველის ფესტივალი ბათუმში / 26.12.2017/ ფოტო: აჭარის მთავრობა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი