სიახლეები

ყაზახური და უნგრული მედია აჭარის შესახებ

10.06.2015 • 1479
ყაზახური და უნგრული მედია აჭარის შესახებ

 

ყაზახი ჟურნალისტები ბათუმში

 

„აქ ყაზახი ტურისტები უყვართ და მათ მთელი წლის მანძილზე ელიან’’ – აცხადებს ყაზახეთის მე-7 არხის ერთ-ერთი წამყვანი და აჭარა-ბათუმს ვრცელ სიუჟეტს უძღვნის. სიუჟეტში ჟურნალისტი მაყურებელს აჭარის მთის, ჩანჩქერების, ზღვისა და უნიკალური ღირშესანიშნაობების მიმზიდველობაზე ესაუბრება და რეგიონს არამარტო ზაფხულში, არამედ წლის ნებისმიერ სეზონზე საინტერესო ტურისტულ დესტინაციად მიიჩნევს. უგემრიელესი აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებასთან ერთად ჟურნალისტი მაყურებელს მთიან აჭარაში სტუმრობასაც ურჩევს. „აჭარაში სასტუმროების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, უმჯობესდება სერვისი. აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობ, რადგან საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პოლიცია და კეთილგანწყობილი ხალხია…“- წერია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აჭარის პოპულარიზაციას მიეძღვნა ასევე ორი ვრცელი სიუჟეტი ყაზახეთის „1 არხის“ ნაციონალურ ტელევიზიის გადაცემებში, სადაც ჟურნალისტები მაყურებელს თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ და არდადეგების გატარებას ბათუმში ურჩევენ.

 

ტელევიზიების გადამღები ჯგუფები ბათუმში 11-15 მაისს, მედია ტურის ფარგლებში, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდნენ. გარდა სატელევიზიო სიუჟეტებისა, ზაფხულის ცხელ სეზონამდე უკვე გამოქვეყნებულია სტატიები ყაზახეთის წამყვან ბეჭდურ და ონლაინმედიაში.

 

აჭარის შესახებ სარეკლამო მასალები გაჩნდა უნგრულ მედიაშიც, „უნგრეთის ბეჭდურ და ონლაინსაშუალებებში საქართველოს, ისევე როგორც მისი ულამაზესი ზღვისპირა რეგიონის – აჭარის შესახებ მრავალი სარეკლამო ხასიათის სტატია დაიბეჭდა. წამყვანი მედიის 8 სხვადასხვა პორტალსა და ჟურნალში 10-ზე მეტი სტატია მიეძღვნა შავი ზღვის ულამაზეს ქალაქს – ბათუმს, მის ღირშესანიშნაობებს, აჭარული სამზარეულოს ტრადიციებსა და ღვინოს“.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: