დაბრუნდა თუ არა ბიუჯეტში მითვისებული 5 მილიონი

აჭარის 2018 წლის ბიუჯეტი უმაღლესმა საბჭომ ისე დაამტკიცა, გაურკვეველია ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ანგარიშიდან მითვისებული 5 მილიონამდე ლარის საკითხი.

შპს „ჰიგიენა 2009“ ახორციელებს აჭარის მყარი ნარჩენების პროექტს, რისთვისაც აჭარის მთავრობას 3 მილიონი ევრო სესხის სახით აქვს აღებული. ამ კომპანიის ანგარიშიდან 5 მილიონამდე ლარის მითვისებაში კი სასამართლომ კომპანიის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმდინარე წლის 13 ნოემბერს წერილობით მივმართეთ. ვითხოვდით, კონკრეტულად რა ოდენობის თანხა მიითვისა შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილმა დირექტორმა [საუბარი იყო 5 მილიონ ლარზე] და დაბრუნდა თუ არა კომპანიის ანგარიშზე აღნიშნული თანხა ან თანხის ნაწილი, კონკრეტულად რამდენი]?

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კითხვაზე არ გვიპასუხა. მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ, პასუხის გაცემა „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორს, გიორგი ლომთათიძეს დაავალა:

„ჰიგიენა 2009“-ის დირექტორისგან მიმდინარე წლის 27 ნოემბერს მიღებული წერილით პასუხი კითხვაზე – დაბრუნდა თუ არა კომპანიის ანგარიშზე თანხა – ვერ მივიღეთ:

მითვისებული მილიონებით აჭარის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ დაინტერესდა, რაც ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებშიც აისახა: „მყარი  ნარჩენების  მართვის პროგრამისთვის გათვალისწინებული რა  თანხა  იქნა  მითვისებული  შპს „ჰიგიენა 2009“-ის ბიუჯეტიდან და რამდენია უკან დაბრუნებული“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პასუხი არც უმაღლესი საბჭოს ოპოზიციურ ფრაქციას გასცა.

„შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორის მიერ (ირაკლი ცეცხლაძე) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 4 984 200 ლარის მითვისების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა განაჩენი და ირაკლი ცეცხლაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ“, – აღნიშნული იყო [შენიშვნების პასუხად] აჭარის მთავრობის მიერ ბიუჯეტის პროექტის დამუშავებულ ვარიანტში.

იმავე ფრაქციის შეკითხვაზე – „რატომ  შეფერხდა  მყარი  ნარჩენების  მართვის პროგრამა, რომლის განხორციელებაც უნდა დაწყებულიყო 2016 წელს, და რომლის შეფერხებით დაწყების გამო ბიუჯეტიდან ფინანსდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმები?“ – აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ასეთია:

„…2017 წლის 10 თებერვალს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ის ვებგვერდზე გამოცხადდა ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობისათვის – საერთაშორისო ტენდერი… ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა უპრეცენდენტოდ ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ, რაც ართულებდა სატენდერო პროცედურების წარმოებას. ამიტომ, დონორი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად შეიცვალა სატენდერო პირობები და ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობისათვის საერთაშორისო ორეტაპიანი ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.

ტენდერში მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 21 სექტემბერი. ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობის ტენდერში დაინტერესებული 8 კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა სატენდერო განაცხადები. შემოსული განაცხადების განხილვასა და შესწავლას ახდენს შპს „ჰიგიენა 2009“-ს სატენდერო კომისია, ასევე შპს ,,ჰიგიენა 2009“-ს მიერ შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი EBRD-ის შესყიდვების საერთაშორისო ექსპერტი, მშენებელ-ინჟინერი და პროექტის „მყარი ნარჩენების მართვა აჭარაში“ ფარგლებში ელექტრონული ტენდერით შერჩეული, ზედამხედველი კომპანია შპს „ფორმა 2-“ის ფილიალი საქართველოში“.

სატენდერო პროცესი, სავარაუდოდ, დასრულდება 2018 წლის თებერვლის დასაწყისში. შესაბამისად, საამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2018 წლის მარტიდან“.

„აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის“ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, სესხის აუთვისებელ ნაწილზე, 2010 წლიდან [სასესხო ხელშეკრულების გაფორმებიდან] დღემდე, აჭარის ბიუჯეტიდან მთავრობა იხდის ვალდებულების გადასახადს. აჭარის აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, „ყოველწლიურად, ეს გადასახადი აუთვისებელი თანხის 0,5%-ია… 2017 წლის 9 თვის მდგომარეობით, 2010-2017 წლებში ჯამურად გაწეულია 154,6 ათასი ევროს ხარჯი, მაშინ როდესაც პროექტის განსახორციელებლად საკრედიტო რესურსიდან თანხების მიმართვას ადგილი არ ჰქონია“.

სესხის აღებიდან თითქმის 8 წელია გასული. აუდიტის მონაცემებით, 3 მილიონი ევროდან 2,7 მილიონი ევრო აუთვისებელია.


აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი EBRD-ის და SIDA-ს მხარდაჭერით ხორციელდება და საერთო ინვესტიცია 7 მილიონი ევროა. ნაგავსაყრელის პროექტი ითვალისწინებს ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას სოფელ ცეცხლაურში, ასევე ბათუმისა და ქობულეთის მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას.

ამავე თემაზე:

აუდიტი 5 მილიონის მითვისებასა და თანხის არამიზნობრივად გამოყენებაზე აჭარის საწარმოებში

როგორ მოახერხა ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონის მითვისება

რა შეცვალა ეკონომიკის სამინისტრომ 5 მილიონის მითვისების შემდეგ

რა თანხას დაიბრუნებს სახელმწიფო მითვისებული 5 მილიონიდან

„5 მილიონის საქმეზე“ ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ახალი ნაგავსაყრელი და მითვისებული მილიონები

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com