მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია – „ერთმანეთის გასაძლიერებლად“ იქმნება

26.12.2017 • 2818
ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია – „ერთმანეთის გასაძლიერებლად“ იქმნება

დღეს, 26 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ ახალ ფრაქციას ქმნის. ფრაქციის თავმჯდომარე იქნება ნატალია ძიძიგური. ფრაქციაში კიდევ ორი წევრი იქნება – ნერიმან ცინცაძე და მუხამედ ართმელაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საკრებულოში, მირდატ ქამადაძეს მიაჩნია, რომ ეს არის „ფორმალურად შექმნილი“ ფრაქცია. ნატალია ძიძიგური კი ამბობს, რომ ახალი ფრაქცია „მხოლოდ ერთმანეთის გასაძლიერებლად იქმნება“.

ნატალია ძიძიგურის თქმით, ახალ ფრაქციაში „პარტია კონსერვატორების“ წევრები ერთიანდებიან. ახალი ფრაქციის სახელწოდებაა – „ქართული ოცნება-კონსერვატორები“.

ბათუმის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია 20 დეკემბერს შეიქმნა. ამ ფრაქციას ანზორ დევაძე ხელმძღვანელობს.

შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ბათუმის საკრებულოში, ჯერჯერობით, სამი ფრაქცია ჰყავს. ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შემდეგ 19 წევრი შეიყვანა.

ახალი ფრაქციის შექმნა ნიშნავს ახალ დამატებით ხარჯებს. ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 2 ათასი ლარია.

როგორც მეორე ფრაქციის შექმნის შემდეგ საკრებულოში განმარტეს, ფრაქციას ეყოლება ერთი სპეციალისტი, რომლის ხელფასი 900 ლარი იქნება დარიცხვით.

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომას უჩვეულოდ ბევრი მოქალაქე ესწრება. სხდომას ესწრება ბათუმის მერი, ლაშა კომახიძეც.

ბათუმის საკრებულოს სხდომა. ფოტო: ცაგო კახაბერიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: