საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის სტუდიის ასაშენებლად 1 მილიონ ლარს დახარჯავს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის სტუდიის მოსაწყობად, ახალაშენებულ, 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე 26-ე სართულს დააშენებს. მშენებლობისთვის მაუწყებელმა ტენდერი უკვე გამოაცხადა თანხით – 1 მილიონ 284 ლარი. იმ ფართობში გადახდილ თანხას კი, რომელზეც ახალი სართული უნდა დაშენდეს, საზოგადოებრივი  მაუწყებელი არ ასაჯაროებს [მაუწყებელს საოფისე ფართობში მინიმუმ 250 ათასი და მაქსიმუმ 320 ათასი დოლარი უნდა ჰქონდეს გადახდილი].

კორპუსზე დაშენების ნებართვა მიმდინარე წლის აგვისტოშია გაცემული ბათუმის მაშინდელი მერის, გიორგი ერმაკოვის მიერ.

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ახალაშენებულ მრავალსართულიან კორპუსში 492,2 კვ/მ ფართობის ტერასა [კორპუსის სხვენი] მაუწყებელმა ბათუმის სტუდიის მოსაწყობად მიმდინარე წლის აგვისტოში შეიძინა. შეძენილ უძრავ ქონებაზე ასაშენებელი რეგიონული ოფისის პროექტის შექმნაში მაუწყებელმა 23 600 ლარი გადაუხადა კორპუსის/შენობის პროექტის ავტორს – გიორგი გაბაშვილს. მაუწყებლის ოფისი ამ პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისის დაპროექტება ხდება ბათუმის ახალ უბანში შპს „რეალ პალასის“ 25-სართულიან შენობაში „ა“ კორპუსის 26-ე სართულზე ფიროსმანის ქუჩა #18-ში. შენობა ექსპლუატაციაში მიღებულია რამდენიმე თვის უკან. 25-ე სართულის სახურავზე ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისის დაშენება. სახურავზე ამოდის კიბის უჯრედი და ლიფტის ტექნიკური სართული,“ – აღნიშნულია პროექტში.

მშენებლობისთვის ამწეს განსათავსებლად და ღია საწყობის მოსაწყობად კორპუსებს შორის არსებული შიდა ეზო დროებით შემოიღობება.

შენობა, რომლის 25-ე სართულზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბათუმის ოფისი უნდა დაშენდეს.
ფოტოები პროექტიდან

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბათუმის სტუდია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 185 დღეში უნდა აშენდეს. ტენდერი კი 2018 წლის 29 იანვარს დასრულდება.

პროექტი ითვალისწინებს ახალი სართულის აშენებას, გადახურვას, ვენტილაციის, წყლისა და ელექტროგაყვანილობის სისტემების მოწყობას, სატელევიზიო და სატელეფონო როზეტების დაყენებას, მეხამრიდის, ასევე სახანძრო კარადის [ცეცხლმაქრით] მონტაჟსა და სხვა სამშენებლო სამუშაოებს.


ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მაუწყებელმა ბათუმის სტუდიისთვის შეძენილ ქონებაში გახარჯული თანხის ოდენობა არ დაასახელა. მაუწყებლის მიერ „ბათუმელებისთვის“ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოგზავნილ წერილში, რომელსაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, დიმიტრი ბერძენიშვილი აწერს ხელს, მიგვითითეს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლშიც აღნიშნულია „ფართის სავარაუდო ოდენობა და 1 კვ.მ.-ის სავარაუდო ღირებულება“.

მითითებული წერილი გვამცნობს იმის თაობაზე, რომ მაუწყებლის დირექტორს მიეცა თანხმობა „რეგიონალური სტუდიის მოწყობის მიზნით ბათუმში, ცენტრალურ უბნებში, შეიძინოს დაახლოებით 500 კვ.მდე ფართის [+-10%] უძრავი ქონება მშენებლობის ნებართვით [1 კვ.მ.-ის ღირებულება სავარაუდოდ 200 აშშ დოლარი [ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში], რომელიც უნდა იყოს განთავსებული ქალაქის ცენტრის მაღალსართულიანი შენობის ზედა სართულზე, ოთხმხრივი ხედით ქალაქზე, საიდანაც მოხდება ქალაქის იერსახის მახასიათებელი ადგილების იდენტიფიცირება და ტელეკამერებს ექნებათ წვდომა ქალაქის ყველა მნიშვნელოვან წერტილთან“.

მშენებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ მაშინ უთხრეს, რომ აღნიშნულ კორპუსში [სადაც ბათუმის სტუდია უნდა განთავსდეს] 1 კვ/მ ფართობი 500-დან 650 დოლარამდე ღირდა. შესაბამისად, მაუწყებელს საოფისე ფართობში მინიმუმ 250 ათასი და მაქსიმუმ 320 ათასი დოლარი უნდა ჰქონდეს გადახდილი.

„ოფიციალურად გაგზავნილი“ წერილით „ბათუმელებმა“ თანხის ოდენობასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან სხვა ინფორმაციის მიღებაც ითხოვა:

  • როგორც ვიცით, აღნიშნულ ფართობში უნდა განთავსდეს მაუწყებლის რეგიონალური ოფისი/სტუდია. იყო თუ არა შესაძლებელი და თუ არა რატომ, მაუწყებლის ოფისი განთავსებულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარგებლობაში არსებულ შენობაში?
  • ხომ არ იგეგმება ბათუმში ახალშეძენილ ფართობში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განთავსება?
  • საქართველოს რომელ რეგიონებში [კონკრეტულად სად] იგეგმება მაუწყებლის რეგიონალური ოფისების გახსნა? რა თანხა აქვს ამისთვის გათვალისწინებული ჯამში მაუწყებელს?
  • ამ დროისთვის სად და რამდენად აქვს შეძენილი ქონება მაუწყებელს რეგიონალური ოფისებისთვის?

საზოგადოებრივ მაუწყებელმა არცერთ ამ კითხვას პასუხი არ გასცა, თუმცა „დამატებით გვაცნობა“, რომ „განმარტების გაკეთება ამა თუ იმ საკითხებზე და იმის შესახებ, თუ რას აპირებს და გეგმავს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი რეგიონალური სტუდიების მოწყობასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის კატეგორიას“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა წლის დასაწყისში წარმოადგინა, მაუწყებელი მთლიანობაში ცხრა რეგიონული ოფისის გახსნას გეგმავს. 

ამავე თემაზე:

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის ოფისის ყიდვისთვის დახარჯული თანხის ოდენობას ისევ მალავს

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმში ოფისისთვის ფართობი იყიდა

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com