მეწყერმა სოფელ კობალთაში გზა ჩაკეტა

მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ ამ უბანში მცხოვრებ 10 ოჯახთან დამაკავშირებელი საუბნო გზა ჩაკეტა.

შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა იწმინდება და საავტომობილო მიმოსვლა მთლიანად აღდგება.

„გზის გაწმენდა მიმდინარეობს, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეფერხება არ არის, საუბარია მხოლოდ საუბნო გზაზე, სადაც მეწყერი ხშირად ვითარდება, აქ მეწყერი ორი დღის წინაც ჩამოვიდა, გავწმინდეთ და ისევ განმეორდა მეწყრული პროცესები. ეს გზა რისკის შეცველია, საგზაო დეპარტამენტთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ. მართალია, მეწყრული პროცესები საცხოვრებელს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა მეწყერი გზის ჩაკეტვას იწვევს,“ – აცხადებს ფრიდონ ფუტკარაძე.

მთავარი ფოტო: მეწყერმა სოფელ კობალთაში გზა ჩაკეტა / შუახევის მერიის ფოტო
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი