მთავარი,სიახლეები

საშობაო მსახურება ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში

25.12.2017 • 1780
საშობაო მსახურება ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს, 25 დეკემბერს, ქრისტეშობის დღეს აღნიშნავს. საშობაო მსახურება ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში გუშინ, საღამოს,  22:00 საათზე დაიწყო. პასტორმა ვარლამ რამიშვილმა შობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, შობა ეს არის ღვთიური საიდუმლო, რომლის არსი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გააზრებული.

„პავლე მოციქული ღმერთის ხორცში გამოჩენას დიდ სასწაულს უწოდებს. ღმერთი გამოჩნდა ხორცში, ეს სასწაულია, რომელიც საიდუმლოდ განიხილება ღვთის განგებულობაში, რადგან არ შეუძლია ჩვენს გონებას გაიაზროს, სრულად გამოთქვას ამ სასწაულის საიდუმლო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სულიწმინდის დახმარებით ჩვენ არ უნდა შევეცადოთ მის გააზრებას და ჩაწვდომას,“-ამბობს ის.

ღვთისმსახურებაზე შესრულდა საშობაო საგალობლები, ბავშვებმა წარმოადგინეს საშობაო პერფორმანსი.

შობის ღამეს ჩაისუბნის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის საშობაო საჩუქრები შეაგროვეს, რომლებსაც დღეს, 25 დეკემბერს, ბავშვებს პერსონალურად გადასცემენ.

24 დეკემბრის საღამოს საშობაო ღვთისმსახურება  ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაშიც ჩატარდა. კათოლიკეებმა წირვა სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ ჩაატარეს, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ხანძარის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობას ძველი სტილით, 7 იანვარს იზეიმებს.

შობის ღამეს ბავშვებმა საშობაო პერფორმანსი წარმოადგინეს

გადაბეჭდვის წესი