მთავარი,სიახლეები

ვინ მიიღებს პრემიას საახალწლოდ აჭარის მუნიციპალიტეტებში

22.12.2017 • 3243
ვინ მიიღებს პრემიას საახალწლოდ აჭარის მუნიციპალიტეტებში

პრემიის გაცემის რაოდენობითა და პროცენტულობით აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ლიდერობს. აქ, ამ დრომდე, პრემია ოთხჯერ გაიცა, ოთხივეჯერ სახელფასო სარგოს 100%-ით. პრემიას ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები საახალწლოდაც აიღებენ, ისევ ხელფასის 100%-ის ოდენობით, ანუ ხელვაჩაურში წლის განმავლობაში პრემია ხუთჯერ გაიცემა.

ხელვაჩაურის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ტარიელ ნაკაშიძის ინფორმაციით, სახელფასო სარგოს 100%-ის ოდენობის პრემიას საახალწლოდ თვითმმართველობის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ებისა და აიპ-ების თანამშრომლებიც მიიღებენ. 2017 წლის განმავლობაში აიპ-ებსა და შპს-ებში პრემია ამ დრომდე ერთხელ გაიცა, ხელფასის 100%-ის ოდენობით.

საახალწლოდ ხელფასის 50%-ის ოდენობით პრემიის გაცემას გეგმავს ხულოსა და ქობულეთის მერიაც.

წლის ბოლომდე მესამედ აიღებენ პრემიას ხულოს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. რაც შეეხება აიპ-ებს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული აიპ-ების თანამშრომლები პრემიას, ხელფასის 50%-ის ოდენობით 2017 წლის განმავლობაში პირველად მიიღებენ.

ხულოს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, ნადიმ ვასაძე განმარტავს, რომ ხულოს საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებისთვის პრემიის გაცემა ბიუჯეტით სამჯერ ჰქონდა გაწერილი. რაც შეეხება აიპ-ებს, აქ პრემიების გაცემა გეგმით მხოლოდ ერთხელ იყო გაწერილი და ისიც სახელფასო სარგოს 50%-ის ოდენობით, ამ დროისთვის კი ბიუჯეტში საკრებულო-მერიისა და აიპ-ების თანამშრომლებისთვის საპრემიო ფონდში ფინანსები არის, რადგანაც მერია-საკრებულოში პრემია ორჯერ გაიცა, ხოლო აიპ-ებში ჯერ არ გაცემულა.

„საპრემიო კომისია შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. დიდი ალბათობით გაიცემა პრემია, რისთვისაც საჭირო ფინანსური რესურსი ბიუჯეტში არის“, – ამბობს ნადიმ ვასაძე.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიას ქობულეთში ხელფასის 50%-ის ოდენობით საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებთან ერთად აიპ-ებისა და შპს-ეების თანამშრომლებიც მიიღებენ, ოღონდ ერთი განსხვავებით – საახალწლოდ პრემიას არ აიღებენ ქობულეთის მერი და მისი მოადგილეები.

2017 წელს ქობულეთში პრემია საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებზე სამჯერ გაიცა, ორჯერ ხელფასის 100%-ით, ერთხელ – 50%-ის ოდენობით.

საახალწლოდ პრემიის გაცემას არ აპირებენ ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობები. ქედის მერიაში განმარტავენ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში საახალწლო პრემიის გაცემა წინასწარ დაგეგმილი არ იყო. ქედის მერიასა და საკრებულოში წელს პრემია ორჯერ გაიცა, ორივეჯერ ხელფასის 100%-ით. რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, შუახევის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომლის, თეიმურაზ კილაძის თქმით, ადგილობრივ ბიუჯეტში საახალწლოდ პრემიის გასაცემად საჭირო ფინანსური რესურსი არ არის:

„პრემიის საახალწლოდ გაცემა არ იგეგმება, ბიუჯეტში საშუალება არ გვაქს, კორექტირება თუ შევიტანეთ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ  80%-ით პრემიის გაცემა ვერ მოხერხდება“.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა 2017 წელს პრემია ხელფასის 50%-ის ოდენობით ოთხჯერ აიღეს. რაც შეეხება შპს-ებსა და აიპ-ებს, პრემია ხელფასის 50%-ის ოდენობით ორჯერ მხოლოდ საბავშვო ბაღებსა და ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულმა თანამშრომლებმა აიღეს, სხვა აიპ-ების თანამშრომლებისთვის პრემია შუახევის მერიას 2017 წლისთვის არ გაუთვალისწინებია.

ამ დრომდე არ გადაუწყვეტიათ, გასცემს თუ არა საახალწლოდ პრემიას ბათუმის მერია. მერიის თანამშრომლებმა პრემია 2017 წლის განმავლობაში ერთხელ, სააღდგომოდ, ხელფასის 100%-ის ოდენობით აიღეს. რაც შეეხება აიპ-ებს, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, მერიის დაქვემდებარებაში მყოფ აიპ-ებში პრემია კვარტალურად გაიცემა. პრემიის ოდენობა აიპ-ებში განსხვავებულია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: