მთავარი,სიახლეები

რა გვერდითი ეფექტი ექნება პრემიერის საჯარო გინებას

22.12.2017 • 3598
რა გვერდითი ეფექტი ექნება პრემიერის საჯარო გინებას

როგორ უნდა შეამციროს ხელისუფლებამ მოზარდებში ძალადობისა და აგრესიის მაჩვენებელი იმ ფონზე, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი და ქვეყნის მმართველი პოლიტიკური გუნდი აგრესიას „ღირსების“ სახელით ამართლებს? როგორია ხელისუფლების მესიჯები და რა გამოწვევების წინაშე დგას ახალი თაობა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე საუბრობს.

ანა, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, პოლიტიკურ ოპონენტს  კამათის დროს შეაგინა. შემდეგ კი თავი იმართლა იმით, რომ მან ამით საკუთარი ღირსება დაიცვა. მაშინ, როცა საუბარია იმაზე, რომ მოზარდებში გაიზარდა ძალადობის, ჩაგვრის შემთხვევები და ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა ინსტიტუციის ჩარევით აკონტროლოს მოზარდები, რა მაგალითს იძლევა ხელისუფლება?   

უნდა ვთქვათ, რომ იმ ინციდენტმა, რაც პარლამენტში მოხდაძალიან გააშიშვლა ის პრობლემა, რაზეც ჩვენ წლებია ვლაპარაკობთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალიან მაღალ აგრესიულ ფონს პოლიტიკური ფიგურები და საჯარო მოხელეები აბრალებენ ხოლმე უბრალო მოქალაქეს და ამბობენ, რომ სოციალური სიდუხჭირეა, მოქალაქეები ვერ აკონტროლებენ თავს, არ იციან და ა.შ. მაგრამ ამ ინციდენტმა კარგად დაგვანახა, რომ აგრესიული ფონი რეალურად კრიტიკულ ზღვარზეა თავად იმ ადამიანებში, რომლებიც ვალდებულნი არიან პრობლემაზე იზრუნონ. პირველ რიგში, პრობლემა მათშია და, შესაბამისად, ლოგიკური გაგრძელება აქვს საზოგადოებაში.

პრემიერის ეს გამოსვლა უაღრესად გასაკრიტიკებელია და ამაზე დებატიც არ უნდა შედგეს. ეს არის, ერთი მხრივ, სამარცხვინო, პრესტიჟის თვალსაზრისით, მეორე მხრივ კი, ვხედავთ, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევა გვაქვს იმაზე, თუ რა არის მორალი, ღირსება და რას ნიშნავს მართავდე ქვეყანას.

„ღირსების“ სახელით აგრესიის გამართლებით დანაშაულის ლეგიტიმაცია ხდება?

ამ ადამიანებს ვერ გაუანალიზებიათ რა პოზიციებზე არიან. მათ არ იციან მათი ვალდებულებები, დაახლოებით ისეთი თემაა, სამსახურში დასაქმებული რომ ვალდებულებას არ ასრულებდეს. მინიმუმ ასეთი ტიპის ვალდებულება დაარღვია პრემიერმა. პირველი ის, რომ უცენზურო სიტყვები არ უნდა გამოიყენო საჯაროდ და, საერთოდ, საკანონმდებლო ორგანოში და მეორე არანაკლები თანმდევი პრობლემა, რაც ამას მოჰყვა არის ის, რომ პრემიერმა ამით საზოგადოებას უთხრა -თუ შეგაგინებენ ან შეურაცხგყოფენ სიტყვიერად, სრული ლეგიტიმაცია გაქვთ ყველას, ბავშვებიდან დაწყებული დიდებით დასრულებული, რომ უპასუხოთ მსგავსი აგრესიით.

ჩვენ გვახსოვს წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვები, რომელიც ასევე ამართლებდა ძალადობას ე.წ. „ღირსების“ სახელით. რატომ ვერ გამოდის ხელისუფლება ამ რიტორიკიდან?

ეს არის როლმოდელი. ხვალ ბავშვი, მოზარდი აიღებს მაგალითს პრემიერისგან, მასწავლებელი აიღებს მაგალითს და კიდევ ბევრი სხვა ადამიანი. ამიტომ ვთქვი, რომ ეს არის ლეგიტიმაცია არაეთიკური საქციელის, რომელიც დაკავშირებულია შემდგომ დანაშაულთან. განსაკუთრებით ბავშვებშია ეს თემა მნიშვნელოვანი, რადგან მათ ვერ მოვთხოვთ აკონტროლონ ქმედება იმგვარად, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას მხოლოდ სიტყვიერად უპასუხონ. მათი ემოციური კონტროლი განსხვავებულია, მაგრამ მორალური და სამართლებრივი თვალსაზრისით, აბსოლუტურად მწვანე შუქი აქვს ანთებული მსგავს მოქმედებებს ხელისუფლების მხრიდან.

პრემიერმა სცადა მობოდიშება ამ ყველაფრის გამო, მაგრამ კიდევ უფრო უარესი გააკეთა, როდესაც ღირსებასთან გაათანაბრა უცენზურო სიტყვების გამოყენება. ეს არც საზოგადოებრივად მისაღები ქცევაა და არც სამართლებრივად.

პოლიტიკური გუნდი ამართლებდა პრემიერის საქციელს…

პოლიტიკური გუნდის ნაწილი, რომელიც ამას იმეორებს, პრაქტიკულად ხაზს უსვამს იმას, რომ მათ ყველას ერთად აღებულს, გუნდს აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა. მათ არ აქვთ გააზრებული რა პოზიციაზე იმყოფებიან და რა ვალდებულებები გააჩნიათ საზოგადოების წინაშე.

ის, რომ საკანონმდებლო ორგანოში, სატელევიზიო გადაცემებში თუ პერსონალურ ურთიერთობებში ადამიანები აგრესიული მეთოდით ურთიერთობენ, ეს მთლიანობაში აფუჭებს ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხს. როცა აგრესია უმაღლესი თანამდებობის პირებისგან მოდის, ამას კიდევ უფრო მეტი დამაზიანებელი დატვირთვა აქვს, რადგან ისინი არიან მაგალითები და ამ მაგალითით აგრესიის კულტივირება ხდება. ამ მაგალითს, როგორც გამართლებას, აუცილებლად გამოიყენებს უმცროსი თაობაც.

ჩვენ გვახსოვს ღირსების სახელით“ მოკლული ქალები,  გვახსოვს დაუსჯელი ადამიანებიც, მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების სახელით“ დანაშაულის გამართლებას კანონი არ იცნობს. ასეთ ვითარებაში რა გამოწვევის წინაშე დგას საზოგადოების უსაფრთხოება?

როცა მთელი პოლიტიკური გუნდი ამ რიტორიკით საუბრობს, შემდეგ აღარავის უნდა უკვირდეს ძალადობის გამოვლინება სხვადასხვა ჯგუფში. „აგრესია დასაშვებია“, – ეს არის ხელისუფლების მესიჯი. და მოჰყვება შემდეგ ამას – „აგრესია დასაშვებია“ თუ: იეჭვიანე, თუ შეურაცხგყვეს, თუ არაღიარებული გენდერული როლი მოირგე და ა.შ. ყველაზე საშიშია ის, როცა აგრესიის მძიმე შედეგებს ადამიანები ხშირად ამართლებენ „ღირსების“ სახელით. ყველაზე ადეკვატური იქნებოდა, თავად პოლიტიკურ გუნდში ყოფილიყო ღია, საჯარო კრიტიკა. ეს იქნებოდა აზრთა გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი გამოხატულებაც და ინდივიდუალური მუშაობის კარგი მაგალითიც. ბოლოს და ბოლოს ადამიანებს ექნებოდათ ალტერნატიული აზრი, რომ გუნდში ყველა ასე არ ფიქრობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ პირიქით.

მე როგორც მოქალაქე, ვფიქრობ, რომ, ზოგადად, ქართულ საზოგადოებას გვახასიათებს ძალადობრივი კომუნიკაცია და ამის გათანაბრება მხოლოდ სოციალურ სიდუხჭირესთან არ არის ძლიერი არგუმენტი. ჩვენ გვახსოვს ისტორიაში პერიოდი, როდესაც ეკონომიკურად შედარებით ნორმალურ მდგომარეობაში ვიყავით, თუმცა ურთიერთობები ბავშვებთან, ქალებთან იყო მუდმივად არაეთიკური, ძალადობაზე ორიენტირებული, უხეში. ამიტომ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვიცით ზრდილობიანი და ეთიკური კომუნიკაცია. ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს ბრაზი და აგრესია, მაგრამ ვფიქრობ, რომ როცა ადამიანი ვითარდება, სწავლობს აგრესიის მართვას.

ამიტომ ვითხოვთ ამდენი ხანია, რომ სკოლაში ასწავლონ ბავშვებს, მოზარდებს, როგორ მართონ აგრესია, როგორ სცენ პატივი ერთმანეთს და როგორ მოითმინონ, პატივი სცენ განსხვავებულ მოსაზრებას ისე, რომ აგრესიასა და ძალადობაში არ გადავიდეს. ეს არის ალბათ ის, რისი მაგალითიც უნდა მივცეთ ბავშვებს, სწორედ მათზე უნდა სწორება, რადგან მომავალში ისინი იქნებიან მინისტრები და პრემიერები.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: