რატომ ევროპა – ერთი სული მაქვს საქართველოც ასე განვითარდეს

ნინა თურაძე, მე-7 კლასის მოსწავლე

პირველი წლები სკოლაში, უბრალოდ, საშინელება იყო. ერთი ახალგაზრდა დამრიგებელი გვყავდა, ქალი. ამ ქალის დამსახურებაა, რომ  ჩვენ – მის მოსწავლეებს გაგვიჩნდა ბევრი კომპლექსი. ბავშვები ვერაფერს ვბედავდით. საერთოდ ვერაფერს. და ძალიან გვეშინოდა (თითქმის ყველა მასწავლებელი ასეთი იყო).

ერთი ბიჭი გვყავდა კლასში, ამ მასწავლებელმა ეს ბიჭი უბრალოდ ამოიჩემა – სულ ეუბნებოდა, მიდი კითხვა დაუსვი შენს კლასელსო. ბიჭს რაღაც შეეშლებოდა. მასწავლებელი ჯერ ორ ქულას უწერდა ჟურნალში, შემდეგ კი ნახევარი საათი ლანძღავდა.

კლასში მოსწავლეების ორი კატეგორია ვიყავით, ვინც სწავლობდა და ვინც არ სწავლობდა. ვინც არ სწავლობდა მთელი დღე ჩუმად იყო, მხოლოდ მაშინ აქტიურობდნენ, როდესაც საჭმელზე გვეძახდნენ ან სპორტის გაკვეთილი გვქონდა. ვინც სწავლობდა ერთი სული ჰქონდა სუსტი თანაკლასელი ჩაეჭრა. ამის გამო კლასი სამ ჯგუფად ვიყავით დაყოფილი. ყველა ჯგუფს თავისი ლიდერი ჰყავდა ( ყველაზე მეტად მათ ვერ ვიტანდი).

ვისაც ყველაზე კარგად ეცვა, ყველაზე პოპულარული იყო ( ეს ეგრეთ წოდებული პოპულარულები  მაგარი  გაუნათლებლები იყვნენ) – რამე ახალს ისწავლიდნენ და მთელი წელი მაგით ამაყობდნენ. თუ მათთან არ იმეგობრებდი გაბულინგებდნენ, მაგალითად, ჩაცმაზე დაგცინოდნენ.

იყო დრო, როდესაც მეც მინდოდა მათ დავმსგავსებოდი. იმიტომ, რომ ძალიან მიჭირდა. მოვახერხე და მათი ჯგუფის წევრი მართლაც გავხდი (არც კი ვიცი ეს როგორ მოხდა). მეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი – სხვისი დაჩაგვრა ძალიან მაგარი იყო. მერე მქონდა ის პერიოდი, როდესაც მივხვდი, რომ ასე არ შეიძლებოდა და ჯგუფიდან წამოსვლა გადავწყვიტე, მაგრამ ისე ვიყავი მათ ამბებში ჩაფლული, ვერაფერს ვაწყობდი…

ახლა უკვე ვიცი, რომ როგორიც ხარ ისეთი უნდა იყო და არაა საჭირო ვინმეს დაემსგავსო, მით უფრო პოპულარობის მოსახვეჭად.

ამ ყველაფერს ჩემი მასწავლებლები ახალისებდნენ: სხვებს ასე ეუბნებოდნენ – ამას მიბაძეთ თქვე ჩერჩეტებოო. ზოგჯერ უარესებსაც.

ჩემი აზრით, სკოლებში ასეთი დამოკიდებულება არ უნდა იყოს. დიახ, ახლა VII კლასში ვარ და მსიამოვნებს, როდესაც მაქებენ, ხშირად მაქებენ, მაგრამ ხანდახან წარმოვიდგენ ჩემს თავს ზოგიერთი ჩემი კლასელის ადგილას და ვფიქრობ, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეთ მასწავლებლებს და მოსწავლეებს ერთმანეთის მიმართ.

მე მიხარია, რომ იმ საშინელ სკოლას უკვე დავაღწიე თავი – ახალი მეგობრები და მასწავლებლები გამიჩნდა. მართალია, ამ სკოლაშიც დღე არ გავა კლასში დირექტორი ან დირექტორის მოადგილე არ შემოვიდნენ და არ დაგვიწყონ ზრდილობაზე ლაპარაკი (ზოგჯერ ერთ საათს გველაპარაკებიან. ყოველ დღე ერთი და იგივე ძალიან მომაბეზრებელია), მაგრამ მაინც უფრო მეგობრული გარემო გვაქვს, ვიდრე ის ჯოჯოხეთი იყო.

დარწმუნებული ვარ ევროპაში ასეთი სიტუაცია არ არის. ევროპა განვითარდა, მაღალ დონეზე დგას.

ერთი სული მაქვს საქართველოც ასე განვითარდეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.