მთავარი,სიახლეები

სვლა ევროპისკენ

22.12.2017 • 4298
სვლა ევროპისკენ

ლანა კაპანაძე, სტუდენტი

,,ჩვენ სრულიადაც დავრწმუნდით, რომ ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ სამაგალითოდ უნდა მიგვაჩნდეს… იმათ ბევრი უშრომიათ ბევრი უმეცადინებიათ, ბევრნაირი საცადი უსინჯავთ, სანამ ახლანდელ თავიანთ მდგომარეობას, მღიმარე ბედს მოიპოვებდნენ“, – წერს ნიკო ნიკოლაძე 1871 წელს,[1] ; „ყოველგვარი ცოდნისა, განათლებისა, ცხოვრების გაუმჯობესობისა და წარმატების წყარო, ჯერჯერობით, დასავლეთი ევროპა არის“[2] – ამბობს სერგეი მესხი.

საქართველოს ევროპისკენ სვლას კიდევ უფრო ღრმა ფესვები და დიდი ხნის ისტორია აქვს, ხოლო ამ ქართველი საზოგადო მოღვაწეების სიტყვები ნათლად მიუთითებს, რომ ქართველი უდიდესი მოაზროვნეები ევროპული ღირებულებების მხარდამჭერები იყვნენ. ევროპამ მართლაც თავისი ხანგრძლივი, სისხლიანი ისტორიის მანძილზე მრავალი გარდაქმნის და რევოლუციის, მშრომელი და გონიერი ხალხის წყალობით შექმნა პატარა სამყარო, რომელიც სამაგალითო გახდა განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფოებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს, ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, არ მიეცა საშუალება თავიდანვე არჩეული გზისკენ პირდაპირ ევლო. შემოსევებისა და დაპყრობების შედეგად საქართველოს ამ გზაზე შეჩერება და ხშირ შემთხვევაში გადახვევაც უწევდა. მიუხედავად დამპყრობელის მიერ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისა, ქართველ ხალხში მუდამ იყო ევროპისკენ სწრაფვის სურვილი, ამიტომ იქმნებოდა ისეთ გაზეთები, როგორიც იყო „დროება“, „ივერია“, „კრებული“, „ცისკარი…“ ევროპული ღირებულებების დამკვიდრებასა და არაევროპული იდეოლოგიის განდევნის მცდელობას შეეწირა ილია ჭავჭავაძეც. ,,მისი გზა მოსკოვსა და პერტოგრადზე კი აღარ მიდის, არამედ შავ ზღვასა სჭრის და დუნაის ხეობაზე გადადის. გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილულ ევროპულ კულტურით კვება, რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი…“ – ამბობს მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც თავის შემოქმედებაში ჩადებული ანტირუსული იდეოლოგიების გამო სტალინის ,,დიდი წმენდის“ მსხვერპლი გახდა.

რატომ ევროპა?

დროსთან ერთად თავისთავად შეიცვალა და კიდევ უფრო განვითარდა ევროპა. მათ არ დაუკარგავთ ისტორია, კულტურა და ტრადიციები – პირიქთ, მათ საფუძველზე შექმნეს ცივილიზაცია, მათ საფუძველზე შექმნეს ევროპული – ჰუმანური ღირებულებები და ფასეულობები. რატომ ევროპა? ევროპა არის ჰუმანიზმზე და ლიბერალიზმზე დაფუძნებული სახელმწიფოთა ერთობა, იმ ფასეულობებზე, რაც ყველაზე ადამიანურია, ფასეულობები, რომლებიც ადამიანთა ურთიერთგაგებას, პატივისცემას და სოლიდარობას ემსახურება. მათთვის უფლებების თვალსაზრისით ამოსავალი წერტილი ინდივიდია. მათ არ აქვთ თავიანთი ინდივიდუალურობის გამოხატვის შიში, მათ იციან გასხვავებულის მიღება, ევროპელი საზოგადოება არის ტოლერანტული და ამასთან ერთად სოლიდარულიც. ევროპის სახელმწიფოები ადამიანთა თანასწორობის პრინციპზეა აგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოები ქმნიან გარემოს, რაც შესაძლებლობების ყველასთვის ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ევროპულმა საზოგადოებამ იცის თავისუფლების ფასი და აფასებენ როგორც საკუთარს, ასევე სხვის თავისუფლებას. ევროპაში მოხუცებს ღირსეული სიბერე და ხალხს თავიანთი შრომის შესაფერისი  შემოსავალი აქვთ.

ევროპა არის ცოდნის აკვანი: სოკრატე, არისტოტელე, ჟან ჟაკ რუსო, გალილეი ნიუტონი, ჰეგელი, კანტი, ჰობსი, ლოკი, ადამ სმიტი, კელზენი, – ეს იმ უდიდეს მოაზროვნეთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ევროპამ გამოზარდა და თავადაც შეუწყვეს ხელი ევროპის განვითარებას, ინოვაციების შემოტანას. ევროპაა განათლების უმნიშვნელოვანესი კერა, თავისი მრავალსაუკუნოვანი უნივერსიტეტებითა და, ზოგადად, განათლების სისტემისადმი მიდგომით. სწორედ მათი განათლებისადმი დამოკიდებილებაა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ევროპის უწყვეტი განვითარებისა.

ევროპაში მედიის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა. მედია პლურალიზმი და მედიის დამოუკიდებლობა უმთავრესი ფასეულობაა. ევროპა მხოლოდ საკუთარ წინსვლაზე არ არის ორიენტირებული. ევროპის ღირებულებაა ისიც, რომ თავისი გამოცდილების გაზიარებით შეძლონ სხვა სახელმწიფოების დახმარება და წვლილის შეტანა განვითარებაში, რათა ერთიანი ძალით დაამყარონ მსოფლიოში წესრიგი. ამ ყველაფერს კი ერთ დასკვნამდე მივყავართ – ევროპა ნამდვილ დემოკრატიაზე დაფუძნებული სახელმწიფოთა ერთობაა, სადაც დემოკრატია თავისი სიკეთეებით უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და პიროვნების განვითარებას.

საქართველოც იმ სახელმწიფოთა შორისაა, რომლებსაც გეზი ევროპისკენ აქვთ აღებული. ევროპეიზაციის პროცესსში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ადამიანის უფლებათა დაცვის თუ საერთოდ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების მხრივ. დღეს, როგორც არასდროს, საქართველო კიდევ უფრო მჭიდრო კავშირშია ევროპასთან, საქართველო მიილტვის, რომ დაუბრუნდეს თავის ფესვებს, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. თავის დროზე ნოე ჟორდანიასაც უთქვამს ევროპაზე: „ის არის სისხლი სისხლთაგანი ჩვენი და ხორცი-ხორცთაგანი ჩვენი“. სწორედ ამ ფონზე, რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპას, მით უფრო ძლიერდება ანტიდასავლური მოქმედებები. ყოველივე ზემოთჩამოთვლილის შემდეგ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ შეიძლება იყოს ევროპა მიუღებელი? პირველ რიგში, ამის მიზეზი წარსულია. საქართველოს უახლესი წარსული დაკავშირებულია განვითარების პროცესის თითქმის 70-წლიან შეჩერებასთან. მართალია, ,,გაწითლებულ“ საქართველოში კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია „ყვაოდა“, მაგრამ გაქრა პიროვნების, ინდივიდის გაგება. საქართველომ პოლიტიკურად და ერმა ზნეობრივად თავისუფლება საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს დაკარგა. საბჭოთა სისტემამ თითქმის დაუკარგა ქართველებს თავისუფლების არსის გაგება – კომუნიზმა შექმნა ისეთი სისტემა, რომელშიც დაპყრობილ ხალხს მოჩვენებითი თავისუფლება მისცეს. დროთა განმავლობაში საზოგადოება უნებურად გახდა კომუნიზმის მორჩილი და ცრუ თავისუფლების ფონზე საკუთარ მონობას ვეღარც ამჩნევდა. საზოგადოება მოექცა ერთ დიდ შემოსაზღვრულ სივრცეში. ამ ყველაფერმა კი, რა თქმა უნდა, იმოქმედა ადამიანების ცნობიერებასა და მსოფლმხედველობაზე. სამწუხაროდ, წარსულის კვალი თანამედროვეობასაც ეტყობა და საზოგადოების ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს ნოსტალგია საბჭოთა დროისადმი, ჯერ კიდევ მისტირიან 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენის შესაძლებლობას, მისტირიან იმდროინდელ „წესრიგს“ და ა.შ. სწორედ ეს ნოსტალგია და საბჭოთა კავშირის ,,სიკეთეში“ დარწმუნებულობაა მიზეზი, რატომ მოქმედებს დღეს საქართველოში ასე აქტიურად ანტიევროპული და, შესაბამისად, პრორუსული პროპაგანდა. მეორე მხრივ კი, ამას თავისთავად რუსეთი უწყობს ხელს, მათ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს ევროპასთან დაკავშირებით მალევე იტაცებს ევროპისადმი ისედაც ნეგატიურად განწყობილი საზოგადოება და იყენებს თავისი იდეოლოგიის გავრცელების სასარგებლოდ. თავისმხრივ რუსეთის მიზანიც სწორედ ის არის, რომ დაიბრუნოს მსოფლიო ჰეგემონობა, რომელიც არც არასოდეს ჰქონია. ევროპის ფასეულობებისა და ღირებულებებისგან სრულიად საწინააღმდეგო იდეოლოგიის მქონე რუსეთი თავისი ჩარევით ცდილობს შუღლის გაღვივებას, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მათ მოსახლეობაში ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას.

მედია პროპაგანდა

დემოკრატიული პოლიტიკის სფეროში, ხშირად, სიტყვებს უფრო დიდი რეზონანსი აქვს, ვიდრე მოქმედებებს. სწორედ ამიტომ დეზინფორმაციის/პროპაგანდის გავრცელება უმეტესწილად მედიით ხდება. მედია ქმნის დღის წესრიგს. მედია ყველაზე დიდი იარაღია პროპაგანდის გასავრცელებლად. საქართველოში არაერთი მასობირივი კომუნიკაციის საშუალება ახორციელებს ანტიდასავლურ პროპაგანდას, დაწყეუბული სამაუწყებლო არხებით, დამთავრებული მედიაში გავრცელებული ყოველდღიური პატარ-პატარა დეზინფორმაციებით. ამ მხრივ მძიმე ვითარებაა აჭარაშიც, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი კერაა ერთი მხრივ ანტიდასავლური პროპაგანდის, მეორე მხრივ კი პრორუსული პროპაგანდის გავრცელების.

ანტიდასავლური პროპაგანდის განხორციელების მხრივ მედიასაშუალებებიდან აღსანიშნავია ,,ობიექტივის“ როლი აჭარაში. „ობიექტივი” ადგილობრივი “25-ე არხის” საეთერო დროის 8 საათს ყიდულობს. „ობიექტივი“ ის მედია კავშირია, რომელშიც დაუფარავად ჩანს ანტიდასავლური პროპაგანდა და რუსული ნარატივები. „ობიექტივში“ ანტიდასავლური დეზინფორმაციები ვრცელდება როგორც მოწვეული სტუმრების, ასევე თავად წამყვანების და პირდაპირ ეთერში მობილურით ჩართული მაყურებელთა საშუალებით. ცალკეული მაგალითები კი ასეთია: პატრიოტთა ალიანსის წევრის დავით თარხან-მოურავის განცხადება ,,ჩვენ რა უნდა გვიშველონ ამათმა [ნატომ]? აი, იმ საწვრთნელ ცენტრებასაც არ გახსნის, სადაც ვიღაც მეამბოხეები უნდა მოვამზადოთ და აფხაზეთში სიტუაცია ტრაგიკულად შეიცვლება“.[3];

ვალერი კვარაცხელია: „როდესაც ლაპარაკობ, რომ მართლმადიდებელი ვარ და არ მინდა მე აი, ეს შემოვუშვა და მივიღო, მაშინ კეთილი უნდა ინებო და თქვა, რომ ჩვენ არ მივდივართ ნატოსკენ, არ მივდივართ ევროპისაკენ. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქვეყანა და მივდივართ მართლმადიდებლურ ქვეყანასთან ჰარმონიზირებული ურთიერთობისკენ“[4].  მსგავსი ფრაზები ხშირად ჟღერდება „ობიექტივის“ ეთერში, რაც თავისთავად აისახება ისედაც პრორუსულად განწყობილ მოსახლეობაზე.

თურქოფობია აჭარაში

საქართველოში თურქოფობიას მრავალი წლის ისტორია აქვს, მაგრამ ეს პრობლემა დღეს ყველაზე მეტად აჭარაშია გამოხატული. ამის მიზეზი გეოგრაფიული მდებარეობაა, რომლის გამოც აჭარის რეგიონი ყველაზე მჭიდრო კავშირშია თურქეთთან და ეროვნებით თურქ მოსახლეობასთან. თურქოფობიის კონტექსტში აჭარაში და აჭარასთან მიმართებით არაერთი მითი ვრცელდება. მაგალითად 2016 წლის 15 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ერდოღანის განცხადებამ, რომელშიც ბათუმი და საქართველო ისტორიული წარსულის კონტექსტში ახსენა და როგორც მეგობარ ქვეყანაზე ისე ისაუბრა, რუსულ საიტებზე მოდიფიცირება განიცადა და გავრცელდა თითქოს „კვიპროსი, ალეპო, ბათუმი, ერბილი, მოსული, ვარნა, სალონიკი თურქეთის საზღვრებში უნდა მოექცნენ“[5][6]. ეს დეზინფორმაცია ქართულ საიტებზეც გავრცელდა[7] [8]და ხელი შეუწყო თურქოფობიის გავრცელებას განსაკუთრებით ბათუმში. რა მოხდა სინამდვილეში? ერდოღანმა ისაუბრა თურქეთის ისტორიულ კავშირებზე ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდ.აფრიკის ქვეყნებთან, ისაუბრა   რეგიონში არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზეც. გამოსვლაში პრეზინდენტმა ახსენა საქართველო, უკრაინა, ყირიმი, აზერბაიჯანი, ყარაბახი, ბალკანეთი და ჩრდილოეთ აფრიკა იმის აღსანიშნავად, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან თურქეთს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ისტორიული ურთიერთკავშირების გამო. მან რიტორიკული კითხვა დასვა: „შესაძლებელია ბათუმის რიზესგან გამოყოფა“? „შესაძლებელია ედირნეზე ფიქრი სალონიკისგან განცალკევებით?“. ამ შეკითხვებით ერდოღანმა კულტურულ კავშირებს გაუსვა ხაზი და ახსნა, თუ რატომ არის რეგიონის სახელმწიფოებთან ურთიერთობა თურქეთისთვის და თურქი ხალხისთვის პრიორიტეტული.

თურქოფობიული განცხადებების მაგალითი უამრავი გვაქვს ქართულ პრესაში. სხვადასხვა პარტიის და დამოუკიდებელი პირების მიერ თურქოფობიულ განცხადებებს ხშირად ავრცელებს ონლაინგამოცემა saqinform.ge. მაგალითად, საიტზე ვკითხულობთ ,,პარტია ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადებას ,,დღეისათვის აჭარაში ძალიან სერიოზულად აქვს ფეხი მოკიდებული თურქულ გავლენას, რეალურად რეგიონის ისლამიზაციას აქვს ადგილი.”[9] თურქოფობიური განცხადებებით ხშრად გამოდის ,,პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი დავით თარხან-მოურავიც: ,,წაიკითხეთ თურქული საიტები, სადაც წერია, რომ 2021 წელს თურმე აჭარაში ცხოვრებს 100 000 თურქი და ისინი მოითხოვენ რეფერენდუმის ჩატარებას აჭარის თურქეთში დაბრუნების თაობაზე“[10]. ეს ერთ-ერთია იმ ასობით დეზინფორმაციიდან, რომელსაც თარხან-მოურავი ავრცელებს აჭარის და აჭარაში თურქეთიზაციის პროცესზე.

თურქოფობიასთან დაკავშირებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ესეც ანტიდასავლური და პრორუსული განწყობილების ერთ-ერთი გამოხატულებაა. პოლიტიკოსების ნათქვამის მედიით გავრცელებით კი, გავლენა, პირველ რიგში, აჭარის საზოგადოებაზე ხდება. ამიტომაცაა, რომ აჭარის ეროვნებით ქართველ მოსახლეობაში თურქოფობია და თურქი მოსახლეობის მიმართ სიძულვილი იმატებს.

პრორუსული = ანტიდასავლურს

პრორუსული აქტივისტები უცხო არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მათი აქტიურობა (დედაქალაქის გარდა) მძაფრად შეიგრძნობა აჭარაში. ამ მხრივ აღსანიშნავია სახალხო მოძრაობა ,,სოციალისტური საქართველო“, რომელიც აჭარაში დაფუძნდა. სახელიდან გამომდინარე დიდი ფიქრი არ სჭირდება იმას, თუ რა მიმართულების მოძრაობაა და რა იდეოლოგიის მატარებლები არიან მისი წევრები. 2017 წლის 26 ივლის მათ შეხვედრაც მოაწყვეს ბათუმში. დარბაზში, სადაც ყრილობა ჩატარდა, საბჭოთა კავშირის დროშა, სტალინის სურათი და ბანერები იყო გამოფენილი რუსულენოვანი წარწერებით – „რუს ხალხთან ერთად“, „არ გვჯერა ზღაპრების ევროკავშირზე“, „საქართველო მხარს უჭერს ევრაზიის კავშირს“. გაჟღერდა საბჭოთა საქართველოს ჰიმნიც[11]. მართალია, აჭარის ტელევიზიის მიერ გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ შეხვედის უმეტეს ნაწილს მოხუცი და საშუალო ასაკის ადამიანები არიან, მაგრამ ეს მაინც არ არის უყურადღებოდ დასატოვებელი ფაქტი, რადგან ასეთი ,,სტალინისტების“ და ,,პუტინისტების“ მეშვეობით ხდება ანტიდასავლური განწყობების  და მითების თავსმოხვევა საზოგადოებაზე.

სხვა მითები

დეზინფორმაციული მითების თვალსაზრისით რეგიონებს შორის დიდი განსხვავება არაა, აჭარაშიც ის ძირითადი მითებია გავრცელებული, რაც საქართველოს ნებისმიერ სხვა რეგიონში. თვითონ მითები კი მრავალფეროვანია: ევროპა გარყვნილებაა – „გარყვნილების ბუდე“; ,,ევროპა ჰომოსექსუალიზმს ქადაგებს“ – ეს და მსგავსი ფრაზები ანტიდასავლურად განწყობილი საზოგადოების საყვარელი ფრაზებია. ,,სექსუალური პათოლოგია მძიმე დაავადებაა, რომელსაც ერის განადგურება და ხალხის გადაგვარება შეუძლია“, – ვკითხულობთ ერთ-ერთ ქართულ მართლმადიდებლურ საიტზე.[12] ,,ევროპის საბჭო- ჰომოსექსუალური გარყვნილების შემომტანი საქართველოში“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს zneoba.ge[13] ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებას საქართველოს შესახებ, სადაც ევროპის საბჭო მთავრობას რეკომენდაციებს სთავაზობს ლგბტ თემის შესახებ. ევროპა გარყვნილებაა აჭარის მოსახლეობის ნაწილისთვისაც (ძირითადად, მოხუცი თაობისთვის), მათთვისაც გამოსავალი ერთმორწმუნე რუსეთია.

მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? მაშინ, როცა ევროპაში გეი აღლუმები იმართება, რომლებიც აბსოლუტურად მშვიდობიანი შინაარსისაა და ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ პოზიტიური გამოვლინებაა, ერთმორწმუნე რუსეთში გარყვნილება ყველაზე მასშტაბურ სახეს იღებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვლევის მიხედვით, რუსეთში ნახვის რაოდენობით არასრულწლოვანთა პორნოგრაფია პირველ ადგილზეა[14], რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთში, ზოგადად, პროსტიტუციის მასშტაბების შესახებ.

დასკვნა

ქართულ სინამდვილეზე დაკვირვებამ ცხადჰყო, რომ ანტიევროპული დეზინფორმაცია და მითები ვრცელდება როგორც მედიით, ასევე საზოგადოებრივი ჯგუფების, საჯარო თუ კერძო პირების მიერ. ეს ყოველივე აისახება მოსახლეობის აზროვნებაზე და ღვივდება ანტიდასავლური განწყობა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მედიამ იმუშაოს დასავლური ღირებულებების გავრცელების კუთხით, ასახოს საქართველოს და ევროპას შორის მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი რეალური მოვლენა. ამ მხრივ კი კარგ მაგალითს წარმოადგენს batumelebi.ge-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც გაბათილებულია მითები ე.წ ,,თურქულ უბანზე“.[15] თავად  საზოგადოებაში კი მნიშვნელოვანია ამაღლდეს მედიაწიგნიერების დონე, რაც ერთ-ერთი არსებითი ფაქტორია ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ყოველივე  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ რეგონებში, რომლებშიც დასახლებულები არიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და ესაზღვრებიან სხვა ქვეყნებს. სწორედ ამ საზოგადოებაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ანტიდასავლური დეზინფორმაციის თუ მითების წინააღმდეგ და დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის.

 

[1] პუბლიცისტური წერილი ,,კრებულის დანიშნულებაზედ“(1871)

[2] გაზეთი,,დროება“

[3] https://mdfgeorgia.ge/uploads/Antidasavluri-GEO-web.pdfნ

[4] https://mdfgeorgia.ge/uploads/Antidasavluri-GEO-web.pdf

[5] https://www.panarmenian.net/rus/news/223645/

[6] https://ru.saqinform.ge/news/29525/Erdogan-mosul-i-batumi-prinadleZali-turcii-karabaK-krim-i-azerbajdZan-vKodAt-s-sferu-naSiK-interesov-.html

[7] https://timesnews.ge/index.php/news/news_details/5917

[8] https://www.sazogadoeba.ge/news.php?post_id=48123

[9] https://saqinform.ge/news/27384/archil+WyoiZe%3A+dRes+aWaris+dakargvis+safrTxis+wanashe+vdgavarT%21.html

[10] https://www.youtube.com/watch?time_continue=137&v=1ZKEPVsVK3g

[11] https://ajaratv.ge/news/ge/3511/sabtchota-himni-tsiteli-drosha.html

[12] https://xareba.net/3874-garyvnileba-fsiqopathologiuri-movlena-arqimandriti-rafaeli-karelini.html

[13] https://zneoba.ge/1124

[14] https://www.pornhub.com/insights/russia

[15] https://batumelebi.netgazeti.ge/news/101564/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: