ირაკლი ჩხვირკია: რაა დანაშაული, ინტერვიუ რომ მივეცი?

“12 მარტს, დილის ხუთის ნახევარზე როცა მე ბათუმში ჩამოვედი, უკვე 15-20 კაცი იყო დარჩენილი… იქ პოლიციელი და სპეცრაზმელი უფრო მეტი იყო, ვიდრე მოქალაქე,” – უთხრა ირაკლი ჩხვირკიამ მოსამართლე დავით მამისეიშვილს. მან დღეს “ბათუმის აქციის საქმეზე” მოწმის სახით ჩვენება მისცა.

ირაკლი ჩხვირკიას მერაბ ღოღობერიძესთან ერთად მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. მერაბ ღოღობერიძე დღევანდელ პროცესს არ დასწრებია.

ირაკლი ჩხვირკიას მტკიცებით, მას მერაბ ღოღობერიძე საერთოდ არ უნახავს აქციის დღეებში და 11 მარტის მოვლენების შესახებ თბილისში, “ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ ოფისში შეიტყო, როცა 11 მარტის საღამოს თანაპარტიელებთან ერთად ფეხბურთის სათამაშოდ აპირებდა წასვლას.

“ბათუმში წამოსვლა ისედაც მინდოდა, რადგან ავტომანქანა უნდა მეყიდა აქ მცხოვრები მეგობრისგან… აქციის შესახებ ფეისბუქლაივებიდან გავიგე და წამოვედი… ავტობანზე ვიყავი უკვე, როცა კობა ხაბაზმა დამირეკა, დაბრუნდი, აქ ვაპირებთ აქციას მაგ თემაზე და შემოგვიერთდიო. უარი ვუთხარი. დამცინა იუმორით, ვიდრე შენ მაქ ჩახვალ, დამთავრდება ყველაფერიო”, – ყვება ირაკლი ჩხვირკია.

ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, იგი პოლიციის შენობასთან მივიდა და ბათუმელ თანაპარტიელებს ეძებდა, მაგრამ ისინი იქ არ დახვდნენ. ამბობს, რომ რამდენიმე ფოტო გადაუღო ცეცხლმოკიდებულ მანქანას და იქვე მყოფ ადამიანებს გაესაუბრა.

“იქ გავიგე, რომ დღისითაც დაუკავებიათ ადამიანები… მოვუწოდე ადამიანებს, რომ დამშვიდებულიყვნენ. მერე ნაცნობი ჟურნალისტი შემხვდა, როგორ ვეტყოდი ინტერვიუზე უარს. ვუთხარი, რომ დაკავებულები უნდა გაათავისუფლონ და ასე არ შეიძლება. ის ვთქვი ჟურნალისტებთან, რასაც იქ მყოფი ადამიანები ითხოვდნენ. ერთადერთი, რაც ჩემით დავამატე იყო ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა მოვითხოვე… რაა დანაშაული, ინტერვიუ რომ მივეცი, თუ ის, ხალხს სიმშვიდისკენ რომ მოვუწოდე?

მალე ისევ დამირეკა კობა ხაბაზმა, ვინ გითხრა ინტერვიუ მიეციო, ნახე, მაგას რა მოყვება და რას დაგვაბრალებენო… მერე პარტიის სხვა ლიდერებიც მირეკავდნენ, მაგრამ აღარ ვუპასუხე… მალე ციხისძირში, მეგობრის ოჯახში წავედი და დავიძინე,” – ამბობს ირაკლი ჩხვირკია.

ირაკლი ჩვირკიას დაკითხვით ამ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დასრულდა. შემდეგ სხდომაზე მოსამართლე პროკურორების და დაცვის მხარის დასკვნით სიტყვებს მოისმენს, რის შემდეგაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი