სიახლეები

სიახლე აჭარის ქონების განკარგვაზე

31.05.2015 • 1391
სიახლე აჭარის ქონების განკარგვაზე

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანა, როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რადიკალურ ცვლილებებს არ გულისხმობს – დაზუსტდება ტერმინები, ზოგი მუხლი შესაბამისობაში მოვა საქართველოს კანონმდებლობასთან და შემოვა ახალი რეგულაციებიც. 

 

ახალი რეგულაცია იქნება დემონტაჟს დაქვემდებარებული ობიექტების პრივატიზება – მხოლოდ შენობა-ნაგებობების აუქციონზე გატანა ისე, რომ მიწა დარჩება აჭარის საკუთრებაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით ამ რეგულაციის კანონში ასახვა დააჩქარა იმან, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც იგეგმება ახალი საავადმყოფოს მშენებლობა, არსებული ნაგებობები საჭიროებს დემონტაჟს, რაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საკმაოდ ძვირი უჯდება.
„მოქმედი კანონით ცალკე მხოლოდ შენობას ვერ გაყიდი, ამიტომ ზუსტდება რეგულაცია, რომლის თანახმადაც გაიყიდება მხოლოდ დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა. თუ გამოჩნდა მსურველი, აუქციონზე გაიყიდება და თუ არა, იძულებული იქნება აჭარის მთავრობა, თავად დაანგრიოს“ –  აცხადებს აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით გაბაიძე.

 

მისივე თქმით, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის პრივატიზების საკითხებიც მოწესრიგდება: „მაგალითად, „აგროსერვისცენტრის“ მიერ მოყვანილი მოსავლის შემთხვევაში, იძულებული ვიყავით ეს პროდუქცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გაეყიდა იმიტომ, რომ ქონების გაყიდვის უფლება მხოლოდ თავმჯდომარეს ჰქონდა. ახლა „აგროსერვისცენტრს“ ექნება იგივე უფლება ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით. ეს არის ძირითადად სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მოყვანილი მოსავალი. მაგრამ, რახან სახელმწიფო ქონებაა, ვერ გააჩუქებ, ამიტომ სიმბოლურ ფასად ვყიდდით“.

 

რაც შეეხება ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას, აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში ზუსტდება ტერმინი და ეს რეგულაცია გავრცელდება მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე და სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე.

 

„ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ცნება შემოდის და ეს გავრცელდება ისეთ ქონებაზე, რომლის გასხვისებაც ისედაც უსასყიდლოდ გადაცემის ხასიათს ატარებდა. მაგალითად, როცა სოციალურად დაუცველებზე ხდება გადაცემა, ვთქვათ ბინების სიმბოლურ ფასად, ან სახელმწიფოს როცა აქვს აღებული რაღაც ვალდებულებები. რადგან უსასყიდლოდ გადაცემა არ შეიძლება, ხდება ნასყიდობა სიმბოლურ ფასად, ვთქვათ 1 ლარად. ეს არის ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურა. ცვლილება არ ეხება ისეთ ქონებას, რომელიც ინვესტიციის პირობით სხვისდება“ – აცხადებს დავით გაბაიძე.

 

სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ცნება საქართველოს კანონმდებლობაში 2014 წლის 23 დეკემბრიდან გაჩნდა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ხელი 2014 წლის 11 დეკემბერს მოაწერა, ერთ-ერთ მუხლში აღნიშნულია რომ: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას“.

გადაბეჭდვის წესი