მთავარი,სიახლეები

რატომ ევროპა? – არ მინდა ჩემს კლასელებს უნდოდეთ მოკლან განსხვავებული

20.12.2017 • 3520
რატომ ევროპა? – არ მინდა ჩემს კლასელებს უნდოდეთ მოკლან განსხვავებული

თამარი თურაძე, მე-9 კლასის მოსწავლე

2014 წელი

დირექტორმა გადაწყვიტა ფორმები შეეკერა. აი, ისეთი სკოლას თავისი გერბი რომ ჰქონოდა. რამდენიმე კვირაში ფორმები მოვიდა – გოგოების იყო ნაცრისფერი, ცისფერი და ვარდისფერი ზოლებით, ბიჭების – შავი. ორივე ფორმას მარცხენა მხარეს ჰქონდა გამოსახული წიგნი და ზემოთ ცისარტყელა ეხატა. ბავშვები გაგიჟდნენ, როგორ შეიძლება ასეთი ნიშანი ჰქონდეს ფორმას – ბარემ ზემოდან ლგბტ ხომ არ დავაწეროთო.

დირექტორმა მოიბოდიშა და ფორმები გააქრო.

მასწავლებლებიც ძალიან დარცხვენილები იყვნენ. რატომღაც მეც მრცხვენოდა. შემეზიზღა ლგბტ ადამიანები.

მას შემდეგ ბევრი სკოლა გამოვიცვალე. კარგად თავს ვერსად ვგრძნობდი. მათგან ერთ-ერთში, სადაც დირექტორმა ცისარტყელას ემბლემიანი ფორმები ჯერ შეგვიკერა და შემდეგ გადამალა, მეგობრობას მნიშვნელობა საერთოდ დაკარგული ჰქონდა. ბავშვები სულ იმას ცდილობდნენ, ვინმე დაებეზღებინათ ან ერთმანეთის საიდუმლოებები მოეყოლათ, რომ მერე ყველას ერთად დაგვეცინა. ამას მასწავლებლებიც ახალისებდნენ.

2017 წელი

ფეისბუქში გეი წყვილის ქოწინების ვიდეოს გადავეყარე. ძალიან ლამაზები იყვნენ. ბევრი მისალოცი კომენტარი ეწერა. აი, ისეთი სულ ბედნიერები იყავითო და რამე…

მეც გავაზიარე. საყვარლები-მეთქი, მივაწერ ინგლისურად.

-ფუუ რა საზიზღრობაა, დამხვდა სკოლაში მისულს მეორე დღეს ჩემი კლასელის კომენტარი.

– გავბრაზდი, რატომ გააკეთე-მეთქი.

– ნიშნისმოგებით მომიგო: მასეთ ადამიანებზე უარესი უნდა დამეწერა

– რამე დაგიშავეს ასე რომ ექცევი, თუ ქართული მენტალიტეტი გკარნახობს ამას-მეთქი. შევეცადე ნამუსზე ამეგდო.

– რა შუაშია, ყველა ქართველი მასე ფიქრობს და სწორადაც იქცევიანო – მითხრა.

– შენც მაგ ყველასავით ძველ დროში ხარ ჩარჩენილი – ამჯერად აღარ ვაპირებდი გაჩუმებას.

– აუუუუუუ. ნუთუ ვერ ხვდები, რომ ერთადერთი ხარ, ვინც მაგათ იცავს. ამიტომ გირჩევნია გაჩუმდე. იქეთ დამესახა თავს.

ზრ-ზრ-ზრ. სათქმელი ვერ დავასრულე, რადგან ზარი დაირეკა.

მაგრამ დღეს სამოქალაქო გვაქვს. მთელი დღე მოუთმენლად ველი ამ გაკვეთილს. მინდა  შეწყვეტილი თემა კლასთან განვაახლო, სხვების აზრი მოვისმინო. განსაკუთრებით მასწავლებლის მოსაზრება მაინტერესებს.

მე-6 გაკვეთილი

მაკა მასწავლლებელი შემოდის (სამოქალაქოს გვასწავლის). ფეხზე ვდგებით და ვესალმებით.

ბავშვებო მინდა თემა დამიწეროთ – „ვარ თუ არა ლიბერალი“. ჩვენ ყველა ერთხმად ვოხრავთ, რადგან კლასის 95%-ს არ უყვარს ეს საგანი და თემების დაწერაც ეზარებათ.

– აუ, რა მას! სხვა რამე მოგვეცით დასაწერად რა. მე ლიბერალი არ ვარ და არ მაწყობს ვიღაც ლგბტ ადამიანებზე დავწერო, მათ მიმართ როგორ ვარ განწყობილი.

– ხო რა მას, ამბობს მეორე. რა არი რო გამოდიან და აქციებს აწყობენ და მოგვიწოდებენ ჩვენნაირები გახდითო.

აჰა, ჩემი დროც მოვიდა იმის მოფიქრების გარეშე, თემა როგორ გამეხსნა.

აქციებს მაგისთვის არ აწყობენ. ისინი, უბრალოდ, ცდილობენ საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრონ, – წამოვიძახე მე.

– მართლა?!  არ შეგვაწუხონ და ჩვენც არაფერს დავუშავებთ.

– ანუ შენ იმას გულისხმობ, რომ სახლში იყვნენ? – ვეკითხები მე და თან მასწავლებლის მხარდაჭერის იმედი მაქვს. სულ ცოტათი მაინც.

– ნუ ეცდებიან ერი გარყვნან, – ყვირის ჩემი კიდევ ერთი კლასელი.

საშინლად ვბრაზდები…

მეც იგივე ტონალობაში ვპასუხობ – ამას ერის გარყვნა არ ჰქვია. იცი მათ როგორ ექცევიან, როცა ქუჩაში გამოდიან? მათ უმიზეზოდ სცემენ. ზოგს კლავენ კიდეც.

უარესი უნდა დამართონ, შემაწყვეტინა ბიჭმა. ყველა ერთხმად ახმაურდა. ჩემი კლასელები იძახდნენ, რომ მოსაკლავები არიან. ჩემი ხმა იკარგება.

საშინლად უსუსური ვარ. გაბრაზებულიც. თავს ძალიან დამცირებულად ვგრძნობ.

მინდა ყველას ზურგი შევაქციო და წამოვიდე. ვერ გავაკეთე. მაინც დავრჩი კლასში, ბოლომდე. ოღონდ არ მახსოვს მასწავლებელმა რა თქვა. ჩემმა სამოქალაქოს მასწავლებელმა.

არ გამიგია, როდის დაირეკა ზარი და როდის შემოვიდა სხვა მასწავლებელი. ჩემთან ძალიან ახლოს როცა მოვიდა მაშინ შევნიშნე.

„მომისმინე შვილო, ეგ, რასაც შენ მხარს უჭერ, სირცხვილია. ეგენი ავადმყოფები არიან და შენ ამაზე ხმამაღლა ნუ ილაპარაკებო“.

სახლში ჩემს გაზიარებულ ვიდეოს ისევ დავხედე. ვიღაც ქალი მლანძღავდა ლათინური შრიფტით:

-debilebi xart yvela rogor unda gayves kaci kacs colat  debilebi xart da matac debilebi arian gaiget tqve cmorebo amat daakvirdit imitom rom tqvenc asetebi xart  shtero cmoro

 

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

გადაბეჭდვის წესი


ასევე: