მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გადადგომას ითხოვს

29.05.2015 • 2650
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გადადგომას ითხოვს

ზაზა ხალვაში

ბეჟან გობაძე ამბობს, რომ საბჭოს ჯერ არ გადაუწყვეტია დააკმაყოფილებს თუ არა ზაზა ხალვაშის განცხადებას. „საბჭო ჯერჯერობით ამაზე მსჯელობს“, – უთხრა ბეჟან გობაძემ „ბათუმელებს“.

ბეჟან გობაძემ მოკლედ განმარტა ზაზა ხალვაშის დღევანდელი მოტივაციის შესახებაც. „როდესაც ზაზა ხალვაში აირჩიეს სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, მაშინ ამ საბჭოში სულ სამი წევრი იყო. ახლა ხუთი წევრი ვართ, ამიტომ ბატონმა ზაზამ თქვა, რომ გადადგება. ეს ჩვენ არ მოგვითხოვია“, – ამბობს ბეჟან გობაძე.

ბეჟან გობაძე „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არის აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში მოხვედრილი. ბეჟან გობაძის საბჭოში არჩევას თავის დროზე მხარი არ დაუჭირა უმაღლესი საბჭოს სახელისუფლებო კოალიცია – „ქართულმა ოცნებამ“. ბეჟან გობაძემ უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში. სასამართლომ ბეჟან გობაძის მოთხოვნა დააკმაყოფილა და უმაღლეს საბჭოს  მისი დანიშვნა დაავალდებულა.

კიდევ ერთი წევრი აჭარის ტელევიზიის ბორდში – ასევე უმცირესობის კვოტით მოხვედრილი ირაკლი დარცმელიძე, როგორც ბეჟან გობაძემ უთხრა „ბათუმელებს“, დღეს პირველად მივიდა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე. ირაკლი დარცმელიძეც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაინიშნა ბორდში, რადგან თავის დროზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ არც მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობს თავად ზაზა ხალვაში და არც საბჭოს სხვა წევრები.

აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომლის ხუთწევრიან სამეთვალყურეო საბჭოს აჭარის უმაღლესი საბჭო ირჩევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: