მთავარი,სიახლეები

ქობულეთში ორიგინალურ ნაძვის ხეს გამოავლენენ

19.12.2017 • 1877
ქობულეთში ორიგინალურ ნაძვის ხეს გამოავლენენ

ორიგინალური ნაძვის ხის გამოვლენას ქობულეთის მუნიციპალიტეტი აპირებს. ნებისმიერ მსურველს ორიგინალური ნაძვის ხე შეუძლია ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ქობულეთის მუზეუმში დატოვოს. გამარჯვებული 31 დეკემბერს გამოცხადდება, დღის სამ საათსა და 30 წუთზე, ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე.

„ნებისმიერ მსურველს, მათ შორის მათ, ვინც ქობულეთში არ ცხოვრობს, შეუძლია წარმოგვიდგინოს ორიგინალური ნაძვის ხე, ეს შეიძლება იყოს ქაღალდისგან, ან პლასტმასის ბოთლებისგან აწყობილი, არ აქვს მნიშვნელობა… კონკურსანტებს სპეციალური ჟიური შეარჩევს. ვინ იქნებიან ჟიურიში, ჯერ ცნობილი არ არის. ვერც იმას გეტყვით ჯერ, იქნება თუ არა ჟიურიში ქობულეთის მერი. ორიგინალური ნაძვის ხეების მიღების ბოლო ვადა 26 დეკემბერია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნათია ნიჟარაძემ, ქობულეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის საკითხთა სამსახურის უფროსმა.

ჟიური სამ გამარჯვებულს დაასახელებს. ნათია ნიჟარაძის თქმით, გამარჯვებულებს სპეციალური პრიზებით რამდენიმე ბანკი და აფთიაქი დააჯილდოვებს. რა იქნება პრიზი – ჯერ უცნობია.

საახალწლო ღონისძიებები ქობულეთში 31 დეკემბერს დღის პირველ საათზე დაიწყება – სანტა კლაუსების გარბენით. ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტიც დღის პირველ საათზე დაიწყება. სამ საათზე საბავშვო კონცერტი გაიმართება, ოთხ საათზე – შეხვედრა სანტასთან. ხუთ საათზე საახალწლო გოზინაყს მოამზადებენ.

საღამოს შვიდ საათზე ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე დიჯეი „რემბოს“ კონცერტი იგეგმება, რვა საათზე საახალწლო გამოფენის დათვალიერება, ათ საათზე ჯგუფი „ბანდეროლი“ იმღერებს.

ღამის თორმეტ საათზე ქობულეთში ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე იმღერებენ. დაგეგმილია გრანდიოზული ფოიერვერკიც. საახალწლო ღონისძიების წამყვანი ქობულეთში ნიკა წულუკიძე იქნება.

ამავე თემაზე:

ბათუმმა ქობულეთს ნაძვის ხე ათხოვა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: