მთავარი,სიახლეები

რატომ ევროპა? – განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ეშაფოტზე არავინ გაგიყვანს

19.12.2017 • 3829
რატომ ევროპა? – განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ეშაფოტზე არავინ გაგიყვანს

ხატია რომანაძე, სტუდენტი

„1 800 000 წლის წინათ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ევროპელები ცხოვრობდნენ“, – ეს ფრაზა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მოყვება ჩემს ცნობიერებას. კარგად მახსოვს, როგორ ვიზეპირებდი ამ ციფრებს: მილიონ რვაასი ათასი… მილიონ რვაასი ათასი… მაშინ, ალბათ ეს თარიღი ჩემთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავდა, არც ზეზვასა და მზიას დაჭყეტილთვალებიანი პორტრეტები მხიბლავდა ისტორიის წიგნის ფურცლებზე. მხოლოდ ერთი განზრახვა მამოძრავებდა – გამეგო, როგორ იყვნენ ეს შავკანიანი ადამიანები ევროპელები?! მაშინ, როცა „ევროპელი“ ჩემთვის თეთრ რასასთან ასოცირდებოდა.

კარგი,  გავიაროთ ეს ეტაპი…

ასაკის მატებასა და თვალსაწიერის გაფართოებასთან ერთად ფრაზამ – „პირველი ევროპელები“, უფრო მეტი ხიბლი შეიძინა და საამაყოც კი გახდა ჩემთვის. ასე რომ, პირველ რიგში იცით რატომ ევროპა?! იმიტომ, რომ ზეზვა და მზია სწორედ იმ მიწაზე დააბიჯებდნენ… მოიცა გავიხსენებ… მმმ, ჰო, მილიონ რვაასი ათასი წლის წინათ, სადაც ახალა შეიძლება კახელი მიხო ღვინოს წურავს ევროკავშირის ბაზარზე გასატანად ან სულაც ხულოელ სულეიმანს ნიორი მოჰყავს, ევროპელმა ჰანსმა ჯანსაღი პროდუქტით მომზადებული წვნიანი რომ  მიირთვას სადილად.

დღეს ჩვენში ბევრს საუბრობენ ევროპაზე, ევროპულ ფასეულობებზე, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, რაც ძალიან კარგია. თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს გენში თავისთავად ზის, უბრალოდ, 70-წლიანმა მძიმე უღელმა გააქარწყლა და მიგვავიწყა.

და კიდევ, იცით რატომ ევროპა?! იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ეს ძალით თავსმოხვეული „ამნეზია“ და დავუბრუნდეთ ძველ, ჩვეულ გარემოს, ჩვევებს და ცნობიერებას, რაც ნამდვილად არ არის ჩვენთვის უცხო და მიუღებელი.

დღემდე იგრძნობა ჩვენში ანტიდასავლური პროპაგანდის კლანჭები, რომელიც ჩუმად და უმტკივნეულოდ მოედინება. ზოგჯერ ვერც კი ვიაზრებთ ისე აღმოვჩნდებით მარწუხებში, რომელიც მაგრად გვიჭერს და გვეუბნება, რომ დასავლური ფასეულობები გვართმევს ეროვნულობას, ადამიანობას, საფრთხე ექმნება ჩვენი შვილების მომავალს, რადგან ისინი ვერ ჩამოყალიბდებიან ნამდვილ ქართველებად და დაივიწყებენ მამა-პაპურ ტრადიციებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მითი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. თითქოსდა ევროკავშირის წევრობისთვის ეს კანონი აუცილებელი პირობაა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ევროკავშირის 28 სახელმწიფოდან მხოლოდ შვიდშია აღიარებული ამგვარი ქორწინების არსებობა. ასე, რომ ეს ძალდატანებითი აქტი ნამდვილად არ არის, ის მხოლოდ მოსახლეობის მხარდაჭერასა და სურვილზეა დამოკიდებული; თუ არ გვინდა, კანონს ძალით არავინ მიგვაღებინებს.

მიყვარს ევროპული თავისუფლების გემო, რაც ჯერ კიდევ გადმოცემით მსმენია და არ მიგემნია. მიყვარს ევროპული გახსნილობა, რაც ერთ უბრალო ღიმილშია გამოხატული. და მაინც ყველაზე მთავრი დაცულობის შეგრძნებაა, როცა იცი შენს უფლებებს ვიღაც აუცილებლად გამოესარჩლება, ან თუნდაც განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ეშაფოტზე არავინ გაგიყვანს და დაგსჯის. მიყვარს ევროპული რწმენის თავისუფლება, როცა ყოველ ადამიანს უფლება და შესაძლებლობა აქვს ილოცოს იქ, სადაც უნდა, ან სულაც უარყოს „სამჯერ მამა ღმერთი“ და, უბრალოდ, დარვინისეული თეორიის იწამოს. „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ – მიყვარს ევროპული სიჭრელე, როცა „მგელი და კრავი ერთად ძოვს ბალახს“, ან თუნდაც წინაპრებით აზიელი ან აფრიკელი ისე სარგებლობს დასავლური ფასეულობებით ევროპაში, როგორც რიჩარდ ლომგულის, „მეფე მზისა“ და ჯუზეპე გარიბალდის შთამომავლები სარგებლობენ.

ამ ხნის განმავლობაში ბევრი იმედგაცრუებულის პასუხი მოვისმინე: „რა ევროპა ბაბუ, ჩვენ რუსეთს ვეკუთვნოდით სულ“, „რა ევროკავშირი, ვინ შეგვიშვებს ჩვენ მანდ“ ან „ჩემ მანდარინს ევროპის ბაზარზე რა უნდა, „მეზობელ“ ბაზარზეც კარგად გასაღდება“. და ბევრი მსგავსი ფრაზა მსმენია მათგან, ვინც ჯერ კიდევ 37 მანეთად გადაფრენა-გადმოფრენას მისტირის.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ერთს მივხვდი, რომ ამ ხალხს „იმედი“ სჭირდება, ჰო იმედი გვჭირდება, რაც მილიონ რვაასი ათასი წლის წინათ შეიძლება სულაც არ ადარდებდათ, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვინდა. იმედი იმისა, რომ გვექნება ცუდზე უფრო კარგი ცხოვრება, როცა  ქუჩაში გავივლით და აღარ დავინახავთ პურის ფულისთვის ხელგამოწვდილი ბავშვს, ყოველი სამოწყალოდ „გაგდებული“ თეთრი მისთვის არსებობისთვის ბრძოლასთან რომ ასოცირდება. მე მინდა, რომ იცავდნენ მათ უფლებებს – აჭმევდნენ, აცმევდნენ, ასწავლიდნენ და სრულფასოვან ადამიანად ზრდიდნენ.

დიახ მეგობრებო, ახლა გვირაბში ვართ ჩვენ და სანთლის შუქით ხელში, ვეხეთქებით სველ, სლიპინა კედლებს. ბოლოს სინათლეს ვხედავთ და იქეთკენ მივიწევთ ნელა, აუჩქარებლად, თუმცა თავდაუხრელად და დიდი იმედებით.

და ისევ ეს კითხვა, რატომ ევროპა?! აი იქ, ჰო კარგად დააკვირდი აბა, პასუხს დაინახავ, ბოლოში ცისარტყელაც მოსჩანს ხიდად გადებული.

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: