აჭარის განათლების მინისტრი სკოლებში სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე

აჭარის განათლების მინისტრის, ინგა შამილიშვილის ინფორმაციით, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამინისტროსთან ერთად, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შეამოწმა აჭარაში მოქმედი ყველა სკოლა, მათ შორის კერძო სკოლები. ამის შემდეგ სკოლების ხელმძღვანელებს გადაეცათ განკარგულება, სადაც გაწერილია კონკრეტული საჭიროებები, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მინისტრის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეთვალყურეობით სასწავლო განგაში ჩატარდა ორ სკოლაში. ბევრი სკოლა კი ამ დროისთვის სასწავლო განგაშის მოსაწყობად მზად არ არის: „ეტაპობრივად ყველა სკოლამ უნდა შეძლოს ეს“.

გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, განათლების ფონდმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ შეიმუშავა ტრენინგ-კურსი  და ისინი ერთობლივად განახორციელებენ ამ მიმართულებით მუშაობას.

ინგა შამილიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში სამინისტროს ექნება სრული სურათი, თუ სად, რა ინვენტარია საჭირო სკოლებისა და კულტურული დაწესებულებებისთვის: „თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ყველა ამ დაწესებულებაში არსებობს სახანძრო დაფები და სქემები, მაგრამ დამატებით რა არის საჭირო, ჩვენ ამ ინფორმაციას შევაგროვებთ“.

ამ საკითხზე აჭარის განათლების მინისტრმა დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მხოლოდ ინვენტარი საკმარისი არ იქნება და აუცილებელია სამინისტრომ გაითვალისწინოს სწავლებაში ჩართულობის საჭიროება, სწორი რეაგირებისთვის: „მუდმივი გადამზადება უნდა მოხდეს“.

ინგა შამილიშვილის ინფორმაციით კი, ამ დროისთვის ყველა დაწესებულებაშია ერთი პასუხისმგებელი პირი, ვინც საგანგებო სიტუაციების სააგენტომ გადაამზადა. ინვენტარის ვარგისიანობას სწორედ ისინი გააკონტროლებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი