მთავარი,სიახლეები

რატომ ევროპა? – შევინარჩუნოთ კულტურული მრავალფეროვნება და ტრადიციები

19.12.2017 • 3399
რატომ ევროპა? – შევინარჩუნოთ კულტურული მრავალფეროვნება და ტრადიციები

თამთა თავართქილაძე, მე-11 კლასის მოსწავლე

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი ქვეყანა ცდილობდა დაახლოებოდა დასავლეთს, რადგანაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში სტაბილურობის დასამყარებლად აუცილებელი იყო მოკავშირე, რომელიც საქართველოს განვითარებაში დაეხმარებოდა. ინსტიტუციურად ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები იმიჯნება, მაგრამ ჩვენი ქვეყანა პარალელურ რეჟიმში ცდილობდა და ცდილობს ამ ორგანიზაციებში შესვლას.

ინტეგრაციის პროცესების დაწყებიდანვე საქართველოში გამოჩნდა ანტიგლობალისტი, ანტიევროპული ხალხი, ორგანიზაციები და მედია. ისინი დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობდნენ და ცდილობენ მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას და დღემდე ავრცელებენ მითებს, რათა ქვეყნის დასავლური კურსი შეცვალონ.

არსებობს ხალხი, ვინც თვლის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყანას არანაირ სარგებელს არ მოუტანს და რომ ეს ორგანიზაცია არ ეხმარება ჩვენს ქვეყანას. რეალობა კი ისაა, რომ 1999-2004 წლებში ევროკავშირი საქართველოს ჰუმანიტარული, ფინანსური და ტექნიკური მიმართულებებით ეხმარებოდა. ქვეყანაში სოციალური პრობლემების შედარებით დასტაბილურების შემდეგ ჰუმანიტარული მიმართულებით დახმარება შეწყდა, ხოლო დღემდე გრძელდება ფინანსური და ტექნიკური დახმარება.

აღსანიშნავია 2008 წლის მოვლენებიც, როცა ამბობდნენ, რომ ევროპა ჩვენს ქვეყანას არაფრით დახმარებია. აგვისტოს ომის შემდეგ ბრიუსელმა დახმარების სახით 500 მილიონ ევრომდე გამოყო, რათა ქვეყანაში აღდგენილიყო ინფრასტრუქტურა, დაბალანსებულიყო ეკონომიკა და დახმარება აღმოგვეჩინა იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის. ომის მსვლელობისას კი საფრანგეთი აქტიურად ცდილობდა რუსეთის დათანხმებას ომის შეწყვეტაზე.

იყო მითები, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ეკონომიკურ სირთულეებს გამოიწვევდა, მაგრამ რეალურად ეს აბსურდია, რადგანაც ახალი ბაზრების გახსნა პირიქით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. გაზრდის ინვესტიციების რაოდენობასა და მშპ-ს. ამის დასტურია ისიც, რომ ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების ვაჭრობის მაჩვენებელი ორციფრა ნიშნულებსაც აღწევდა.

ანტიდასავლური ორგანიზაციები ხვდებიან იმასაც, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ვერ ერკვევა ეკონომიკურ საკითხებში, შესაბამისად, მათ „გასაბრუებლად“ განსხვავებული სტრატეგია შეარჩიეს და დაიწყეს მათი კულტურითა და ტრადიციებით მანიპულირება.

გავრცელდა მითები, რომ ევროკავშირი დააკარგვინებს ქვეყანას კულტურულ იდენტობას. სინამდვილეში კი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კულტურული მრავალფეროვნებისა და ტრადიციების შენარჩუნების ხელშეწყობაა. ამას მოწმობს მისი დევიზიც – „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ და ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აუცილებელია წევრი სახელმწიფოების ეროვნული იდენტობის პატივისცემა.

არც რელიგიური ხალხი გამორჩენიათ ანტიგლობალისტებს და შექმნეს მითი, რომ ევროპა მართლმადიდებლობის და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგია. ამ მითის გასაბათილებლად იმის თქმაც საკმარისია, რომ ევროკავშირს სხვადასხვა დროს შეუერთდა რუმინეთი, საბერძნეთი, კვიპროსი და მათ არანაირი პრობლემა არ შექმიათ რელიგიის გამო.

ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა მითი ერთსქესიანთა ქორწინებაზე, რომლის თანახმადაც ევროპასთან დაახლოება და ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებას. სინამდვილე კი ისაა, რომ ევროპის უმეტეს ქვეყანაში ეს კანონი არ მიუღიათ.

შესაბამისად, საქართველოს მიერ აღებული დასავლური კურსი გამართლებულია, რადგანაც სწორედ ევროპა და დასავლეთი დაგვეხმარა ქვეყანაში ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებასა და დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში. ამიტომაც საჭიროა ბოლომდე ვიბრძოლოთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. არ ვენდოთ მითებს, რომლებიც უკვე ითქვა და არ დავიჯეროთ, რომ აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებამდე ეს არ შეგვიძლია, რადგანაც გერმანიაც და ბალტიის ქვეყნებიც საზღვრის პრობლემების დროს გაწევრიანდნენ ნატოში. არც ამ ტერიტორიებზე მოგვიწევს უარის თქმა, პირიქით, ევროპა და დასავლეთი ჩვენი ტერიტორიული ერთიანობის ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან. ამ ორგანიზაციებში გაერთიანებით ქვეყანა უფრო განვითარდება და მიმზიდველი გახდება აფხაზებისა და ოსებისთვის. ასე კი ვინ იცის, იქნებ, საბოლოოდ მოვაგვაროთ კონფლიქტები.

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

გადაბეჭდვის წესი


ასევე: