ოზურგეთის მერი პატიმრის დედის მხარდაჭერაზე, რომელსაც C ჰეპატიტის გამოკვლევა სჭირდება

50 წლის ნინო ჩ. პატიმრის დედაა. ოზურგეთში ცხოვრობს, სახელდახელოდ შეჭედილ პატარა ქოხში, რომლის დაზიანებული, დამსხვრეული სახურავიდანაც ისევე წვიმს, როგორ გარეთ. 58 წლის მეუღლე ჰყავს, ნასამართლევი, ომის ვეტერანი. შვილი პატიმარია, ოთხი წელია სასჯელს იხდის და ორ წელიწად-ნახევარში გათავისუფლდება.

პატიმრის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ნინო ჩ. ოჯახის სოციალური მდგომარეობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ცოლ-ქმრის შემოსავალი ყოველთვიური სოციალური დახმარება – 120 ლარია. ნინომ და მისმა მეუღლემ ეს თანხა თვიდან თვემდე კვებისა და პატიმარი შვილის მოსანახულებლად უნდა იკმარონ.

ნინო ჩ.-ს ექვსი წლის წინ C ჰეპატიტი დაუდგინეს, დღემდე საფუძვლიანი მკურნალობის კურსი არ გაუვლია და ვერც C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. ნინო ოფიციალურად თბილისშია დარეგისტრირებული, მაგრამ ოზურგეთში ცხოვრობს. თბილისში რეგისტრაციის გაუქმება და ოზურგეთში რეგისტრირება გარკვეული მიზეზების გამო ნინო არ სურს.

ოზურგეთში ნინოს ეუბნებიან, რომ სახელმწიფო სერვისით დედაქალაქში, ჩაწერის ადგილზე უნდა ისარგებლოს. თბილისში ჩასვლის, დარჩენის, პირველადი გამოკვლევებისთვის მინიმუმ ორი კვირით დედაქალაქში დასარჩენი ხარჯები 120-ლარიანი შემოსავლიდან ოჯახმა წლებია ვერ დაზოგა. მთელი ამ ხნის მანძილზე ნინომ არ იცის რა მდგომარეობა აქვს, ამბობს, რომ თუ ვინმე არ დაეხმარა, თბილისში წასვლა-წამოსვლას და იქ დროებით დარჩენას საკუთარი სახსრებით კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს.

C ჰეპატიტის პირველადი კვლევების ღირებულება, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გვითხრეს, 500 ლარი ღირს. თუ ნინო ჩ. პირველად გამოკვლევებს ოზურგეთში ან ლანჩხუთში ჩაიტარებს, მიიღებს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის 70%-იან დაფინანსებას, მაგრამ კვლევის ღირებულების 30%  (150 ლარი) თავად უნდა დაფაროს, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

ხომ ვერ შეძლებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ქალისთვის კვლევის თანადაფინანსებას? – ეს კითხვა ოზურგეთის ახალარჩეულ მერს კონსტანტინე შარაშენიძეს დაუსვა „ბათუმელებმა“.

„ახალმოსული ვარ, ჯერ ვერ გიპასუხებთ, მაძლევს თუ არა კანონი ამის უფლებას. იანვრიდან დამტკიცდება ახალი ბიუჯეტი და განვიხილავთ საკითხს, თუკი ახალი წლიდან შემოიტანს მოქალაქე განცხადებას“, – აცხადებს ოზურგეთის მერი.

ფიზიკურ მუშაობაში ნინოს ავადმყოფობა ხელს არ უშლის. დიდი სურვილი აქვს დასაქმდეს, მომვლელად, სეზონურ სასოფლო სამუშაოებზე ან დამლაგებლად, მაგრამ ავადმყოფობას არ მალავს, ამიტომ მისი დასაქმებისგან ყველგან თავს იკავებენ.

„მოხუცთა თავშესაფარია ოზურგეთში, ვცადე იქ მომვლელად მემუშავა, საბავშვო ბაღშიც დამლაგებლად, მაგრამ ვთქვი, რომ ჰეპატიტი მაქვს, რომც არ მეთქვა, ყველგან ფორმა 100-ს ითხოვენ და არაფერი იმალება. როგორ უნდა მოვიტყუო ასეთი დიაგნოზი. არადა, სამსახური ჩემთვის ჰაერივით იქნებოდა. შრომა შემიძლია, ფიზიკურად არ მიჭირს და ვზივარ სახლში, გასაქანი არ მაქვს. დიდი ბოდიში მომიხადეს ყველგან, მაგრამ C ჰეპატიტიანს ვერ დაგასაქმებთო,“ – ამბობს ნინო „ბათუმელებთან“.

პატარა ქოხი, რომელშიც ოჯახი ცხოვრობს, სოფლის სახერხთან ახლოს დგას. ნინოს მეუღლე მხერხავებს ეხმარება და საუკეთესო შემთხვევაში, თუ შეკვეთა არის, დღიურად შვიდ-რვა ლარს გამოიმუშავებს. თუმცა, შეკვეთები სოფლის სახერხს იშვიათად აქვს. დღიური შვიდი-რვა ლარი 58 წლის ომის ვეტერანისთვის ფუფუნება არ არის.

ნინო გვიყვება, რომ როცა ჰეპატიტი დაუდგინეს, უთხრეს – მუდმივად მკაცრი დიეტის დაცვა იყო საჭირო, მაგრამ ჯანსაღი კერძების ინგრედიენტებში ბევრად მეტი ეხარჯებოდა და ხანგრძლივი დიეტა ვერ დაიცვა.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროგრამის” ფარგლებში ნინო სამედიცინო დახმარების სერვისით სარგებლობს, რაც ძვირადღირებულ გამოკვლევებსა და წამლებით დახმარებას ითვალისწინებს. ოღონდ ეს არ უკავშირდება C ჰეპატიტს – ნინოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვს.

მძიმე ოჯახური პირობების მიუხედავად, პატიმრის დედა საპყრობილეში მყოფი შვილის მომავალზე ბევრს ფიქრობს და გეგმავს, რა შეიძლება გააკეთოს ოჯახმა შვილის გათავისუფლების შემდეგ. ნინოს პენსიონერმა დედამ მიწის ნაკვეთი აჩუქა, თხილის მცირე პლანტაციით. ოჯახმა პლანტაციაში ახალი ნერგები გაახარა და რამდენიმე წელიწადში მოსავალს ელოდება. ამბობს, რომ შვილს გათავისუფლებისას პატარა მეურნეობას მაინც დაახვედრებს. მართალია, თხილის მოსავლის თითქმის 80% წელს აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა, მაგრამ ოჯახს მომავლის იმედი აქვს.

გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა ნინო ჩ.-ს თხილის პლანტაციის გასაწმენდად ხელსაწყოები: ელექტროცელი და ელექტროხერხი გადასცა.

პატიმრის დედა მოთმინებით ელოდება C ჰეპატიტის მკურნალობის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას. ფიქრობს, რომ ყველაფერი შედარებით უკეთ იქნება, როცა იმკურნალებს. მაშინ თავისუფლად შეძლებს ძალა და ენერგია სამსახურში დახარჯოს, სადაც თუნდაც მცირე გასამრჯელოს გადაუხდიან.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან