სიახლეები

ადამიანებისთვის თვალთვალის სტატისტიკა

28.05.2015 • 1378
ადამიანებისთვის თვალთვალის სტატისტიკა

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის იმ ნორმას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზე შს სამინისტრო მოქალაქეებს ფარულად უსმენს.

„ჩვენ გვაქვს იმის პრაქტიკა, რომ ქვეყანაში მოსამართლის ნებართვის გარეშე იწერდნენ მოქალაქეების სატელეფონო საუბრებს, ეცნობოდნენ მიმოწერებს, რომელიც ელექტრონული ფოსტით ან სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა. ეს ფაქტია. როგორ უნდა განადგურდეს ფარული ჩანაწერები, აი ესეც გვინდოდა, რომ ყოფილიყო დაცული და მიახლოებული ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი კანონით მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება არ არის გათვალისწინებული “, _ ამბობს ზვიად ქორიძე.
ზვიად ქორიძის თქმით, შს სამინისტროს კანონით აქვს ფარული თვალთვალის უფლება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელიც ვალდებულია ეს პროცესი გააკონტროლოს, ამის არანაირი მექანიზმი არ გააჩნია: „აი, აქ არის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს საკანონმდებლო ჩანაწერი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა”.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი”, ანუ ახალი სამთავრობო უწყება 2013 წელს შეიქმნა საქართველოში. მისი მოვალეობაა მოქალაქეთა პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის დაცვა. თუმცა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალაუფლება არ არის საკმარისი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონულ კომუნიკაციებზე სისტემატური უკანონო თვალთვალის შესაჩერებლად – ეს პოზიცია აქვს არასამთავრობო სექტორს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაინიშნა (2013 წლამდე ის ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო-ავტ). “საინტერესო ის არის, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია რა მექანიზმითაც აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს სისტემა შექმნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, – ამბობს ლიკა საჯაია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” საპარლამენტო მდივანი.

ლიკა საჯაიას ინფორმაციით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ყველა ქვეყანაში არის მაკონტროლებელი, საქართველოში კი ეს უწყება პროცესის მონაწილეა: „ყველა განვითარებულ ქვეყანაში [ევროპის უმრავლესობაში] სამართალდამცავი მიდის სასამართლო განჩინებით კომუნიკაციის კომპანიაში და კომპანია უშვებს მას მოსმენებზე. ანუ ე.წ. მოსმენების გასაღები ყველგან კომუნიკაციების კომპანიებს აქვთ. შვეიცარიაში არსებობს დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც არ აწარმოებს გამოძიებას, არ არის სახელმწიფო სტრუქტურა და მის ხელშია გასაღები. შს სამინისტრო არის დაინტერესებული მხარე, რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება, მით უფრო მარტივად გახსნის დანაშაულს. არ ვისაუბროთ იმაზე, რომ შეიძლება სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ ფარული ჩანაწერები, მაგალითად, შანტაჟისთვის. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არაა მოსმენების გასაღები იმის ხელში, ვინც პროფესიულად არის დაინტერესებული, რომ მიიღოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. ეს ჰგავს იმას, მგელს ცხვარი მივაბაროთ”.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის გიორგი გოცირიძის აზრით, არ შეიძლება გასაღები ჰქონდეს უწყებას, რომელიც დაინტერესებულია დანაშაულის გახსნით: `ეს ინტერესი აიძულებს მას უკანონო ქმედებას. მას სულ ექნება ცდუნება ნახოს მეტი, გააკონტროლოს მეტი დანაშაულის გახსნისთვის”.

გიორგი გოცირიძეც ეთანხმება ლიკა საჯაიას და ამბობს, რომ ფარული მოსმენის უფლება უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელ უწყებას, რომელსაც გამოძიების ინტერესი არ აქვს. ასეთ უწყებად ვახტანგ ხმალაძე კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას მოიაზრებდა, მაგრამ კანონპროექტი პარლამენტის უმრავლესობამ დაიწუნა.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ერთი ნაწილის სარჩელს, მაშინ კანონი მოსმენებისა და ფარული მიყურადების შესახებ გაუქმდება, პარლამენტი კი იძულებული იქნება, მოსმენების უფლება სხვა უწყებას მიანიჭოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის” საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია „ბათუმელებთან” ამბობს, რომ არის ორი მთავარი საკითხი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ: 1. კანონის ნორმა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევს შესაძლებლობას მობილური კომპანიებისა თუ ინტერნეტპროვაიდერებიდან იღებდეს ინფორმაციას შეუზღუდავად. 2. მონაცემთა ბანკები. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მონაცემთა ბანკში შენახულ ყველა ინფორმაციას – აბონენტის მიერ განხორციელებული ყველა ზარი, რამდენი ხანი ან სად ისაუბრა, რომელ საიტებზე შევიდა და სად იმყოფება – აკოპირებს ყოველგვარი ნებართვის გარეშე. მას სასამართლო ნებართვა მაშინ სჭირდება, თუ ამ ინფორმაციის გამოყენება უნდა სასამართლოში”.

არსებული კანონით კონკრეტული სამართალდამცავის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, ვის მოუსმენენ და ვის – არა. ეს იმას ნიშნავს, რომ არამხოლოდ დანაშაულში „ეჭვმიტანილი“ ადამიანის, არამედ ნებისმიერი პირის პირად ინფორმაციაზე წვდომის კანონიერი უფლება აქვს შს სამინისტროს: “ინფორმაცია უდევთ უჯრაში. სიტყვაზე თუ ვენდობით, ამ ინფორმაციას სასამართლო ნებართვის გარეშე არ იყენებენ”.
საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტს სახალხო დამცველიც უჩივის. უჩა ნანუაშვილის მოადგილე ნათია კაციტაძე „ბათუმელებთან” ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის ჩანაწერს ასაჩივრებს: „ვფიქრობთ, რომ სამართალდამცავი უწყებების მიერ მონაცემების შენახვა ორი წლის ვადით არის პრობლემური, ვინაიდან ის არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას”.

„ბათუმელების”  ხელთ არსებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ფარულ თვალთვალზე პირველი ინსტანციის სასამართლოებმა შარშან 2 555 შუამდგომლობა განიხილეს, 2015 წლის ოთხ თვეში კი – 753. ეს სტატისტიკა რედაქციას უზენაესმა სასამართლომ მოაწოდა. “ეს ძალიან დიდი ციფრია. როცა მოსმენების კანონზე ვმუშაოდით, ევროპელმა კონსულტანტებმა გვითხრეს, რომ, მაგალითად, გერმანიაში წელიწადში 200-მდე შუამდგომლობაა ფარული მიყურადების ნებართვის მისაღებად”, – ამბობს ლიკა საჯაია.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, საგამოძიებო უწყებებს აქვთ უფლება, ნებისმიერ ადამიანს უთვალთვალონ ფარულად. იმავე კანონის თანახმად, საგამოძიებო უწყება ვალდებულია ერთი წლის განმავლობაში უთხრას ადამიანს, რომ მას ფარულად უთვალთვალებდნენ. ასეთი ფაქტი – როცა ადამიანს აცნობეს, რომ მას ფარულად უთვალთვალებდნენ, ჯერჯერობით, არ ყოფილა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში არც ისეთი საქმე ყოფილა, რომ მოქალაქეს საგამოძიებო უწყებების ფარული მიყურადება გაესაჩივრებინოს. ამას ერთი ახსნა აქვს -შეუძლებელია მოქალაქემ სასამართლოს გზით დაადასტუროს, რომ მას უთვალთვალებდნენ.

გადაბეჭდვის წესი