სიახლეები

რატომ არის სახიფათო სახლი, რომელშიც ცხოვრობთ

27.05.2015 • 9020
რატომ არის სახიფათო სახლი, რომელშიც ცხოვრობთ

 

ბათუმი

 

 

 

 

 

 

 

 

 

„მე მაქვს ნანახი სახლი, რომლის გარე კედლის სისქე 10 სანტიმეტრია, საევაკუაციო კიბე კი – 152 სმ. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია“ –  ამბობს არქიტექტორი გია რამიშვილი. მისი თქმით, კანონის ლიბერალიზაციამ ცუდი შედეგი გამოიღო, რადგან მშენებლები თითქმის აღარ იცავენ უსაფრთოების ნორმებს, მაკონტროლებელი სტრუქტურა კი სახელმწიფოში არ არსებობს.

„გარდა იმისა, რომ საცხოვრებელ კორპუსებში არ არის დაცული სახანძრო უსაფრთოების ნორმები, მშენებლები ვერ აკმაყოფილებენ სხვა ნორმებსაც. მაგალითად, სახლებს არ აქვთ საკმარისი ეზო და გამწვანება, არ აქვთ ავტოსადგომები, დარღვეულია ლიფტისა და კიბის უჯრედების რაოდენობა სახლის ფართობიდან გამომდინარე, სახლებში არ არსებობს ინდივიდუალური ან საერთო საკუთრებაში არსებული საშრობები, რაც, ერთი შეხედვით, თითქოს წვრილმანია, მაგრამ რეალურად ძალიან პრობლემატური საკითხია, არ არის დაცული ბუნებრივი კონდიცირება, განათება და სხვა უამრავი დეტალი“ – ამბობს გიორგი რამიშვილი.

140-ე დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს გააუქმა, რის შემდეგაც მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოებს უფლება აღარ აქვთ მშენებლებს ტექნიკური ნორმების დაცვა მოსთხოვონ. უსაფრთხოებისა და სხვა ნორმების დაცვაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დეველოპერებსა და საპროექტო ორგანიზაციებზე გადავიდა. კანონის ჰიპერლიბერალიზაციის შედეგი, როგორც არქიტექტორები აცხადებენ, სავალალოა.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ კანონით დადგენილი ნორმების გაუქმება მშენებლობის ტემპების დაჩქარებაზე იყო ორიენტირებული, რასაც ცუდი შედეგი მოჰყვა:

„57-ე დადგენილებამ, რომელიც მთავრობამ 2009 წელს გამოსცა, ფაქტობრივად ყველა სამშენებლო მოთხოვნა გაამარტივა. მშენებლებს აღარ აქვთ ვალდებულება არც სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, რომელიც ადრე სახანძრო სამსახურთან უნდა შეთანხმებულიყო, არც წყლისა და კანალიზაციის, არც ელექტროობის და სხვა ნორმების დაცვის ვალდებულება. მარტო ეს კი არა, კონსტრუქციების მოთხოვნის ვალდებულებაც კი აღარ აქვს არქიტექტურის სამსახურს. აქედან გამომდინარე, მთლიანად დამკვეთზე და საპროექტო ორგანიზაციებზეა გადატანილი პასუხისმგებლობა,“ – ამბობს ირაკლი ახალაძე.

ძველი დადგენილების თანახმად დამკვეთი ვალდებული იყო გარდა საევაკუაციო კიბეებისა, საცხოვრებელი სახლი ხანძარსაწინააღმდეგო სხვა სისტემებითაც აღეჭურვა: „სართულებზე უნდა ყოფილიყო სახანძრო წყლის ონკანები, ქვიშა და ა.შ რასაც დღეს ვეღარ ვთხოვთ. სკოლებისა და ბაღების მშენებლობის შემთხვევაშიც კი არ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ეს ნორმები, რადგან კანონი არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას“ – ამბობს არქიტექტურის სამსახურის უფროსი.

სახანძრო სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის თქმით, სასურველია მშენებლებმა საევაკუაციო გასასვლელები გაითვალისწინონ. „ზოგიერთი მშენებელი მოგვმართავს და ჩვენ ვუწევთ მათ კონსულტაციას, თუ გამოუვალი სიტუაციაა, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენი, სახანძრო კიბის მეშვეობით უნდა მოხდეს ევაკუაცია“ – ამბობს სახანძრო სამსახურის უფროსი.

ირაკლი ახალაძის აზრით, 57-ე დადგენილებაში აუცილებლად უნდა შევიდეს ცვლილება და გამკაცრდეს ტექნიკური ნორმების დაცვა.
„ქობულეთში მომხდარი ხანძრის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა ამ თემაზე და ვფიქრობ აუცილებლად შევა დადგენილებაში ცვლილება, რის შემდეგაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ოფიციალურად, კანონის ძალით მოვთხოვოთ დამკვეთებს ამ ნორმების დაცვა“.

როგორც ირაკლი ახალაძე ამბობს, თვითმმართველ ორგანოს შეუძლია გარკვეული ნორმების დაწესება, თუმცა ამის შესაძლებლობასაც საქართველოს კანონი უნდა ითვალისწინებდეს: „მთავარი დოკუმენტი რითაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა, არის მთავრობის დადგენილება. ამიტომ, რაღაც განსხვავებული ნორმების დამატება რთულია. თუ კანონში არ წერია, რომ თვითმმართველობისთვის ეს შესაძლებელია, ცალკე მოთხოვნებს ჩვენ ვერ დავაწესებთ“.

ბათუმის მერიას გარკვეული ნორმები აქვს დაწესებული მაღლივი კორპუსების შეფუთვაზე. ამ ნორმის მიხედვით, დაუშვებელია სახლი შეიფუთოს სწრაფად აალებადი, ხის და ხისგან კომბინირებული მასალით. „რაც შეეხება პლასტიკატს, ამაზე ჩანაწერი არსად არ არსებობს“ – ამბობს ირაკლი ახალაძე.

სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსის ირაკლი მოქიას განცხადებით, რა მასალით იფუთება დღეს საცხოვრებელი კორპუსები, ფაქტობრივად, უცნობია: „პროექტების 80 პროცენტში არ წერია რა მასალით იფუთება სახლი. მითითებულია მხოლოდ ფერი და ჩვენც ამ ფერს ვამოწმებთ“.

ირაკლი მოქიას თქმით, ქალაქში არ არსებობს შენობა, სადაც პროექტი დარღვეული არ იყოს. „სავინტილაციო სისტემა კი არა, ყველა საზოგადოებრივ ობიექტს უნდა ჰქონდეს საევაკუაციო გასასვლელი და გეგმა ყველა სართულზე გაკრული, რომელიც მხოლოდ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს და ზოგიერთ საცხოვრებელ სახლებს გააჩნიათ, სხვა მრავალბინიან სახლებში მე ასეთი რამ არსად მინახავს.“

ამის მიზეზად სამსახურის უფროსი, არქიტექტორის მსგავსად, 57-ე დადგენილებას ასახლებს, რომელიც საექსპლუატაციო პირობების ჩამონათვალში დეტალებს არ აზუსტებს. „დღეს ქალაქში 10-15 კორპუსია, რომელიც ექსპლუატაციაში პროექტის დარღვევის გამო არ მივიღეთ, თუმცა იქ ხალხი ცხოვრობს. ამიტომ, იქ რაიმე რომ მოხდეს, ყველანაირი პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლის სამართლის, ეკისრება დამკვეთს.“

არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტი მალე განიხილავს მშენებლობის კოდექსს, რის შემდეგაც უსაფრთხოების ნორმები და სხვა ტექნიკური მოთხოვნები აუცილებლად გამკაცრდება.

იმ საცხოვრებელ სახლებში, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, ბინის ღირებულება საკმაოდ ძვირია. საშუალო ფასი 500 დოლარიდან იწყება და ცენტრალურ ზონებში 800-900 დოლარამდეც აღწევს.

„ჩვენთან ბაზარიც ტლანქია და ხარისხიანსაც და უხარისხოსაც ერთი ფასი აქვს. როცა ქალაქის მთავარი არქიტექტორი ვიყავი, მქონდა მცდელობა ხარისხის კუთხით რაღაც გაგვეუმჯობესებინა, მაგრამ ყველასგან აბსოლუტური წინააღმდეგობა შეგვხვდა, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებიდანაც“, – ამბობს გია რამიშვილი. მისი აზრით, სახელმწიფო პოლიტიკა და მშენებლების პასუხისმგებლობაც, შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებისა და მედიის აქტიურობის შედეგად შეიცვალოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: