რა შეიცვალა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მედიაგაშუქების შემდეგ

„არაფერი არ შეცვლილა, აღარ მინდა ლაპარაკი, დავიღალე,“ – ეს ხათუნა ბ.-მ გვითხრა. ის ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლია. მის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ნოემბერში წერდა. ხათუნა არაა ძალადობის ერთადერთი მსხვერპლი, ვისი ისტორიაც მედიამ გაშუქდა. ძალადობის მსხვერპლი ქალები, ვისაც ვესაუბრეთ, ისევ გრძნობენ საფრთხეს ყოფილი ქმრებისგან, მათი სოციალური მდგომარეობა დამძიმდა, ზოგს შვილებთან დაშორება მოუწია, ზოგს პირიქით – შვილების დამოუკიდებლად გაზრდა უჭირს.

„ყოფილმა ქმარმა მითხრა, გირაო რომ გადამახდევინე 5 ათასი ლარი, გამოართვი მთავრობას და ბავშვებს მოახმარეო“

ხათუნა ბ.-მ ყოფილი ქმრისგან ძალადობაზე მედიასთან მაშინ ისაუბრა, როცა ქმრის სახლში მისულს 11 წლის ბიჭი სასტიკად ნაცემი დახვდა. „9 საათზე დავტოვე და 11 საათზე ბიჭმა დამირეკა, დედიკო სასწრაფოდ მომაკითხეო. რომ მივედი, ჭიშკართან ფეხშიშველი გამოვიდა, ფეხსაცმელი ხელში ეჭირა… იქ არაფერი უთქვამს. როცა სახლში მივედით და ტანზე გაიხადა, მაშინ შევნიშნე, რომ ნაცემი იყო,“ – უთხრა მაშინ „ბათუმელებს“ ხათუნა ბ.-მ. ძალადობის მსხვერპლი ქალი მოგვიყვა იმასაც, რომ 15 წლის გათხოვდა და ქორწინების მესამე დღიდან ქმარი სცემდა. „დანაც აქვს დარტყმული, ჩანგალიც, ჭიქაც…“ – ყვებოდა ის.

შვილის ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ, ხათუნას ფეისბუქპოსტზე სასიყვარულო მიმოწერები გამოჩნდა. ხათუნამ მაშინ ხელახლა მიმართა გამოძიებას და თქვა, რომ ამას მისი ყოფილი ქმარი აკეთებდა დაშანტაჟების მიზნით.

„სასამართლოში დაგვიბარეს, მეც დამკითხეს და ჩემი შვილიც. ბავშვმა მოსამართლეს უთხრა, ჩემი უფლებები დაიცავითო, გაოცდა მოსამართლე, მაგრამ არაფერი. ჩემს ყოფილ ქმარს გირაო გადაახდევინეს – 5 ათასი ლარი და გაუშვეს. სასამართლო პროცესი გაჩერდა, არ ვიცი რა ქნეს.

ყოფილი ქმარი და მისი ოჯახი ბავშვებსაც აღარ ეხმარებიან. „ერთხელ ტელეფონით ვესაუბრე. მითხრა, გირაო რომ გადამახდევინე ძალით – 5 ათასი ლარი, გამოართვი ახლა ის ფული მოსამართლეს და ბავშვებს მოახმარეო,“ – გვიყვება ხათუნა ბ. ის ახლა ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს მშობლებთან ერთად. ამბობს, რომ ბავშვები სკოლას ხშირად აცდენენ, რადგან სკოლა შორსაა.

ხათუნა ბ.-ს სამოქალაქო დავაც აქვს ყოფილ ქმართან – ალიმენტის დაკისრებას ითხოვს და განქორწინებას. „ადვოკატმა 400 ლარი მომთხოვა, არ მაქვს ფული, რით გადავუხადო. ამიტომ გაჩერებულია საქმე. სამსახურს თუ ვიშოვი, აუცილებლად ვიდავებ სასამართლოში,“ – ამბობს ის.

რა გაარკვია გამოძიებამ ხათუნა ბ.-ს „ფეისბუქის“ გატეხვის საქმეზე? – ხათუნა ბ.-ს თქმით, გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა და პროკურატურასთან კომუნიკაცია აღარ აქვს. აქვს განცდა, რომ სამართალდამცველები არაფერს იძიებენ:

„რამდენჯერ უნდა დავრეკო, რამდენჯერ უნდა დამკითხონ. რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე? აღარ მაინტერესებს უაზრო სიარული… ძალიან ვნანობ, არც ტელევიზიებისთვის არ უნდა მიმეცა ინტერვიუ. ამაზე სულ გაგიჟდა ჩემი ყოფილი ქმარი და სახლიდან ჩემი პირადი ნივთების გამოტანის უფლებაც არ მომცა. პოლიციასთან ერთად მივედი, მაგრამ პოლიციელებმა მითხრეს, არ გვაქვს უფლება ძალით შევიდეთ, განქორიწინებული არ ხართ ოფიციალურადო. მერე ჩემმა ყოფილმა ქმარმა დამირეკა, შევაგროვე შენი ნივთები ყველა ერთად და ცეცხლი გავუკიდეო…“

„ამ საქმის განხილვა დასრულებულია. როინ ჟ.-ს. პირობითი მსჯავრი შეუფარდა სასამართლომ,“ – გვითხრა ხათუნა ბ.-ს ადვოკატმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. ადვოკატის თქმით, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი რამდენიმე თვის წინ დადგა, ხოლო მსჯავრდებულს გირაოს სახით გადახდილი 5 ათასი ლარი უკან დაუბრუნეს.

„მსხვერპლს, ძირითადად, აქვს მინიმალური როლი. მას შეიძლება არავინ არაფერი ჰკითხოს. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ აქვთ უნდობლობა სისტემის მიმართ,“ – ეს ანა არგანაშვილმა გვითხრა, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა. ის სხვადასხვა ძალადობის ისტორიაზე მუშაობს და არ გაკვირვებია, როცა ვუთხარით, რომ მსხვერპლმა სასამართლო პროცესის დასრულების შესახებ არაფერი იცოდა.

ანა არგანაშვილის შეფასებით, სოციალურ სამსახურს, ასევე პროკურატურას ხშირად არ აქვს სათანადო ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. „სასჯელის ინტერესი უნდა იყოს არა მხოლოდ მოძალადის დასჯა, არამედ მსხვერპლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, მისი ეკონომიკური გაძლიერება,“ – ამბობს ის.

მსხვერპლი: „ზაფხულის შემდეგ ბავშვები აღარ მინახავს. ესაა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა?“

სალომე [სახელი შეცვლილია] წალკის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, როცა 14 წლის დანიშნეს. ამბობს, რომ ქმარი 13 წლის განმავლობაში ძალადობდა და პირველად მაშინ დაარტყა, როცა ფეხმძიმე იყო. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ სალომეს პოლიციისთვის არ შეუტყობინებია. გასული წლის დასაწყისში იგი ყოფილ ქმარს გამოექცა და ორი მცირეწლოვანი შვილიც წამოიყვანა. იგი ბათუმში მშობლებთან დაბრუნდა.

გასული წლის ზაფხულში სალომემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ყოფილმა ქმარმა აქაც ჩამოაკითხა და ისევ იძალადა. პოლიციას სალომეს მშობლებმა დაურეკეს. სალომეს მეუღლეს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და წავიდა.

„მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. მე დამკითხეს, ის – არა,“ – ამბობს სალომე.

მისი თქმით, პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიება არ დაუწყია მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას დეტალურად მოუყვა ბათუმსა და წალკაში სისტემური ძალადობის შესახებ. სალომე ახლა უფრო შვილებზე დარდობს. მცირეწლოვანი ბავშვები ყოფილმა ქმარმა წალკაში წაიყვანა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძემ შვილები დედას მიაკუთვნა, თუმცა ვიდრე გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდოდა, სალომეს ყოფილმა ქმარმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

„ამ გადაწვეტილებას ველი, რომ ბავშვები დავიბრუნო. ბავშვები ახლა ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ არიან. ყველა ამბობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვაა მთავარი. ესაა საუკეთესო ინტერესების დაცვა? სოციალური სამსახურიდან ფსიქოლოგი იყო ორჯერ მისული ოჯახში და დასკვნა დაწერა, რომ ბავშვებს ორივე უნდათ – დედაც და მამაც, მეტი არაფერი. ზაფხულში გოგონამ ასეთი რამ მითხრა, შენ რომ გათხოვდე, მამა თავს მოიკლავს, ჩვენ ქუჩაში დავრჩებით, გავიყინებით და შიმშილით მოვკვდებითო… მერე ბიჭმა მითხრა, შენ მართლა მოინათლეო? მამამ ისე დაუხატა, რომ თითქოს მონათვლა საშინელება იყოს. ახლა ტელეფონზეც არ მალაპარაკებს ბავშვებს“, – გვიყვება სალომე.

რა შეცვალა შემაკავებელმა ორდერმა? – სალომე ფიქრობს, რომ ორდერი არაფერს ცვლის, რადგან ყოფილ ქმარს ისევ შეუძლია იძალადოს და მას არავინ იცავს.

„შემაკავებელი ორდერების შემთხვევაში მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ ხდება გამოცემული ორდერების აღსრულების მონიტორინგი. ისევ მსვერპლმა უნდა მიმართოს მორიგი ძალადობის შემდეგ პოლიციას. არსებობს შემთხვევები, როცა შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ მოუკლავთ ქალი,“ – ამბობს ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე.

„შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ აბრკოლებს სისხლისსამართლებრივ საქმეზე გამოძიების დაწყებას. ჩვენ გვაქვს არაერთი შემთხვევა ოჯახში ძალადობის, როცა სამართალდამცავი უწყება ამას უყურებს, როგორც ცალკეულ ფაქტს და არა სისტემური ხასიათის დანაშაულს. პრობლემაა ის, თუ როგორ აფასებს სამართალდამცავი უწყება მომხდარ ფაქტს. ბოლო წლებში გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი, რაც მისასალმებელია. მაგრამ გაზრდილი რაოდენობა აორმაგებს საჭიროებებს, რაც დაცვით ღონისძიებების ეფექტურობასთან დაკავშირებით გვაქვს,“ – ამბობს ის.

ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“: „მედიაჩარევის შემდეგ ხდება ისე, რომ პოლიცია იღებს მყისიერ გადაწყვეტილებას და მერე ჩერდება. ოჯახში ძალადობას სჭირდება კომპლექსური რეაგირება და არა მყისიერი. ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენს სამართალდამცვა ორგანოებს ჯერ კიდევ არ აქვთ სათანადო მგრძნობელობა ამ თემის მიმართ. სასამართლო სისტემაშიც გვესმის, რომ კაცს გამოსწორების შანსი უნდა მივცეთ… მსხვერპლ ქალებთან არასწორ კომუნიკაციას ხშირად მივყავართ იქამდე, რომ მათ აღარ აქვთ სურვილი მისცენ ჩვენება მოძალადის წინააღმდეგ სასამართლოში.“

კიდევ ერთი მსხვერპლი: „გამოძიება დაიწყო, მაგრამ არ ვიცი, რას გამოიძიებენ“

გამოძიება დაიწყო ნანას შემთხვევაშიც. მის შესახებ „ბათუმელები“ ოქტომბერში წერდა. ნანას თქმით, ის 13 წელი იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქმრისგან, რომელიც ახლა ციხეშია და სასჯელს იხდის. ნანამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მოძალადე ქმარი ხშირად ურეკავდა ციხიდან და მასთან შეხვედრას აიძულებდა.

„დაახლოებით ორი კვირის წინ დამიბარეს პროკურატურაში. მითხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს და ჩვენება მივეცი. ციხიდან ის აღარ მირეკავს. უფრო სწორად ზარი შემოდის და მაშინვე იბლოკება,“ – ამბობს ის.

ფიქრობს თუ არა ნანა, რომ მას ყოფილი ქმრისგან საფრთხე აღარ ემუქრება? – „არ ვიცი რა იქნება, რას გამოიძიებენ. საფრთხის შეგრძნება ისევ მაქვს, რადგან ის ჩემს ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა. ციხიდან მირეკავდა და მეუბნებოდა, დღეს აქ და აქ იყავი, იმას რატომ შეხვდიო“, – გვიყვება ნანა.

„თუკი მსხვერპლი სოციალური კუთხით არ გაძლიერდა, მართლმსაჯულების მექანიზმი არასდროს იქნება ეფექტური“

„პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი დაიწყეს ღონისძიებები, მაგრამ მსხვერპლი სოციალური კუთხით არ ძლიერდება. მართლმსაჯულების მექანიზმი იქნება არაეფექტური, თუკი არ მოხდება მსხვერპლის სოციალური კუთხით გაძლიერება,“ – ამბობს ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი.

სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძეც თვლის, რომ ეფექტურ რეაგირებასა და მართლმსაჯულებაზე მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, „როცა მსხვერპლს შეეძლება დამოუკიდებლად განაგრძოს ცხოვრება და ისევ ძალადობრივ გარემოში არ დაბრუნდება“.

ეკა სხილაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ არც მოძალადის სარეაბილიტაციო პროგრამები არსებობს: „ყველა მსხვერპლს არ სურს განქორწინება, მათ სურთ ის, რომ ძალადობა არ მოხდეს. ქვეყანაში არ არსებობს მოძალადის ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები. მსხვერპლი მიჰყავთ თავშესაფარში და სამი თვის ამოწურვის შემდეგ ბრუნდებიან ძალადობრივ გარემოში. სამწუხაროდ, მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებული სერვისები პროგრესს არ განიცდის“.

რატომ აქვთ ქალებს განცდა, რომ სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა მათი ისტორიების გასაჯაროვების შემდეგ? – ანა არგანაშვილმა ამ კითხვის საპასუხოდ პოლიციის თანამშრომლები გაიხსენა, რომლებიც ამბობენ, რომ ქალმა პოლიციას კი მიმართა, მაგრამ შემდეგ პოლიციასთან თანამშრომლობა აღარ სურს.

„ხშირად მსმენია, რომ ქალები უარს ამბობენ თანამშრომლობაზე. რა ვქნათ, მათ აღარ უნდათ ინფორმაციის მოწოდებაო. მათ არავინ ეკითხება, რატომ ამბობენ უარს, რა აიძულებთ ამას. რეალური მიზეზი არის ის, რომ ქალს ისევ აქვს დაუცველობის განცდა, მის უსაფრთხოებაზე არავინ ზრუნავს, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზად არ არის… მეორე დღეს, როცა მისი ისტორიის შესახებ ყველამ გაიგო, არავინ ზრუნავს იმ საჭიროებებზე, რაც მათ აქვთ, ის მხოლოდ პოლიციელის წუთიერ რეაგირებას ხედავს…

„სტამბულის კონვენციის“ ამოქმედების შემდეგ, ვალდებულება სხვადასხვა უწყებას დაეკისრა, მაგრამ, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრო სრულიად პასიურია. გენდერული მოტივით მოკლული ქალების შესახებ პროკურატურა, შსს და სახალხო დამცველი სხვადასხვა ციფრებს ასახელებენ. ციფრებში რომ ვერ ვთანხმდებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე კოორდინირებულ მუშაობასთან გვაქვს საქმე,“ – გვითხრა ანა არგანაშვილმა.

რას ცვლის მედია გაშუქება? – სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ მედია გაშუქების შემდეგ სახელმწიფო ორგანოები უფრო სწრაფად ახდენენ რეაგირებას, გარდა ამისა, იზრდება საზოგადოების ცნობირების დონე ოჯახში ძალადობაზე.

რა შეიცვალა მედიაში ისტორიების გაშუქების შემდეგ? – ეს შეკითხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებსაც დავუსვით. გვითხრეს, რომ არ მოეწონათ, როცა საკუთარი ამბავი ტელევიზორიდან მოისმინეს. „მეგონა ამით რამე შეიცვლებოდა, მაგრამ არაფერი. ჟურნალისტებმა პოლიციელები უნდა აკონტროლონ, რომ ფაქტები არ გადამალონ,“ – გვითხრა ერთ-ერთმა.


სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი