როდის დაიწყება საახალწლო არდადეგები აჭარის საბავშვო ბაღებში

ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, წლის ბოლო სააღმზრდელო პროცესი  ბათუმის საჯარო ბაღებში 29 დეკემბერს ჩატარდება, რის შემდეგაც დაიწყება საახალწლო არდადეგები. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში საახალწლო არდადეგები 26, ხულოსა და ქედაში კი 25 დეკემბერს დაიწყება.

ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული როდის დაიწყება საახალწლო არდადეგები ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში.

ქედის ბაღების გაერთიანების დირექტორის, აიშე თებიძის თქმით,  ქედის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 16 იანვრამდე გაგრძელდება.

„ქვეყნის მასშტაბით,  ყველაზე ადრე სააღმზრდელო პროცესი ქედის ბაღებში განახლდა, შესაბამისად ამოვწურეთ პროგრამა, არდადეგები 25 დეკემბრიდან  16 იანვრამდე გაგრძელდება,“ – ამბობს აიშე თებიძე.

ქობულეთის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ია ხალვაშის თქმით კი, როდის განახლდება სასწავლო პროცესი ბაღებში, ჯერ დაზუსტებული არ აქვთ.

„ვფიქრობთ, 15 იანვრამდე გაგრძელდებს დასვენება,“-გვეუბნება ის.

ქედის საბავშვო ბაღების გარდა, ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული როდის განაახლებენ  სააღმზრდელო პროცესს აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების  საბავშვო ბაღები.

ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, თვის ბოლოს დაზუსტდება  სასწავლო პროცესის დაწყების  თარიღი. რაც შეეხება ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებს, გაერთიანების დირექტორის, ნატო შავიშვილის ინფორმაციით,  არდდეგების დაწყება 29 დეკემბრიდან იგეგმება და იანვრის შუა რიცხვებამდე  გაგრძელდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი