რატომ ევროპა – უკეთ გავიაზროთ, რატომ გვჭირდება კანონი

ხატია ზუხუბაია, სტუდენტი

სკოლაში გეოგრაფიის გაკვეთილის მთავარი კითხვა მყარად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. პასუხიც ასეთი იყო, ვერ გაგვერკვია „უფრო“ საითკენ ვიხრებოდით. ვავლებდით კონტურებს, სადაც ვამტკიცებდით, რომ ევროპას მივეკუთვნებოდით, თუმცა თანაკლასელის მიერ შემოსაზღვრული საქართველო სხვა კონტინენტის ნაწილს უფრო ემსგავსებოდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ მივხვდი, რომ ევროპა არა ტერიტორიული მოცემულობა, არამედ იდეაა, რომელიც ადამიანად ყოფნის უფლებას გაძლევს და შეგახსენებს, რომ შენ, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც გაუთავებლად მუშაობ, უხდი სახელმწიფოს გადასახადებს და ცდილობ განვითარებას, ისეთივე მნიშვნელოვანი ხარ (ან უნდა იყო სახელმწიფოსთვის), როგორიც შენი მდიდარი ან შენზე ნაკლებად ჭკვიანი მეზობელია.

ევროპისადმი გაუცხოება, რომელიც გამოიწვია თავდაპირველად რუსეთის იმპერიაში ყოფნამ, ხოლო შემდგომში უფრო დიდი ბოროტების, საბჭოთა კავშირის წევრობამ, დიდი შიშის წინაპირობა გახდა. შიშის, რომელიც გაუცნობიერებლად შემოიჭრა (თუ ,,შემოჭრეს“) ჩვენს ქვეცნობიერში და ,,ქართველობის დაკარგვა“ დაარქვეს. გვითხრეს და შემდგომში ჩვენც მყარად ჩავიბეჭდეთ გონებაში, რომ ევროპა ტრადიციებს ანადგურებს, მისთვის არ არსებობს სახელმწიფოთა იდენტობა და ისეთს, როგორიც ჩვენ ვართ მხოლოდ ერთმორწმუნე ძმა, ჩვენი მეზობელი სახელმწიფო და, უბრალოდ, პატარა ქვეყნების დიდი გულშემატკივარი – რუსეთი მიგვიღებდა. რეალობის სწორად აღქმა და წარსული დროის გახსენება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვიჭირს. ნოსტალგია უწინდელი ცხოვრებისადმი, რომელიც, ძირითადად, გართობასა და მატერიალურ კეთილდღეობას უკავშირდება, დღესაც ერთგულს ტოვებს ძველი თაობის წარმომადგენლებს. თუმცა, ჩვენდა საუბედუროდ, მხოლოდ მათ არ აქვთ ლტოლვა ძველი დროისადმი. ერთადერთ ხელჩასაჭიდად ამ დიდ ბრძოლაში სწორ პრიორიტეტებზე დაფუძნებული განათლება შეგვიძლია მივიჩნიოთ. მიუხედავად იმისა, რომ შედეგობრივად, ეს უკანასკნელი ყველაზე გრძელვადიანი პროცესია და რაღაც ეტაპზე შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ უშედეგოც, ერთი დიდი უპირატესობა აქვს – საბოლოოდ, აუცილებლად ეყოლება სახელმწიფოს დიდი ძალა- საღადმოაზროვნე ახალი თაობის სახით.

სამართლებრივი თვალსაზრისით, ევროპა მოწინავეა კანონის უზენაესობის მხრივ. რა გვათქმევინებს ამას და ხომ არ გულისხმობს კანონის უზენაესობა ნორმებისადმი უსიტყვო მორჩილებას? პირველ რიგში, ამის თქმის საშუალებას ევროპული სამოქალაქო საზოგადოება და კანონთა განსაზღვრულობა გვაძლევს. მოსახლეობამ და პოლიტიკურმა ძალამაც იცის, რომ ხალხს აქვს ყველაზე დიდი ბერკეტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სახით. ისინი დაიცავენ კანონს, თუმცა თუ ხელისუფალი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ წავა, ბოლომდე იბრძოლებენ თავიანთი უფლებების დასაცავად. რაც შეეხება კანონით ქვეყნის მართვას, ეს არ გულისხმობს   საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ ნებისმიერ ცვლილებაზე უპირობო მორჩილებას. პირიქით, კანონის უზენაესობის მთავარი იდეაა, შეიქმნას ისეთი ჩარჩო, რომელიც თანაბრად გაითვალისწინებს ხალხისა და სახელმწიფოს ერთობლივ ინტერესებს და დააბალანსებს რისკებს ქვეყნის მართვისას. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს უნდა იყოს, უკეთ გავიაზროთ, რატომ გვჭირდება კანონი. მხოლოდ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსი მოგვანიჭოს და შეამჩნიოს, რომ ნორმებით ესა თუ ის საკითხი მოვაწესრიგეთ, თუ პრაქტიკულად იმუშაოს უფლებებმა და მოვალეობებმა და მოიცვას ყველა ის პრობლემა და სეგმენტი, რომელიც ხელს უშლის ქვეყანას განვითარების გზაზე. პრინციპი ,,კანონი რთულია, მაგრამ კანონია“ (Dura Lex, Sed Lex) დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ერთი პირის მიერ მართული სახელმწიფო და მისი მართვა ჩვენ მიერ შეთანხმებულ წესებსა თუ პრინციპებს მივანდოთ.

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები გვარწმუნებს, რომ პოპულისტური შეძახილები და ,,ერის გამოფხიზლებისკენ“ მოწოდება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა. დღეს განვითარებულ სახელმწიფოებშიც ბევრმა პოლიტიკოსმა გაითქვა სახელი დემოკრატიისა და თანასწორობის იდეის წინააღმდეგ რადიკალური მიდგომებით. მათი ძირითადი სამიზნე ჯგუფი დაბალი სოციალური ფენაა, რომლებსაც ან არ აქვთ წვდომა შემოდინებულ ინფორმაციაზე და ეყრდნობიან დეზინფორმაციის გამავრცელებელ პრესას ან/და მათზე მანიპულირებენ სენსიტიური თემებით, რაც შემდგომში  დიდ საპროტესტო ტალღას  აგორებს ევროპული ფასეულობებისა თუ ადამიანის უფლებათა დაცვის წინააღმდეგ.

საკითხს კიდევ უფრო ამძაფრებს ,,პროევროპული ძალების“ პოპულიზმიც, რადგან ხშირ შემთხვევაში მათაც არ აქვთ გააზრებული მათი იდეების განხორციელებადობა,  შედეგობრიობა, რაც მმართველ პოზიციაზე მოსვლის შემდეგ,  მოსახლეობის დიდი ნაწილის იმედგაცრუებას იწვევს.

ერთი მხრივ, სასიამოვნოა იდეის ტრენდულობა, ევროპისკენ სწრაფვის პოპულარიზაცია და ამის  სასარგებლოდ კამპანიების ორგანიზება, თუმცა, ჩემი აზრით, მოცემულ ეტაპზე ყველაზე მეტად გვჭირდება საღად გააზრებული, გაანალიზებული და ჩვენი თუ სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებული ევროპის მიღება, რომელიც მხოლოდ ფარატინა ფურცელზე გამოცხადებულ ევროკავშირის წევრობას კი არა, პროგრესულ, ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას გულისხმობს – გულისხმობს განვითარების ნებას მოქალაქეებში, სიახლისკენ და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვას, ნაკლებ დემაგოგიას პოლიტიკური ელიტების მხრიდან, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისას თუ გადაწყვეტისას მოსახლეობის მეტ ჩართულობას,  სამართლიან არჩევნებსა და კანონის უზენაესობის პრინციპს. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალი ღიაა და მოიცავს ეფექტური სახელმწიფოს შექმნისა და განვითარების ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს.

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.