მთავარი,სიახლეები

წესრიგს მივეჩვიოთ, დროისა და შრომის ფასი ვისწავლოთ – რატომ ევროპა

17.12.2017 • 2995
წესრიგს მივეჩვიოთ, დროისა და შრომის ფასი ვისწავლოთ – რატომ ევროპა

თაკო ნინიძე, სტუდენტი

ვინ ითვლება ნამდვილ ევროპელად? რა წარმოადგენს ხიდს საქართველოსა და ევროპულ ფასეულობებს შორის? რა ითვლება ევროპულ ფასეულობად?

ჩვენ, ქართველები, უძველესი ერი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და ტრადიციების მქონე ქვეყანა ვართ. პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ ადრეულ წლებში გადავდგით ევროპისკენ, საწყისად იბერია – რომის ურთიერთობები ავიღოთ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე იმპერატორმა ანტონიუსმა ფარსმან ქველს უმასპინძლა და სწორედ მისი ბიუსტი დადგა რომის ცენტრში, როგორც სიმბოლო იბერიელთა სიძლიერისა.

მეცნიერისა და დიპლომატის სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისიაც, საქართველოს ევროპული საგარეო პოლიტიკის გამყარება გახლდათ. ქართველები თავისი არსებობის განმავლობაში მუდამ ცდილობდნენ ევროპული კედლის გარღვევას, მთავარ ხიდს კი ქრისტიანობა წარმოადგენდა. ქვეყნის წარმატების გარანტი და სახელმწიფოს საყრდენი – დემოკრატია, სწორედ ევროპიდან იღებს სათავეს.

დღეს ჩვენ გვინდა ევროპა, უფრო მეტიც, „ევროპელები ვართ!“ რა მოვუხერხოთ ქართულ მენტალობას?  რუსულ მონობაში ორსაუკუნოვანმა ცხოვრებამ, სრულიად გადააგვარა და შეცვალა ქართველი ერი. ადამიანების ნაწილისთვის საოცნებო თავისუფლებაა 37 მანეთი, მითები რუს ქალებზე, საბჭოთა კავშირის იაფ საჭმელ-სასმელი და „კეთილმეზობლური“ ურთიერთობა „ერთმორწმუნე“ რუსეთთან.

ევროპაზე საუბრისას, ჩვენ ბევრი რამ სხვანაირად გვგონია და გვახსენდება. მაგალითად ის, რომ მასთან დაახლოება სარწმუნოებას, ტრადიციას და „ქართველობას“ წაგვართმევს. თუმცა გვავიწყდება, რომ სწორედ ევროპული ფულით შეკეთდა და რესტავრირდა არა ერთი ქართული ტაძარი, არქიტექტურის ნიმუში თუ რელიკვია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპა გარყვნილების ბუდეა, სადაც ოჯახს პატივს არ სცემენ და 18 წლის ასაკში უშვებენ ბავშვებს სახლებიდან. ჩვენთან კი 30-40 წლის ხალხი ისევ მშობლებთან ცხოვრობს და თავსაც მათი დახმარებით ირჩენს. ვეწინააღმდეგებით ანტიდისკრიმინაციულ კანონს ისე, რომ გადაშლა და შიგნით ჩახედვაც არ გვინდა. კატეგორიულად ვემიჯნებით სქესობრივი განათლების შესახებ ინფორმაციის სკოლებში შეტანას, მორიდებით ვფურცლავთ ბიოლოგიის წიგნს, როცა მსგავს თემას ვუახლოვდებით. წინააღმდეგი ვართ ქორწინების გარეშე ერთად ცხოვრებაზე და 14-16 წლის არასრულწლოვნებს სიხარულით ვათხოვებთ, ოჯახს „ვაბარებთ“.

ევროპა დემოკრატიულ ღირებულებებზე დგას. აქ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა მაშინ, როდესაც რუსეთში განსხვავებული აზრის გამო ტერორსა და შეზღუდვებში ცხოვრობენ. ევროპაში მედიის თავისუფლებაა, რაც დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ინდიკატორია.

მთავარ ევროპულ ფასეულობად მიმაჩნია ჰუმანიზმი და ლიბერალიზმი. ისინი წინა პლანზე აყენებენ ადამიანებს და მათ პიროვნულ თვისებებს. ევროპა პატივს სცემს სექსუალურ ურთიერთობებს, თუმცა ჩვენთვის, სადაც ძირითად ღირებულებად ტრადიციები მოიაზრება, ეს სოდომია. ჩემთვის ევროპა განიხილება როგორც განათლების კერა. მათ ჰყავდათ მსოფლიო მოაზროვნეები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო უკეთესობისკენ. ისტორიულად საქართველოს ტერიტორიაზე სახლობდნენ პირველი ევროპელები, ზეზვა და მზია, ეს მიუთითებს, რომ სწორედ აქ დაირწა კაცობრიობის აკვანი.

ევროპული კულტურა გვასწავლის, როგორ ავაშენოთ და დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო, როგორ ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოება. ევროპა გვასწავლის, გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და სხვაგან გაქცევის ნაცვლად მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის წარმატების გზაზე. ჩვენ თვითონ ვნახოთ როგორია გამწვანებული ქალაქები, მოწესრიგებული მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ცდილობს გვანახოს, რომ 50 წლის შემდეგ ცხოვრება არ მთავრდება, რომ მოხუცსაც შეუძლია ფერადი ტანსაცმელი ეცვას და საღამოობით ვალსს ცეკვავდეს.

მართალია, დიდი კულტურისა და ისტორიის ერი ვართ, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, აღარ გვაქვს ყოფითი კულტურა და ქართულ უწესრიგობას, ნაცნობობა – საქმის „ჩაწყობას“ ეწირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი – ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. დროა ჩამოვყალიბდეთ საღად და რაციონალურად მოაზროვნე ერად, მოვიდა დრო შევიგნოთ ძირითადი ფასეულობები, რაც ევროპას გააჩნია და რასაც უნდა მივიღწვოდეთ. ევროპული საზოგადოება კი არის: განათლებული, განსხვავებული აზროვნების შემწყნარებელი, სამოქალაქო თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის მწვერვალი, საზოგადოება, რომელმაც იცის სამშობლოს სიყვარული და აქვს სახელმწიფოებრივი ცნობიერება.

ისტორიულად ყოველთვის ვიყავით ევროპული კულტურის ნაწილი და ახლა უკვე დროა შინ დავბრუნდეთ. უნდა მოვინდომოთ და უარი ვთქვათ სიყალბესა და თვალთმაქცობაზე, წესრიგს მივეჩვიოთ, დროისა და შრომის ფასი ვისწავლოთ, ერთმანეთი შევიყვაროთ და განსხვავებულიც შევიწყნაროთ…

ჯერ ისევ გზაში ვართ, სახლამდე არც ისე შორია!

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: