მთავარი,სიახლეები

რატომ ევროპა? – მინდა საღამოობით ბაბუასთან ერთად სალსას ვცეკვავდე

17.12.2017 • 5841
რატომ ევროპა? – მინდა საღამოობით ბაბუასთან ერთად სალსას ვცეკვავდე

ლიზა კახაბერიძე, მეათე კლასის მოსწავლე

„ევროპა – თუნდაც იმიტომ, რომ ვნახოთ, შეიძლება მოხუცებსაც ეცვათ ფერადი ტანსაცმელი, ველოსიპედებით სეირნობდნენ და საღამოობით სალსას ცეკვავდნენ“, – ეს სიტყვები თანამედროვე ქართველ  მწერალს, ლია ლიქოკელს ეკუთვნის. როცა პირველად წავიკითხე ეს ფრაზა ძალიან გავმხიარულდი,  წარმოვიდგინე როგორ სეირნობს ველოსიპედით, წითელ შარვალში, ზოლიან წინდებსა და ჭრელ ჰალსტუხში  გამოწყობილი ბაბუა. ერთდოულად სასაცილო და სასიამოვნო სანახავი იქნებოდა.

მართალია, ლიქოკელი, მე, ჩემი მეგობრები და კიდევ ბევრი, ვირჩევთ ევროპას,  მაგრამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, არ მოსწონს „ევროპელობის“ იდეა. ვფიქრობ, ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ფერადი ტანსაცმლის ჩაცმის ერიდებათ ან ცეკვა არ იციან. ალბათ უფრო ის, რომ ეშინიათ. ეშინიათ იმის, რომ ევროპაში შესვლით დავკარგავთ ტრადიციებს, კულტურას, რელიგიას და, ზოგადად, ყოველივე ეროვნულს, რომელთა შენარჩუნებისთვისაც საუკუნეების განმავლობაში უამრავი ბრძოლა გადავიტანეთ. ჩემი აზრით, ამ შიშების საფუძვლიანი მიზეზი არ არსებობს და ევროპაში შესვლა სულაც არ ნიშნავს ქართველობის დაკარგვას.
საქართველო უკვე წლებია ცდილობს რეალურად გახდეს ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. და როცა ვიზალიბერალიზაციით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ამ „სანუკვარი ოცნების“ ასრულებისკენ, საზოგადოებაში თანდათან გახშირდა ანტიდასავლური პროპაგანდა. სწორედ ეს პროპაგანდაა მოსახლეობაში გაჩენილი ანტიევროპული განწყობის მიზეზი.
ანტიდასავლური მედიასაშუალებების ძირითადი არგუმენტი ერთნაირსქესიანთა ქორწინებაა. მეც, ძალიან ხშირად მსმენია ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან, რომ თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით, აუცილებლად მოგვიწევს დავაკანონოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება. რეალურად კი,  ევროკავშირი მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლებები იყოს დაცული, განურჩევლად მათი სქესისა, ორიენტაციისა, რასისა, ეროვნებისა და ა.შ.
იმედი მაქვს, მალე შესუსტდება ამ პროპაგანდის გავლენა და გაიზრდება სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ილია წერდა, რომ „ევროპული ფასეულობები ჩვენთვის ყველაზე ღირებულია. ის უნივერსალური ხასიათისაა და ყველასთვის ერთნაირად არის მისაღები. ამ ღირებულებების განხორციელებით ჩვენ შევძლებთ დავიცვათ მთელი ერი, თითოეული ადამიანი და მათი ბედნიერება და კეთილდღეობა სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი გახდება. ჩვენ მივიღებთ თანასწორობას, დაცულობასა და ჰარმონიას.“

ევროპაში შესვლით ჩვენ გავეცნობით ახალ კულტურას, დავნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს. შევქმნით განათლების ძლიერ სისტემას, რომელიც დღეს ასე ძალიან სჭირდება საქართველოს.

მე ვირჩევ ევროპას, რადგან მინდა ვიცხოვრო თავისუფალ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებულ ქვეყანაში, სადაც იქნება სიტყვის, აზრის, მედიის, რელიგიის თავისუფლება.
მე ვირჩევ ევროპას, რადგან მინდა საღამოობით ბაბუასთან ერთად სალსას ვცეკვავდე.
მე ვირჩევ ევროპას, რადგან „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია.“
მე ვირჩევ ევროპას, რადგან  „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.“

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

გადაბეჭდვის წესი


ასევე: