მთავარი,სიახლეები

მუსიკა, როგორც ყოფილი პატიმრის შუქი მომავლისკენ

16.12.2017 • 3078
მუსიკა, როგორც ყოფილი პატიმრის შუქი მომავლისკენ

საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ხმის ჩამწერი სტუდია მოაწყო, ხალხური სიმღერის ანსამბლში დაიწყო სიმღერა და მიხვდა, რომ მუსიკა იყო  საქმე, რომელიც სამომავლოდ უნდა ეკეთებინა. ბედნიერია და თავს კარგად გრძნობს. ოზურგეთის ხმის ჩამწერ პატარა სტუდიაში ყოველდღიურად ფუსფუსებს. დიდი სამომავლო გეგმების განხორციელებას, რომელიც ისევ მუსიკას უკავშირდება მუდმივი შრომა სჭირდება. ყოფილი პატიმარი, გრიგოლ მახარაძე საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიამბობს:

„მეგობართან ერთად ხმის ჩამწერი სტუდია გავხსენი ოზურგეთში, ჩვენივე აპარატურა გვაქვს. ეს არ არის სტაბილური სამსახური, მაგრამ დღესასწაულებზე, სასწავლო წლის დასაწყისში, წლის დასასრულს გვაქვს ხშირად შეკვეთები, ფონოგრამებს ვწერთ ღონისძიებებისთვის.

ხანდახან ქორწილში დედოფალი წერს საიდუმლოდ რამე სიმღერას საქმროსთვის, ან საქმრო საცოლისთვის, რომ ქორწილში ერთმანეთს სიურპრიზი მოუწყონ. ელექტროგიტარაზე ვუკრავდი ადრე სოლო პარტიებს ერთ-ერთ როკ-ჯგუფში, ის ბენდი ისევ არსებობს, მე რაღაც დროის მერე თბილისიდან ჩემს რაიონში, ოზურგეთში დავბრუნდი და აქ დავიწყე საქმიანობა“, – გვიყვება გრიგოლ მახარაძე.

საყვარელ საქმეს აკეთებს, მუსიკალურ პროგრამებზე მუშაობს მეგობართან ერთად, რომელიც ხმის რეჟისორია. მუსიკა გრიგოლის გატაცება და უკვე პროფესიაცაა. ამბობს, რომ ოზურგეთის ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობისას ბევრ უცნაურ და საინტერესო ადამიანს ხვდება.

ოცნებობს კონცერტების გასამართად საჭირო აპარატურა ჰქონდეს, ბენდი გააკეთოს და საქართველოს პატარა ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში კონცერტები ჩაატაროს. აქამდე ყოველთვის სხვადასხვა ჯგუფში უკრავდა სოლო გიტარის პარტიებს და ცალკე თავისი ნამუშევრები არავისთვის მოუსმენინებია, სიმღერები და სოლოჩანაწერები დაუგროვდა და მიიჩნევს, რომ მომავალში კონცერტებზე შეიძლება მსმენელს თავისი მუსიკის ცოცხალი შესრულება შესთავაზოს:

„ზაფხულობით ბათუმის კლუბებში, ბარებში ვუკრავთ ხოლმე ბენდთან ერთად, მაგრამ ეს სეზონური სამუშაოა, დროებითი. ვუკრავდით ერორ 404-ში და ბაიკერების ბარში: Freedom Lovers Bar.

გრიგოლ მახარაძის ჩანაწერებს, შეგიძლიათ Soundcloud-ზე მოუსმინოთ.

„Abandoned Memories”

 

„One Day Of Summer”

ვოცნებობ იმდენი საშუალება გამოვნახო ჩემივე ბენდის საქველმოქმედო კონცერტები მოვაწყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. დიდი დახმარება გაუწია ჩვენი ხმის ჩამწერ სტუდიას და პირადად მე დემოკრატიის ინსტიტუტმა და გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა,  ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მათ ელექტროგიტარა Schecter C7 გადმოგვცეს.

მუსიკის და ინსტრუმენტის გარეშე არ შემიძლია. გიტარა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნივთია. ამ საქმით თავის რჩენა საქართველოში ზღაპარია, მაგრამ რაც იცი და გიყვარს, იმას უნდა აკეთებდე მთელი გულით. არ ვიცი სხვა საქმე ასე გამომივიდოდა თუ არა“, – ამბობს გრიგოლი და ბავშვობას იხსენებს, როცა ბებია ოცნებობდა შვილიშვილი ექიმი ჰყოლოდა:

„ასე უნდოდა ბებიას, მაგრამ მუსიკოსი შერჩათ ხელში, თუმცა არავის გაკვირვებია: ბებია, ბაბუა, დედ-მამა, ყველა კარგად მღეროდა ჩვენს ოჯახში, მახსოვს ბებია შვიდსიმიან გიტარაზეც უკრავდა. ჩვეულებრივ ამბად მიიღეს ჩემი მუსიკისადმი ლტოლვა და ინტერესი. მეუღლე და ორი შვილი, გოგო-ბიჭი მყავს – 14 და 15 წლის, მგულშემატკივრობს ოჯახი. ყველა პროექტი იციან, რაზეც ვმუშაობთ ხოლმე სტუდიაში და საერთო ფაციფუცში არიან ჩაბმულები“.

გრიგოლ მახარაძის ხმის ჩამწერი სტუდია  გურულ როკ-ჯგუფ „ლურჯ იალქანთან“ თანამშრომლობდა, ერთად წერდნენ სიმღერებს, მერე „ლურჯი იალქანი“ ბათუმში გადმოვიდა.

გრიგოლს მეგობართან ერთად ოზურგეთის მოზარდმაყურებელთა თეატრში მიუზიკლი: „სკოლა იქსი“ აქვს დადგმული, რომელშიც თეატრის მსახიობები თამაშობდნენ. მიუზიკლი სკოლის მოსწავლეების უფროსებთან ურთიერთობას, ამ ასაკის თავისებურებებს და თინეიჯერების ზოგად პრობლემებს ეხებოდა. სტუდია ასევე თანამშრომლობს ოზურგეთის კულტურის ცენტრთან და მზად არის გურიის რეგიონის ნებისმიერ მცხოვრებს მოემსახუროს ხმისა და ფონოგრამის ჩაწერის სერვისით.

                                                     გრიგოლ მახარაძე

გრიგოლ მახარაძე საპატიმროდან 2007 წელს გათავისუფლდა. ამ წლებზე საუბარი არ სურს. ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა ოდესმე გისოსებს მიღმა თუ აღმოჩნდებოდა. მოულოდნელი, უსიამოვნო სიურპრიზი ცხოვრებისგან მშვიდად მიიღო და საკანში ყოფნისას ბევრი თავისუფალი დრო ინგლისურის გაკვეთილებით შეავსო: მოიმარაგა წიგნები, ვინც საერთოდ არ იცოდა ენა, თავიდან დააწყებინა სწავლა, ვინც იცოდა, მათ გასაუმჯობესებელ სავარჯიშოებს აკეთებინებდა და ასე აქცია ციხის წლები საგანმანათლებლო პერიოდად.

„ყველაფერი რაღაცისთვის ხდება“, – ამბობს გრიგოლ მახარაძე. – „ციხემ რაღაცები მასწავლა კიდეც, მაგალითად ის, რომ როცა ცხოვრება ახალ შანსს, ახალ გზებს გთავაზობს, აუცილებლად უნდა იყო აქტიური, მონდომებული, პასიური წლების ასანაზღაურებლად და წინ წახვიდე.

ხალხურ ანსამბლ „ვახტანგურში“ დავიწყე სიმღერა გათავისუფლების შემდეგ და მივხვდი – მუსიკა იყო წარსულის ცუდი გამოცდილების გადაფასებისთვის საუკეთესო საშუალება, კეთილი, თბილი შუქი, რომელიც მომავლის გზას მინათებდა. კარგად ვარ, საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ჩემი მთავარი საქმე მინდა ყოველთვის მუსიკა იყოს“.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: