მთავარი,სიახლეები

სხვა გზას ჩვენ არ ვირჩევთ, არამედ მიგვათრევენ – რატომ ევროპა

16.12.2017 • 3386
სხვა გზას ჩვენ არ ვირჩევთ, არამედ მიგვათრევენ – რატომ ევროპა

მალხაზ რეხვიაშვილი, სტუდენტი

არსებობდა „სახელმწიფო“, რომელშიც ყველას ყველაფერი ჰქონდა, ყველა მუშაობდა, ყველა მოგზაურობდა და მსოფლიოს 1/6-ზე გადაჭიმულ უზარმაზარ ტერიტორიაზე თავს ყველა მეფესავით გრძნობდა. ადამიანებს ამ სახელმწიფოში ისე მოსწონდათ ცხოვრება, რომ მათ განსხვავებული აზრიც კი არ გააჩნდათ. სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოთა კავშირის/თანამეგობრობის შეფასებისას სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი – განსხვავებული აზრი. მისი არარსებობა იმაზე მიუთითებს, რომ სხვა ყველა სიკეთე, რომელთა შესახებაც შეიძლება გვიამბობდნენ მავანნი, სინამდვილეში ფარსია.

როცა ადამიანები არ კამათობენ იმაზე, რა არის უკეთესი სახელმწიფოსთვის, რეგიონისთვის, მოქალაქისთვის, ქალისთვის, ბავშვისთვის, უმცირესობებისთვის, შშმ პირებისთვის, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და ამ რიგზე ვერ მყოფ რაღაცას ჰქვია თავისუფლება. თავისუფლებას მოკლებული ადამიანები ვერასდროს შექმნიან სახელმწიფოს. მსოფლიოს 1/6-ზე გადაჭიმულ „სახელმწიფოში“ მცხოვრებ ურიცხვ მოქალაქეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ჰქონოდათ ერთი აზრი ყველაფერზე, თუ ფიქრისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება  არ ექნებოდათ.

თუ გავიხსენებთ,  როგორ შეიქმნა თანამედროვე საქართველო, მივხვდებით, რომ ეს იყო ერის მიერ დაფიქსირებული სწრაფვა თავისუფლებისკენ. ხშირად მიფიქრია, რა განსხვავებაა ადამიანსა და ცხოველს შორის? მთავარი განსხვავება სწორედ არჩევანის თავისუფლებაა. ადამიანის უნარი, ისწრაფოდეს ამ თავისუფლებისკენ არის პროგრესის საფუძველი, რომელმაც კაცობრიობა გამოქვაბულიდან ცათამბჯენებში გადაასახლა. ასევეა სახელმწიფოს შემთხვევაშიც – ადამიანთა ერთობა მხოლოდ მაშინ ქმნის სახელმწიფოს, როცა ის თავისუფლებისთვის იბრძვის.

საქართველოს ისტორია სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლაა და ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში არსებობენ მოკავშირეებიცა და მტრებიც. თანამედროვე საერთაშორისო აქტორებს შორის საქართველოს მოკავშირეების აღმოსაჩენად ასევე დაგვჭირდება მარტივი ლაკმუსი – რომელ ქვეყანაშია მეტი განსხვავებული აზრი და, შესაბამისად, მეტი თავისუფლება? მტრების მოსაძებნადაც იმავე მეთოდს უნდა მივმართოთ – სად იდევნებიან მოქალაქეები განსხვავებული აზრის გამო? თუ რუკაზე თვალს ზემოთ (გნებავთ – ჩრდილოეთისკენ) ავაყოლებთ, დავინახავთ მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოს, სადაც განსხვავებული აზრი ჯერ კიდევ არ არსებობს. წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც დღიდან დაარსებისა განსხვავებულ აზრს არ უარსებია. ასეთი ქვეყანაა რუსეთი. მეორე მხარეს კი დგას დასავლური თანამეგობრობა, თავისუფალი ქვეყნების ნებაყოფლობითი პარტნიორობა. შესაბამისად, არჩევა ვისთან გვინდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუ ევროპას ავირჩევთ, ხოლო ზემორე მეზობლები აზრს არც გვეკითხებიან და საკუთარ ორბიტაზე ისე მიგვათრევენ.

წარმოიდგინეთ, რა შეიძლება ხდებოდეს ჩვენს ავტონომიურ რესპუბლიკაში, თუ საქართველო რუსეთის მსგავსი „კვაზი-სახელმწიფოს“ მოკავშირეთა რიგებში აღმოჩნდება. მაგალითისთვის, შეიძლება გვყავდეს აბსოლუტური ძალაუფლების მქონე რეგიონული ავტორიტარი, რომელიც თავის შვილს სახელმწიფო კომპანიის დირექტორად დანიშნავს და ჯერ მენეჯმენტს ასწავლის, ხოლო შემდგომ ამავე ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქის მერად გადმოიყვანს. ეს შვილი კი, წარმოიდგინეთ, შეიძლება ისეთი „გატუტუცებული“ იყოს, რომ სახელმწიფოს ფულით ნაყიდი რომელიმე სუპერქარით გასასეირნებლად ქალაქში ერთადერთი მოწესრიგებული ქუჩა – რუსთაველის ქუჩა გადაკეტოს.

საქართველოს ეს არჩევანი არასდროს არ ყოფილა იოლი და ჩვენს „კეთილისმსურველ ერთმორწმუნეებს“ ჩვენი არჩევანი არც ახლა სიამოვნებთ. რუსული პროპაგანდა და ბრძოლა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროპეიზაციის წინააღმდეგ და, მეტიც, საინფორმაციო ომი ევროპული სახელმწიფოების შიგნით, უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა და ადამიანთა გრძნობებით მანიპულაციებს ჩვენი მეზობლები ყველა ქვეყანასა და რეგიონში სპეციფიკური თემებით, კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული სპეკულაციებით ცდილობენ. გარდა იმ ტრადიციად ქცეული მითისა ოჯახის სიწმინდის, ქართველობის დაკარგვისა თუ საყოველთაო გეიზაციის შესახებ, ჩვენს რეგიონში აქტუალიზებულია თურქეთის თემა. ხშირად გაიგონებთ მითს, რომ აჭარას თურქები გვართმევენ. ამის პარალელურად აღვივებენ მითს იმის შესახებ, რომ აჭარა დედასამშობლოს რუსეთმა დაუბრუნა და ამ მიზნით მე-19 საუკუნეში თურქეთთან იომა კიდეც. მეტიც, თურქეთი ოკუპანტია, რომელმაც ტაო წაგვართვა, ხოლო რუსეთი ჩვენი მოკავშირეა თურქეთის წინააღმდეგ.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს თემებზე სერიოზული აკადემიური კამათი შეუძლებელია, ვინაიდან ამ მითებში ჩანს საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლებისა და პრინციპების, ასევე საერთაშორისო სამართლის ცოდნის კრიტიკულად დაბალი ხარისხი, მაგრამ ჩვენი ვალია, დავიცვათ საღი აზრი.

საღი აზრის გავრცელებაშიც საქართველოს სწორედ დასავლელი პარტნიორები დაუდგნენ გვერდით და მითების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად რამდენიმე პროექტი დააფინანსეს. ერთ-ერთი ასეთი გამოცემაა „ფაქტმეტრიც,“ რომელშიც გამოქვეყნდა ჩემი სტატიაც. სტატიაში საუბარია ყალბ ახალ ამბავზე, რომლის მიხედვითაც „საქართველომ თურქეთის რესპუბლიკას პოსოფი-თურგოზუს გამშვებ პუნქტზე 6 ჰა მიწის ნაკვეთი გადასცა.“ მსგავსი თემებით სპეკულაცია ყოველთვის რუსეთის ინტერესებს ემსახურება და თითქმის ყოველთვის ჩრდილოეთიდან იმართება. რუსეთის ფედერაციის მიზანი საინფორმაციო ომის წარმოებისას, არის არა მარტო მთავარი თემებიდან არარსებულ პრობლემებზე ყურადღების გადატანა, არამედ საზოგადოებაში არსებული სწორი იდეების რუსული ნარატივით ჩანაცვლებაც.

ქართველებმა ევროპა მაშინ აირჩიეს, როცა საქართველოს ტერიტორიაზე პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები გაჩნდა. მას შემდეგ მრავალჯერ ვიდექით გზაგასაყარზე და ყოველთვის ვირჩევდით დასავლეთს. ვირჩევდით იმიტომ, რომ სახელმწიფოებს რაციონალური არჩევანის გაკეთება ახასიათებთ და ევროპა სწორედაც რომ რაციონალური არჩევანია. როცა გვეუბნებიან ხოლმე, რომ ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები, სამართლიანად ვსაყვედურობთ ხოლმე – ჩვენ ამ ოჯახში არა გაწევრება, არამედ დაბრუნება გვინდა, ვინაიდან ჩვენი ისტორიული ადგილი სწორედ ევროპაშია.

საქართველოს პრემიერმა ზურაბ ჟვანიამ ყველაზე კარგად ახსნა ეს ფენომენი: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი (I am Georgian, and therefore I am European).  თუ ისიც გვემახსოვრება, რომ ყოველ დილით ვუთხრათ რუსეთს, „შენ ხარ ოკუპანტი,“ მაშინ არჩევანი ნათელია. უფრო სწორად კი, ერთადერთი არჩევანია, ვინაიდან სხვა გზას ჩვენ არ ვირჩევთ, არამედ მიგვათრევენ.

 

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: