მთავარი,სიახლეები

ქუჩა ბათუმში, რომელსაც მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ვერ კეტავს

16.12.2017 • 3300
ქუჩა ბათუმში, რომელსაც მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ვერ კეტავს

ბათუმში, გოგოლის ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში [ბარცხანაში გადასასვლელი] 20-25 დღით მაინც უნდა გადაიკეტოს. აღნიშნულ მონაკვეთში, მიწაში საკანალიზაციო მილია ჩასადები, რომლითაც თამარისა და ბარცხანის ახალი საკანალიზაციო ქსელი ქალაქის ერთიან ქსელში ჩაირთვება. მიუხედავად ამისა, საპატრულო პოლიცია გზის დროებით გადაკეტვაზე თანხმობას არ იძლევა. „ვერ კეტავენ, საპატრულოში აცხადებენ – იმდენად დიდი ნაკადია ტრანსპორტის ამ მონაკვეთში, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია“ – ამბობენ ბათუმის მერიაში.

წყალარინების მილის გაყვანის სამუშაოები აქ მიმდინარე წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა, მაშინ საპატრულო პოლიციამ მშენებელ კომპანიას სამუშაოების ჩატარების [გზის გადაკეტვის] უფლება „სეზონზე გადატვირთული მოძრაობის გამო“ არ მისცა.

ამ ქუჩაზე გზის სავალი ნაწილიც ამორტიზებულია და ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს. ამ მონაკვეთშია განთავსებული ბათუმის ერთ-ერთი ავტოსადგურიც.

„500 მილიმეტრიანი წყალარინების მილი ქუჩის ამ მონაკვეთში აუცილებლად უნდა გავიდეს. ეს არის ერთ-ერთი მაგისტრალური მილი, რომელმაც თამარისა და ბარცხანის დასახლებების საკანალიზაციო სისტემა ქალაქის ცენტრალურ სისტემას, შესაბამისად, გამწმენდ ნაგებობას უნდა დააკავშიროს. რთული სიტუაციაა იმ მხრივ, რომ ვერ ხერხდება ქუჩის გადაკეტვა, თუმცა ამჯერად ვამუშავებთ სხვადასხვა ვარიანტს – შესაძლოა ოდნავ გადავწიოთ მილი, მაგრამ აქ სასმელი წყლის [ჩაქვისწყლის] მილიც და სხვა მილებიც გადის, შესაძლოა ჯებირზე გავატაროთ, ან იქნებ დავითანხმოთ საპატრულო პოლიცია და გზა ნაწილობრივ მაინც ჩაიკეტოს და მხოლოდ ტრაილერების გატარება მოხდეს. გაზაფხულზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ ზაფხულში ყველა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება გზის ჩაკეტვა. ახალი წლის შემდეგ ალბათ შევთანხმდებით რაღაც სცენარზე“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში ჯაბა ტუღუშმა, ბათუმის მერის მრჩეველმა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში.


სამუშაოებს გოგოლის ქუჩაზე გერმანული „ფაიფერი“ შეასრულებს, რომელიც ქალაქის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კონტრაქტორი კომპანიაა. ეს არის მესამე ფაზა, რომლის ფარგლებშიც ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები, ამ ეტაპზე, ძირითადად, ბონი-გოროდოკის დასახლებაში მიმდინარეობს. მესამე ფაზის სამუშაოები მთლიანობაში 2018 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.

საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია ბათუმში იმ პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით ფინანსდება.

გოგოლის ქუჩა, ბათუმი / 15.12.2017 / როინ გუნდაძის ფოტოები

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: