მთავარი,სიახლეები

ქედის მერის პრიორიტეტები – 2018 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობისთვის თანხა არ გაითვალისწინეს

16.12.2017 • 2289
ქედის მერის პრიორიტეტები – 2018 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობისთვის თანხა არ გაითვალისწინეს

ქედის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოაწყო. ქედაში განსახორციელებელ პროექტებსა და პრიორეტეტებზე მუნიციპალიტეტის მერიის მთავარმა ფინასისტმა ჯემალ ტაკიძემ ისაუბრა, მომავალი წლის ქედის ადგილობრივი ბიუჯეტი 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით, მილიონ 379 ათას 200 ლარითაა გაზრდილი.

ქედის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტით, 9 563 900 ლარია, საიდანაც, ყველაზე მეტი თანხა –  4 430 000 ლარი ინფრასტრუქტურის გამართვას მოხმარდება, 1 248 890 ლარი – განათლებას; , ჯანდაცვასა და სოციალურ პროგრამებზე კი მხოლოდ 767 600 ლარია გამოყოფილი; რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ამ სფეროს განვითარებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ერთი თეთრიც კი არ არის გათვალისწინებული.

ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით პროგრამებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, შესაბამისად, ამ მიმართულებით საჭირო თანხას სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოჰყოფს.

ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვას, ძირითადად, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ბიუჯეტის საჯარო განხილვისას, ქედის საკრებულოს წევრმა ოთარ ხარაძემ, პარკინსონით დაავადებულთა სამკურნალოდ, მიზნობრივი პროგრამის შემუშავება მოითხოვა, ვაჟა ბოლქვაძემ კი მთავარ პრობლემად აიპ-ებში დასაქმებულთა დაბალი ანაზღაურება დაასახელა

„სამარცხვინო ხელფასები აქვთ აიპ-ებში დასაქმებულებს, ვფიქრობ, უნდა მოხდეს გადახედვა და ხელფასების მატება. ბაღებში დასაქმებულებს ხელფასის ოდენობა რომ ჰკითხო, შეიძლება ვერც გიპასუხოს, იმდენად სამარცხვინოა“ – განაცხადა ვაჟა ბოლქვაძემ.

„ღვინის დაყენების დროს ჩაგვიტარეს ვაზის გამოყვანის სპეციფიკაზე ტრენინგი, ვფიქრობ, ასეთ რაღაცეებს ყურადღება უნდა მიექცეს და ტრენინგები შესაბამის დროს ჩატარდეს, პრობლემას კვალიფიციური აგრონომების არარსებობაც ქმნის, საჭიროა იყვნენ აგრონომები, რომლებიც რეკომენდაციებს გაგვიწევენ, რომ არ დავზარალდეთ გლეხები“ – თქვა სოფელ ოქტომბერში მცხოვრებმა ნიაზ შერვაშიძემ.

„სახელმწიფო პროგრამებით, ვაქცინაცია მსხვილფეხა საქონელს იმ დაავადებებზე კეთდება, რომელიც ადამიანზე გადადის, არის ისეთი დაავადებები, რომლებიც ცხოველიდან ადამიანზე არ გადადის, თუმცა ხშირად იწვევს საქონლის დავარდნას, აუცილებელია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდეს ზოონოზური დაავადებების ვაქცინაცია“ – თქვა სოსო შერვაშიძემ, აგროსერვისცენტრის ქედის სამსახურის უფროსმა.

ქედის მერი ლევან გორგილაძე ამბობს, რომ ზოონოზურ დაავადებებთან დაკავშირებით მერია შესაბამის თანხებს გამოჰყოფს, რაც შეეხება ხელფასების მატების მოთხოვნას, მერის თქმით, ამ ეტაპზე ხელფასის მატება შეუძლებელია.

„2018 წლის ბიუჯეტის გეგმა-პროექტში ხელფასების მატება გათვალისიწნებული არ არის იმდენად რამდენადაც ვერ მოესწრო ბიუჯეტში ამის ასახვა, რადგან როცა მოვედით ბიუჯეტის პროექტი უკვე არსებობდა, თუმცა გვექნება აქტიური მუშაობა მთავრობასთან, რომ გამოინახოს ფინანსური რესურსი და ბიუჯეტის კორექტირების დროს გავითვალსიწინოთ ხელფასების ზრდა გარკვეული პროცენტით მაინც, რაც შეეხება ზოონოზურ დაავადებებს, ვმუშაობთ თანხები გამოვნახოთ, თუმცა მიმაჩნია, რომ პროგრამის შემუშავებისას მოსახლეობაც უნდა იყოს ჩართული და პროგრამა თანადაფინასებით განხორციელდეს“ – აცხადებს ლევან გორგილაძე.

ქედის მერიის მთავარი ფინასისტის ჯემალ ტაკიძის ინფორმაციით, 2018 წელს ქედის შემოსავალი იზრდება, ზრდას სოფელ მერისში, ოქროს საბადოდან მიღებული შემოსავლები განაპიროებებს.

„ოქროს საბადოდან მიღებული მოსაკრებელი ქედის ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა შემოვიდეს, გეგმა-გრაფიკით კი 2018 წელს კომპანია, ნედლეულს საბადოდან მოიპოვებს თუ არა, 600 000 ლარი უნდა შემოიტანოს ბიუჯეტში. რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნას დანიშნონ აგრონომები, ჩვენ ვმუშაობთ გავაკეთოთ პროგრამა, გამოვაცხადოთ ტენდერი და ამ გზით მივიღოთ აგრონომიული მომსახურება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციებზე. ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის კი ფინანსურად ყველაზე დიდი პროექტები დაბა ქედისა და აწჰესისის ტერიტორიის კეთილმოწყობაა“ – აცხადებს ჯემალ ტაკიძე.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: