სიახლეები

ენმ-ის წევრი: ახალ აიპიში ხელისუფლებამ ნათესავები დაასაქმა

25.05.2015 • 1470
ენმ-ის წევრი: ახალ აიპიში ხელისუფლებამ ნათესავები დაასაქმა

 

ბონდო თედორაძე: შეიქმნა აიპი სპორტული თამაშების კლუბი ქობულეთი, რომლის მთავარი მიზანი არა კონკრეტული შედეგის მოტანა, არამედ ნათესავების დასაქმებაა. ორგანიზაციის ბიუჯეტი 12 200 ლარია  და აქედან 70%, ანუ 9 000 ლარი იხარჯება სახელფასო ფონდზე, დანარჩენი თანხა ოფისის ფართობის ქირაზე, საკანცელარიო და სხვადასხვა გაუთვალისწინებელ ხარჯებზე. ანუ ჩვენ ვერ ვხედავთ კონკრეტულ მაგალითს, თუ რა შედეგის მომტანი იქნება ეს ორგანიზაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის და რაზე იქნება სამომავლოდ ორიენტირებული.

 

ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ადგილი აქტივისტებისა და ნათესავების დასაქმებისთვის, რაც მარტო ამ აიპის შექმნაში არ აისახება – ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში ბევრი შტატი მოიგონეს იმისთვის, რომ დაესაქმებინათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ნათესავები.

 

შეგიძლიათ თქვათ, ამ კონკრეტულ აიპი-ში კონკრეტულად ვისი ნათესავები დაასაქმეს?

კონკრეტულ გვარებზე ჩვენ ახლა ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ მთავარი რაც არის –  ქობულეთში არის აიპი სპორტსკოლა, რომელსაც აქვს შენობა, ჰყავს დირექტორი, პედაგოგები… ჩვენ საკრებულოს სხდომაზე დავსვით საკითხი, რომ უკვე არსებულ წრეებსა და სპორტსკოლას აეყვანა სამი თანამშრომელი და სპორტსკოლის ბაზაზე ეფუნქციონირა კლუბებს, მაგრამ არა – მოიგონეს სპეციალურად აიპი და დანიშნეს დირექტორი – ბატონი მახარაძე, რომელიც ნამდვილად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო 2012 წელს. ამისი საჭიროება ნამდვილად არ არსებობდა.

 

თქვენს კოლეგას ცოტა ხნის წინ ჰქონდა ბრიფინგი, სადაც მან თქვა, რომ ქობულეთში სპორტისა თუ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ნაკლები ყურადღება ეთმობა, დღეს თანხის არამიზნობრივ ხარჯვად აფასებთ აიპის შექმნას, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით აპირებდეს მუშაობას…


კი ბატონო, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია არ ნიშანავს იმას, რომ რაღაცა  აიპი მოიგონო, როცა გაქვს სპორტული სკოლა და გაქვს სპორტული კლუბები, რის ბაზაზეც შეიძლება გააკეთო საქმე. ერთ შეკითხვას დავსვამ, რა საჭიროა აიპის დირექტორის მოძებნა, როცა გვაქვს სპორტსკოლა და გვყავს დირექტორი.

 

ანუ, თქვენი აზრით, აიპ-ის გახსნა სპორტსკოლის საქმიანობას ხელს უშლის?

დიახ, ხელს უშლის. გამუდმებით გვესმის სხავდასხვა პროექტის უარყოფა – არ გვაქვს თანხები და ვერ ვეხმარებით სოციალურად დაუცველებს, არ გვაქვს თანხები და ვერ ვეხმარებით იპოთეკით დაზარალებულებს. როცა ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა, 12 200 ლარის ხარჯვა აქტივისტების დასაქმებაზე არალოგიკურად მიგვაჩნია და ამას ვაპროტესტებთ. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ორიენტირებულია „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და მათი ნათესავების დასაქმებზე.

 

ოფიციალურ დოკუმენტს თუ იცნობთ, რითაც აიპი საქმიანობს, ან მის ხელმძღვანელთან თუ გქონდათ საუბარი მათი მიზნების შესახებ?

წესდებას გავეცანი, რომელშიც წერია, რომ სპორტული სიჯანსაღის შექმნა აქვთ მიზნად, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული შედეგი. როდესაც აიპი იქმნება, ის უნდა იყოს კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული. ეს ადამიანები, სპორტსმენები  ვინც აქ არიან დასაქმებულები, არ თამაშობენ არც ერთ ტურნირს, არ არიან რეგისტრირებულები არც საქართველოს და არც აჭარის ჩემპიონატზე. სწორედ ამაზეა საუბარი. ქობულეთში, ფიჭვნარის დასახელბაშიც არის სამოყვარულო კლუბები, შახტიორის უბანშიც არის სამოყვარულო კლუბები და ყველას უნდა შევუქმნათ აიპი? გაჩნდა რაღაც ჯგუფების ერთობა, რომლებიც თამაშობდნენ ფეხბურთს და შეუქმნეს აიპი. ეს უნდა იყოს სწორად გათვლილი და დაანგარიშებული და ამიტომ ვაპროტესტებთ, თორემ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო და თანაც ძალიან აქტიურად.

 

თქვენი აზრით, თვენახევარი, რაც აიპი შეიქმნა, საკმარისია აიპის რაღაც ხელშესახები შედეგი დაედო?


არა. თვენახევარი კი არა სპორტულ ცხოვრებაში შედეგი შეიძლება ერთ წელიწადშიც ვერ დადო, მაგრამ ხომ უნდა იყოს გაწერილი, რომ აიპი-ში დასაქმებული სპორტსმენები არიან რომელიმე ჩემპიონატის მონაწილეები.

 

მაინც მინდა გთხოვოთ, იქნებ დაასახელოთ კონკრეტულ ადამიანები, ვინც ახალ აიპი-ში ნათესაობის ნიშნით დანიშნეს?


კონკრეტული ადამიანების დასახელებისგან თავს შევიკავებ.

 

რატომ?

არ შეიძლება რომ თავი შევიკავო?! ამ ეტაპზე ასე ვთვლი საჭიროდ, რომ არ დავასახელო კონკრეტული გვარები.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: