კიდევ ერთ ისტორიულ სახლს ბათუმში დანგრევა ემუქრება

ბათუმში, ლუკა ასათიანის #8-ში, ერთსართულიანი, აგურით ნაშენი ისტორიული სახლის ბედი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჯერ არ გადაუწყვეტიათ. სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ამ სახლის დემონტაჟის სანაცვლოდ ახალი, რვასართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობის შესახებ წინადადება ერთხელ უკვე განიხილა და უარი თქვა.

უარის თქმის მოტივად ზონალური საბჭოს სხდომაზე ახალი პროექტის სიმაღლე დაასახელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლის დანგრევის შესაძლებობა განიხილება. საბჭოს სხდომაზე არც ერთ წევრს არ დაუფიქსირებია პოზიცია იმაზე, რომ ორი საუკუნის წინ აშენებული ისტორიული სახლი ბათუმში არ უნდა დაინგრეს.

„რა თქმა უნდა, არავინ მიუდგა საკითხს ისე, რომ ეს სახლი არ უნდა დაინგრეს. ზონალური საბჭო არის ისეთი ადამიანებით დაკომპლექტებული, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ რა არის კულტურული მემკვიდრეობა. პირიქით, ეს ზონალური საბჭო არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ანადგურებს ისტორიულ ქალაქს. ვამბობ ხუთ ადამიანზე და ორს გამოვრიცხავ. მათ მიერ ერთი გადაწყვეტილებაც არ არის მიღებული. თუ დაითვლი, ნახავ, რომ მათ არასოდეს არ მიუღიათ ძეგლის და, შესაბამისად, ქალაქის სასარგებლო გადაწყვეტილება, რასაც მე ვესწრები და რა დოკუმენტაციაც მინახავს. ამიტომ ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს ზონალური საბჭო გაუქმდეს. ამ სახლში ცხოვრობდა ალექსანდრე თიროშვილი“, – აცხადებს საზოგადოება „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე.

ალექსანდრე თიროშვილი

ისტორიული ცნობების მიხედვით, ეს სახლი მე-19 საუკუნეში აუშენებიათ. ამ სახლში, 1917 წელს ალექსანდრე თიროშვილს უცხოვრია. ალექსანდრე თიროშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი.

შოთა გუჯაბიძემ  მოიპოვა თიროშვილის ხმის ჩანაწერი, სადაც ის ყვება იმ დროინდელ ბათუმზე, როცა ბათუმში სულ რამდენიმე შენობა იყო, ის ყვება ნიკოლოზის ტაძარსა და მეჩეთზე.

„…არ შეიძლება ასეთი მიდგომა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ საბჭოს ფუნქციაც სწორედ ეს იყო, რომ ეს დაგეცვათ. მოგეთხოვებათ პასუხი სულ ყველას სათითაოდ, ვინც კი ამ საბჭოს წევრია და ეს განსაკუთრებით ეხება მერიის სამსახურებს, რომლებიც აქ არის წარმოდგენილი უმრავლესობით… ბოლოს და ბოლოს გაიაზრონ და შეცვალონ პოლიტიკა ქალაქის მიმართ“, – მიმართა ზონალური საბჭოს წევრებს ორგანიზაცია „ბათომის“ თავმჯდომარემ ნინო ინაიშვილმა სხდომაზე მაშინ, როცა საბჭომ განსახილველად ლუკა ასათიანის ქუჩაზე ისტორიული ერთსართულიანი სახლის ნაცვლად ახლის მშენებლობის პროექტი გამოიტანა.

ალექსანდრე თიროშვილი და პარმენ ლორია

ერთსართულიანი, ისტორიული სახლის გვერდით ლუკა ასათიანის #8-ში კერძო პირი ახალი რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს.

პროექტის ავტორმა ზონალური საბჭოს წევრებს სხდომაზე აუხსნა სიმაღლის გამოთვლის პირობაც: „გვერდით მდებარე სახლს გავუთანაბრე“.

ლუკა ასათიანის #6-ში რვასართულიანი სახლი დგას.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი