მთავარი,სიახლეები

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

15.12.2017 • 4542
აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 2 549 330 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების 80 პროცენტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. შესაბამის შესყიდვაზე ტენდერი კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ობსერვატორიის რეაბილიტაცია სხვადასხვა სამუშაოებს გულისხმობს, მათ შორის, დიდი ტელესკოპის AZT-11-ის სამსართულიანი ტერასული შენობის გადაგეგმარებას.

რეაბილიტაციის შემდეგ, ობსერვატორიის პირველ სართულზე განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო სივრცითა და ვირტუალური ლაბორატორიით. აქვე მოეწყობა მცირე კაფე და საპირფარეშოები. მეორე და მესამე სართულებზე შენარჩუნდება შენობის თავდაპირველი დანიშნულებით არსებული სათავსოები და მცირედი გადაგეგმარებით აქ განთავსდება ბიბლიოთეკა და ობსერვატორიის თანამშრომელთა სამუშაო ოთახები.

„რეაბილიტირდება შენობის ტერასული გადახურვები და ფასადები. სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შეეხება შენობაში არსებულ ტელესკოპს და მის ტექნოლოგიურ სათავსებს, რომლებიც თავდაპირველი გეგმარებითაც განცალკევებულია შენობის სხვა სათავსებისაგან. შენობა უზრუნველყოფილი იქნება წყალსადენ-კანალიზაციის, სავენტილაციო და გათბობის სისტემებით. მოეწყობა ინტერნეტქსელი. პროექტით განსაზღვრულია AZT-11-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა – დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენა, ბორდიურების შეცვლა, ტერიტორიაზე შეირჩა ადგილები, სადაც მოეწყობა ავტოსადგომი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ შადრევანს. მოეწყობა გარე განათება, დაიდგმება სანაგვე ურნები,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

რეაბილიტაცია შეეხება აბასთუმნის ობსერვატორიასთან არსებულ საბაგირო გზასაც, ასევე განახლდება სამგზავრო ვაგონი.

საბაგირო გზა აბასთუმანში / ფოტო „ნეტგაზეთის“ არქივიდან

საბაგირო გზის ქვედა სადგური / ესკიზი – სატენდერო დოკუმენტაციიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: